ახალი ამბები

ხაინდრავა: მინისტრად ვარ ნამყოფი და არ გამოდის ჩემი ქურდობა

25 სექტემბერი, 2012 •
ხაინდრავა: მინისტრად ვარ ნამყოფი და არ გამოდის ჩემი ქურდობა

“იგი ჩემი მეგობარია და მე ეს არასდროს დამიმალავს, 22 წელი ერთ სახლში ვცხოვრობდით, სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო. მე ჩემს მეგობრებს არ ვემიჯნები, ვერ წავშლი წარსულს, იგი იყო, არის და იქნება ჩემი მეგობარი”.

 

ხაინდრავა ამბობს, რომ აღნიშნული მასალა მაშინ გადაიღეს, როცა ნოემბერში, აფხაზეთის ომის ოციწლისთავზე გამართულ კონფერენციაზე ჩავიდა. მან მართლაც მოინახულა რევაზ ლორთქიფანიძე, რომელიც, მისი თქმით, საავადმყოფოში იმყოფებოდა და მასთან ერთად რესტორანში და შემდეგ ერთ-ერთი ემიგრანტის სახლში მივიდნენ.

 

ხაინდრავა კატეგორიულად უარყოფს რაიმე პოლიტიკური შინაარსის დიალოგის არსებობას მასსა და ლორთქიფანიძეს შორის, მისი თქმით, ის აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში 2008 წლის არჩევნების შემდეგ აღარ ყოფილა.  

 

გოგა ხინდრავა აპირებს მიმართოს საფრანგეთის საელჩოს, რათა აღნიშნულ საკითხზე არსებული ყველა დოკუმენტაცია საჯარო გახდეს. გოგა ხაინდრავას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტისგან, ჟაკ შირაკისგან საპატიო ჯილდო აქვს მიღებული.

 

საფრანგეთიდან მიღებული მასალების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით პროკურატურაში დღეს დაიბარეს გიორგი ხაინდრავა. 

 

პროკურატურის ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომდგენელსა და  საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების  გამოწვევას,  კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას.

 

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, 2011 წლის 9 ნოემბერს კრიმინალური ავტორიტეტის რევაზ ლორთქიფანიძის სახლში შეიკრიბნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები. ამ შეხვედრას ესწრებოდა ვინმე გოგი, რომელიც რეალურად გოგა ხაინდრავა აღმოჩნდა. მასალების მიხედვით, ხაინდრავა ერთადერთი იყო, ვინც ლორთქიფანიძის სახლი იმავე ღამეს არ დატოვა და მხოლოდ 11 ნოემბერს დატოვა მისი საცხოვრებელი.

 

პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალების მიხედვით, ქართველმა პოლიტიკოსმა კრიმინალურ ავტორიტეტებს დახმარება სთხოვა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, სანაცვლოდ კი ისინი “ვარდების რევოლუციამდე” არსებულ მდგომარეობას აღიდგენდნენ და ძველ გავლენას დაიბრუნებენ. 

 

გოგა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრად კონფლიქტების მოგვარების საკითხში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაინიშნა და ეს თანამდებობდა 2006 წლის ივლისამდე ეკავა. ამის შემდეგ ხაინდრავამ ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლა. ამჟამად ის “ამომრჩეველთა ლიგის” წევრია.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი