ახალი ამბები

ქობულეთში 16 წლის მოზარდი გაიტაცეს

26 სექტემბერი, 2012 •
ქობულეთში 16 წლის მოზარდი გაიტაცეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტს სოფელ ლეღვადან გუშინ, დღის ექვს საათზე 16 წლის დათო როყვა უცნობმა პირებმა გაიტაცეს. დათო როყვა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ  საქონლის მოსადენად  მიდიოდა, როდესაც მის გვერდით მოულოდნელად გაჩერდა წითელი ფერის ავტომობილი და ის ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში: „სამი პირი იყო, თავზე შავი კოლგოტკები ჰქონათ ჩამოცმული და შავი სათვალეები ეკეთათ. ფიზიკური აღნაგობით მოჭიდავეებს გავდნენ. მითხრეს, მამაშენი და შენი ძმა „ქართულ ოცნებას“ თავს თუ არ დაანებებენ, აგერ, თითს ხომ ხედავ, კიდევ რომ შეგვხვდები, ვეღარ დაინახავო და სახეში დამარტყეს“.

 დათო როყვას ძმა და მამა „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არიან.  

 

 

დათო როყვა ამბობს, რომ ავტომანქანაში  „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთნომრიანი პლაკატები შენიშნა: „თავი რომ დამარტყმევინეს, ქვემოთ შევნიშნე საარჩევნო პლაკატები იყო სააკაშვილის გამოსახულებით დაყრილი“. მისი თქმით, გამტაცებლებმა ის სოფლიდან 60 მეტრის მოშორებით, ჩოლოქთან ახლოს ჩამოაგდეს ავტომანქანიდან და გურიის მიმართულებით წავიდნენ.  

„მე შემეშინდა და პირველად ტყისკენ გავიქეცი. მოგვიანებით მივედი სოფელში, „ქართული ოცნების“ შტაბში და მათ წამომიყვანეს საავადმყოფოში.“

 

 

„ქართული ოცნების“ ქობულეთის შტაბის ხელმძღვანელი ანზორ თხილაიშვილი მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. „საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უკვე სამოცამდე ფაქტია დაფიქსირებული ზეწოლის და ძალადობის და ახლა ქობულეთშიც გადმოინაცვლეს, მაგრამ ჩვენ ყოველგვარ ზეწოლას გავუძლებთ“.  

 

 

ანზორ თხილაიშვილი მომხდარს „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს გელა ცხომელიძეს უკავშირებს. „გატაცებული დათო როყვა გელა ცხომელიძის თანასოფლელია და როგორც ვიცი, მანამდე ცხომელიძეებისგან ყოფილა გაფრთხილება, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩამოშორებოდნენ.  დათოს მამა გოჩა როყვა ჩვენი პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრია. ავტომანქანა, როგორც გავარკვიეთ, „ფოლცვაგენის„ მარკის იყო, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია და ქობულეთში ბევრი არ უნდა იყოს, ასე რომ, მისი მფლობელის დადგენა პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს“ – აცხადეს თხილაიშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, დაწყებულია ძიება ადამიანის გატაცების ფაქტზე, საქმეს  იძიებს  პოლიციის ქვეგანყოფილება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი