15:00 ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარეობს ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია. ამ დროისთვის აქციაზე 20 -მდე ჟურნალისტი იმყოფება.

 

 

ჟურნალისტები ცესკოს მიერ გუშინ, 24 სექტემბერს მიღებულ იმ დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებს არჩევნების დღეს ფოტო–ვიდეოგადაღება მნიშვნელოვნად ეზღუდება.

 

მიუხედავად პროტესტისა, მედიისა და არასამათვარობო ორგანიზაციების ნაწილის წინააღმდეგობისა, ცესკომ მისთვის სასურველი გადაწყვეტილება მაინც მიიღო, რომლის მიხედვითაც:

 

1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ. კომისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე.

 

2.დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის კაბინის ფოტოვიდეოგადაღება.

 

3. კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია.

 

4. ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის შენობაში უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილებიდან, საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი.

 

5. მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისთვის ვფოტოვიდეოგადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან.

 

6. ერთიდაიგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს, ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტოვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი, ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია დაიკავოს კენჭისყრის შენობაში გამოყოფილი სპეციალური ადგილი.

 

7. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება იმგვარად, რომ სტაციონალური ვიდეოგადამღები აპარატი იმყოფებოდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე. ადგილი იმგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ ჩანდეს საარჩევნო ყუთი.

 

8. იმ შემთხვევაში, თუკი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს ფოტოვიდეოგადაღების წარმოების უფლებას.

 

აღნიშნული წესებიდან მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებში ყველაზე დიდი პროტესტი ბოლო შეზღუდვამ გამოიწვია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *