„მიშა იყო და იქნება“ – ასეთია ბათუმში აფხაზეთის დასახლებაში მცხოვრები კახა ნადარეიშვილის პასუხი კითხვაზე, დაუკანონა თუ არა მათ მთავრობამ საცხოვრებელი ფართები. ბინები მის მეზობლებსაც დაუკანონეს, მაგრამ მათგან უმეტესობა ჩართულ დიქტოფონთან საუბარს თავს არიდებს. კახას კი არ ეშინია : „მე არ მეშინია, ან რისი უნდა მეშინოდეს? აქ რომ მოვედი, მიშა იყო ჩემი მძღოლი და ჩემი ძმაც მიშასთან მუშაობს. მიშა არის და იქნება.“ ამბობს კახა, მისი მეზობლები კი ჩუმად არიან.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 22-23 სექტემბერს, არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე, მთავრობამ აჭარაში მცხოვრებ დევნილებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში დაურეგისტრირა.
დევნილების წარმომადგენელი ნინო ჭანტურია ამბობს, რომ მეზღვაურთა სახლში მცხოვრებ დევნილებს ფართების საკუთრებაში დარეგისტრირების მოლოდინი აღარ ჰქონდათ, რადგან მათ ეუბნებოდნენ, რომ ყოფილი მეზღვაურთა სახლი, სადაც ისინი ცხოვრობენ, ბათუმის ცენტრალურ ნაწილშია და მათ ამ ფართს ვერ დაუკანონებდნენ, თუმცა ნინოს თქმით, „ამ არჩევნებმა ყველაფერი შეცვალა.“
ე.წ აფხაზეთის დასახლებაში მცხოვრები დევნილების უმეტესობა ჩართულ დიქტოფონთან საუბარს თავს არიდებს. იგივე სიტუაციაა ყოფილ მეზღვაურთა სახლშიც. მათი სათქმელი კი ვისაც საუბრის ჩაწერაზე ვითანხმებ მხოლოდ მადლობაა: „ამ მთავრობით ძალიან კმაყოფილი ვარ, აქ იყვნენ რეესტრის წარმომადგენლები მოსულები და ბინები დაგვიკანონეს. “ – ამბობს ლიანა ბუკია, რომელიც 12 წელია ყოფილ მეზღვაურთა სახლში დედასთან ერთად ცხოვრობს.
„გამომდინარე იქედან, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მთავრობის მხრიდან ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებად აღიქმება. ამომრჩევლის მოსყიდვაზე ვერ ვისაუბრებთ იმიტომ, რომ აქ არ ფიგურირებს პარტია და საარჩევნო მიზანი ცალსახა არ არის, თუმცა ის რომ მსგავსი გადაწყვეტილებები წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა და ის რომ ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა.
უფრო მეტიც, მათ ეუბნებოდნენ, რომ ვერც მოხდებოდა. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ მიიღეს და შესაბამისად ამ ქმედებას საარჩევნო მიზანი აქვს. წინასაარჩევნო პერიოდში როდესაც ამომრჩეველი ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ, ასეთი რამ არ უნდა ფიქსირდებოდეს.“ – ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ირინა ურუშაძე დევნილთა საცხოვრებლების მოულოდნელად დაჩქარებულად დაკანონების გადაწყვეტილებას.
მან წინასაარჩევნო პერიოდში რეგისტრაციის პროცესში მმართველი პარტიის ნუმერაციის დაფიქსირების ფაქტიც გაიხსენა: „იმ ოთახში, სადაც რეგისტრაცია მიმდინარეობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლიკა იყო განთავსებული. ეს ფაქტი ბონში დევნილთა განსახლების ცენტრში დაფისირდა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ აქვს გაწია თუ არა საჯარო მოხელემ აგიტაცია, ის რომ იქ პარტიის სიმბოლიკაა გამოკრული, იქ უკვე ამომრჩევეთა უმრავლესობითვის გასაგები, რომ ეს ხდება წინასაარჩევნოდ. “
დევნილთა წარმომადგენლემა ნინო ჭანტურიამ „ბათუმელებს“ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის დევნილებთან შეხვედრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია „პრეზიდენტის მომხრე დევნილები დაპატიჟეს, ეს იყო მეზღვაურებთან, სადაც ბინები უნდა გადაეფორმებინათ, რათქმაუნდა არჩევნებს უკავშირდება, ჩვენ კი არ დაგვიძახეს. ალბათ იმიტომ, რომ ის ხალხი, რომლებიც უკვე რამდენჯერმე მოტყუებული ყავთ ამომრჩევლებად არ მიაჩნიათ. მე ერთერთმა ჩუმად მომიტანა ამბავი, რომ სადმე დავხვედროდით ჩვენც პრეზიდენტს.
ე. წ. აფხაზეთის დასახლებაში 605 – ოჯახი, მეზღვაუთა სახლში კი 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი ხმას დევნილებისათვის განკუთვნილ საარჩევნო სპეციალურ საარჩევნო უბანზე აძლევენ.