Interviewsახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მეტი ურთიერთქმედება კონფლიქტის ჩასაცხრობად

16 დეკემბერი, 2016 • 4139
მეტი ურთიერთქმედება კონფლიქტის ჩასაცხრობად

პრემიერ-მინისტრმა 2016 წლის 30 ნოემბერს, წინამორბედების მსგავსად, განცხადება გააკეთა, სადაც კონფლიქტების მიმართ ახალი პოლიტიკის საჭიროებას ახსენებს.

ჩვენ, მოქალაქეები, ამ და მსგავს ფრაზებს დიდი ხანია იმ კლიშეებად აღვიქვამთ, რომელთაც ძალზე მინიმალური შინაარსი აქვს და მათზე თითქოს აღარცაა რეაგირება საჭირო. ამასთან დაკავშირებით, მგონი, მართებულადაც, ჩვენი ახალი განათლების მინისტრი გამახსენდა, რომელიც ამ დღეებში ყველგანაა და თან არსად არაა. ,,გამოწვევას“ ,,გამოწვევაზე“ უშვებს საჯარო სივრცეში, და მართალია, ჩვენი უმეტესობა უიმედოდ გაჭედილი სფეროს ამ მესვეურს თვალებდაჭყეტილი და დაბნეული ისე უსმენს, როგორც მულტიპლიკაციური ფილმის სასაცილო პერსონაჟს, მაგრამ ერთი კია – განათლების სისტემის პრობლემებზე ამ დღეებში გაცილებით მეტს ვლაპარაკობთ – უფრო გაბედული ზომების მომხრე რომ იყოს ბატონი მინისტრი, პირველ და მესამეხარისხოვან საკითხებს ერთმანეთში რომ არ ურევდეს, ურთიერთობაში ინტერაქციის პირნციპს უშვებდეს და მოქალაქეების მოსაზრებებზე, იდეებზე დაფიქრებულს ვხედავდეთ, ვფიქრობ, შეიძლებოდა, ამ პროცესს საერთო, გინდაც საზოგადოებრივი დისკუსიის სახეც კი მისცემოდა.

ასევე ვფიქრობ, რომ კონფლიქტების მოგვარების მხრივ ჩვენს სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტი დალექილი და შესანჯღრევი საკითხიც აქვს დაგროვილი. ამ საკითხებს, – ქართველი მასწავლებლების (ამომრჩევლის) უზარმაზარი მასივის აზრისა არ იყოს – დიდი სიფრთხილით ჰკიდებენ ხელს ქართველი მოხელეები: ვინ იცის, რამდენი ტაბუ ამოტივტივდება შენჯღრევისას, როგორ მდგომარეობაში შეიძლება ჩაიგდონ თავი. თუმცა, ალბათ, უკვე ბევრისთვისაა ცხადი, ბატონ პრემიერსაც, კონფლიქტებზე მომუშავე დიდ-პატარა მოხელეებსაც არ აწყენდათ ბატონ ჯეჯელავასავით მაინც გველაპარაკონ: მეტ-ნაკლებად გასაგები ენით გვიამბონ, რომელ საკითხზე რას ფიქრობენ, სად აინტერესებთ ჩვენი აზრი, რომელი საკითხების რევიზირებას მიიჩნევენ საჭიროდ.

მთელი საზოგადოების მოცვა საამისოდ ძალიან ძნელია. თუ საქართველოს მთლიან ტერიტორიაზეა საუბარი, ჩვენ აქ არაერთ მსხვილ და უამრავ ქვეჯგუფად უნდა დაგვყოთ – სწორედ ამიტომ იყოფა სახელმწიფოები უმსხვილესიდან უწვრილეს ადმინისტრაციულ ერთეულებად და თვითმმართველობებად – მათ უკეთ გასაძღოლად, მათ მკვიდრთა სურვილების უკეთ მოსასმენად. თუ საჭიროა, სახელმწიფო ნების და ინტერესის უკეთ მისაწვდენად.

როდესაც სირვცეში რამდენიმე დიდი საგანი/ერთეული არ თავსდება, მათ უფრო მეტ ნაწილებად აქცევენ და ასე უჩენენ ადგილს, საერთო მნიშვნელის მოძებნისას მთელი უფრო მეტად ქუცმაცდება, მაგრამ მისით ოპერირება შესაძლებელი ხდება.
ჩემი აზრით, ეს ერთი ზოგადი პრინციპი – მინიმალურ ერთეულებამდე ჩასვლა, მათი მოსმენა, ამ უმცირესი ჯგუფების დაჯგუფება – ერთმანეთთან დაკავშირება ინტერესების მიხედვით, კონფლიქტების სფეროშიც უნდა მუშაობდეს.

ჩვენ, მოქალაქეები და ისინი, ვისაც დღემდე ჩვენს მოქალაქეებად ვთვლით, ასე ვიყოფით – მსხვილ, მომცრო და ბევრ წვრილ ერთეულებად. მსხვილი დაყოფისას მინიმალურ ელემენტებს – ადამიანებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, მათ შორის ურთიერთქმდება არ ხდება. ამიტომ არც ახალი მოხდება რამე და პროცესის დაძვრასაც არ უნდა ველოდეთ.
ყველაზე მსხვილი დაყოფით, ასე ვიყოფით – საკუთარივ საქართველოს მოქალაქეებად, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ასეთივე რესპუბლიკად. აფხაზეთის მოსახლეობა – საკუთრივ აფხაზურ, ე.ი. აფხაზეთის ნაციონალური პროექტის მხარდამჭერ მოსახლეობად, გალის ქართველობად და იმ რუსულენოვან სეგმენტად, რომლის ნაწილიც ხსენებულ პროექტს უჭერს მხარს, ნაწილი – საკუთარი ინტერესისამებრ მერყევი კატეგორიაა. ეს დაყოფა სულ უფრო და უფრო ქვემოთკენ უნდა გაგრძელდეს – მაგალითად, ეთნიკური აფხაზები, უხეში დაყოფით, ,,არქაულ“ (როგორც თავად აფხაზი ჟურნალისტებიც მოიხსენიებენ) ნაციონალისტებად (დაახლოებით ის ძალა, რომელიც ძალაუფლებაშია, რომელსაც ეკუთვნის აბორტის აკრძალვის კანონპროექტის ინცირება და ა.შ.), მეტ-ნაკლებად მედასავლეთე კატეგორიად (უფრო მეტად, არასამთავრობო სექტორი და მისი მიდამოების წრეები) და ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც ამ ორ პოლუსს შორის დიაპაზონს შეადგენენ – ეს მასივი, ორიენტაციისდა მიხედვით, ქართულ მხარესთან მეტი, ნაკლები ურთიერთქმედების ან მისგან იზოლირების მომხრეა, თუმცა არიან ადამიანებიც, რომელთა ხმაც არ ისმის, მაგრამ საზოგადოების ერთ ნაწილს მაინც შეადგენენ – ეს ალბათ უფრო მაინც ის კატეგორიაა, რომელიც აფხაზურ პროექტზე უარს არასდროს იტყვის, მაგრამ ურთიერთქმედებას ემხრობა – პროფესიული, ბიზნეს ან სხვა რამ ინტერესების გამო, თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ მოსახლეობასთან თანაცხოვრების პოზიტიური გამოცდილება აქვს (კარგი მეზობლობის, ნათესაური გამოცდილება -უფრო ქალაქების, ალბათ, სოხუმის და გაგრის მოსახლეობა), ვისაც ეს ეთნოარქაიკა აშინებს და რატომღაც დარწმუნებული ვარ, სოხუმის, გაგრის მოსახლეობის ეთნიკურ სიჭრელეს, როგორც ამ საფრთხის გამანეიტრალებელ გარემოს, გარკვეული ნოსტალგიით იხსენებს). ეს კატეგორიებიც არაა შერეული. მაგალითად, ამ წლების განმავლობაში ახალი პოლიტიკური ძალის წიაღშიც გამოჩნდა ხალხი, ვინც რუსეთიდან ფინანსური შენაკადების შეჩერების და საკუთარი რესურსების მოძიებას ემხრობოდა, თუმცა აფხაზეთში არავის მოუვა აზრად, პროქართულ ფიგურებად მიიჩნიონ ისინი. ანუ – მოსახლეობის ჯგუფებად დაყოფა ასეთ ზედაპირულ დონეებზე არ ჩერდება, უფრო და უფრო დეტალიზებითაა შესაძლებელი და ქართული საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფებთან ურთიერთქმედების შანსიც ასე უფრო მატულობს.

პროფესიული კონტაქტების მიღმა ბევრი შესაძლებლობები შეიძლება იმალებოდეს, რადგან ძალზე ბევრია საერთო პრობლემა. ენერგეტიკის სფეროს მაგალითად აღარც მოვიყვან, ეს შედეგიანი, გარკვეულ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობის, ალბათ, ყველაზე კარგი თვალსაჩინოებაა. დეტალიზებიდან და ფართო ხედის ფოკუსიდან თუ უკან, საპირისპირო მიმართულებით ამოვბრუნდებით, მთელ ამიერკავკასიას, სამივე სახელმწიფოს და სამ არაღიარებულ რესპუბლიკას აქვს პრობლემური სფეროები, სადაც კონსოლიდრებით, საერთო ფრონტად არის საჭირო ბრძოლა. შესაძლოა, ისტორიული ძეგლების, ჩვენი ქალაქების ძველი და განწირული უბნების გადასარჩენად გაერთიანება სწორედ ამ საერთო ჩართულობის წყალობით გახდეს შესაძლებელი – ანუ იქ, სადაც ძნელად შესაკრებია სომეხი და აზერბაიჯანელი, ქართველი და აფხაზი და ა.შ. მოქალაქე – საერთო მონაწილეობა სწორედ ამ საერთო კავკასიური კონტექსის მიცემით გახდება მათთვის სასურველი.

საერთო პრობლემებთან გასამკლავებლად საერთო ამიერკავკასიური კონტექსტის მიცემა კიდევ ერთი საინტერესო და აუცილებლად გამოსაცდელი ხერხი ჩანს. მაგალითად, საინტერესოდ წარმომიდგენია შეხვედრები, სადაც ერთმანეთს მოუსმენენ ქართველი დევნილი ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზური მხარის, ყარაბაღის და ქართული მხარის ესა თუ ის წარმომადგენლობა, არასმთავრობო იქნება, შერეული თუ რომელიმე საერთაშორისო ფორმატში, სამთავრობოც – რატომაც არა.

ჯგუფების მაქსიმალურად დაყოფა- დეტალიზების იდეა ისაა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაინახოს პირისპირ მოწინააღმდეგე მხარის ადამიანი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა აღიქვას მტერი ადამიანად. ეს დიდი ხანია ძალიან აშკარა საჭიროებად მეჩვენებოდა, რადგან ორივე მხარეს არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ინტენსიურად ხვდებიან ერთმანეთს წლების განმავლობაში, ადამიანური კონტაქტი კი არა, მეგობრობაც დამყარებული აქვთ, მოსწონთ ურთიერთობა, ერთმანეთი, ერთმანეთისთვის დათმობაც შეუძლიათ – მაგრამ პრობლემა იქ ჩნდება, როდესაც ეს ადამიანები შინ ბრუნდებიან და იმ დამოკიდებულებებს აწყდებიან, რაც მათ უკვე დიდი ხანია გადალახული აქვთ. დიდი გამბედაობა სჭირდება გამყარებული დამოკიდებულებების გარღვევას. ყველას არ ყოფნის, საკუთარ თანამოქალაქეებთან ბრძოლის რეჟიმში ცხოვრება ყველას არ შეუძლია. ყველაზე დიდი მიღწევა კი ის იქნებოდა (ძნელი მისაღწევია, მესმის), სამთავრობო სექტორები თუ არა, შერეული ჯგუფები ხვდებოდნენ ერთმანეთს.

სიმართლე რომ ვთქვა, ჩვენი განათლების მინისტრის დამაბნეველ მცდელობებს რომ ვხედავ, სულ ეს მახსენდება. ხომ შეიძლება, ვინმე ასე, პროვოკაციულად, მაგრამ პირველხარისხოვან სადავო საკითხებზე გველაპარაკოს სოციალურ ქსელებში, ტელევიზორიდან, მედიის სხვა საშუალებებიდან?! დაიწყეთ საზოგადოებრივი დისკუსია იმის შესახებ, რა უნდა ვიცოდეთ აფხაზეთის შესახებ (ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვეაში პრობლემათა რიგი ოდნავ სხვაგვარად გამოიყურება), რისი დათმობა შეგვიძლია ახალი ცოდნის გათვალისწინებით.

საამისოდ გარკვეული სამსახური უკვე გასწია სოციალურმა ქსელებმა, მაგრამ ამ უეცარ სიახლოვეს დავიწყებულ ,,მტერთან“ ხომ მეორე მხარეც აქვს – ზოგ შემთხვევაში აქვე ცოცხლდება მოწინააღმდეგის დავიწყებული აგრესია, დავიწყებული ტაბუები, მცდარი წარმოდგენები. ეს ნახევრად ანონიმური ურთიერთობის თანამდევი რამაა. თუმცა, ჩემი აზრით, ამ სივრცის გამოყენება ბევრად ნიჭიერად და პატიოსნად შეიძლება, დაკვეთილი უძვირესი კლიპების, ნიანგის ცრემლების ღვრის გარეშე. როგორც ვიცი, გარკვეული თანამშრომლობა უკვე მიმდინარეობს საარქივო სფეროში. ის, რაც ჩვენს არქივებში იმალება, ორივე მხარეს გვაინტერესებს. თუ ნიჭიერი და ღრმა, სამართლიანი მიდგომის მომხრე ადამიანები მოჰკიდებენ საქმეს ხელს, არაჩვეულებრივად საინტერესო გადაცემების გრძელი ციკლიც კი შეიძლება გამოვიდეს გაწეული სამუშაოს მასალებით. მოვუყვეთ ერთმანეთს და საკუთარ თავს სიმართლე. თუ შესაძლებელია, გამოვიწვიოთ ტელეხიდებში – ძალიან კარგად მახსოვს, 1997 თუ 98 წლის ერთ-ერთ პირველ აფხაზურ-ქართულ შეხვედრაზე, რომელიც აფხაზეთში შედგა, პირველივე დღეს, ერთ-ერთმა სოხუმელმა სწორედ ეს მოითხოვა ტელეხიდი – დაკარგული შესაძლებლობების ფონზე დაუჯერებლად ჩანს, მაგრამ მაშინ ნამდვილად იყო აგრესიის დაძლევის მცდელობა. ჩვეულებრივ აფხაზ მოქალაქეს ქართველი ვიზავის სახის დანახვა უნდოდა. ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამ სურვილის გაცოცხლება?

როდესაც ურთიერთქმედებაზე ვწერ – ეს სულ აღსანიშნი მგონია – იმას არ ვგულისხმობ, რომ მეორე მხარეს მარგინალური, საკუთარი საზოგადოებისთვის გაუგებარი ტიპაჟები, სულ საკუთარი მხარის ,,მოღალატეები“ გვყავს საპოვნი. ურთიერთქმედება არაპროგნოზირებადი პროცესია. არასამთავრობოთა წარმომადგენლების შეხვედრებისა და მეგობრობისა არ იყოს, როდესაც ორი მხარე ერთმანეთს ფართო ,,ფრონტად“ ეხება, სიტყვა უშუალოდ მიდის ადრესატთან, ნაკლებია ვიღაცის ინფორმირების, დარწმუნების საჭიროება.

გარე აქტორებთან ურთიერთობაც, შესაძლოა, იმის მიხედვით და იმ ინტენსივობით ღირდეს, რაც ამ ჭრელ კალეიდოსკოპს კი არ დაშლის, არამედ უფრო მეტ ელემენტს შეკრავს – და პირიქით, რაც მეტი ასეთი შემკვრელი გარე აქტორი იქნება ჩართული კონფლიქტებზე მუშაობაში, შედეგიც მეტი იქნება. ამ ფონზე დასაფიქრებელია, რომელ ტიპს უნდა მივაკუთვნოთ, მაგალითად, რუსული ე.წ. რბილი ძალის წარმომადგენლები, რომელთა ვიზიტებს საქართველოში და უკან გადაპატიჟებებს ძალიან სასარგებლოდ მიიჩნევს საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება – ეს ვიზიტები დაახლოებით ერთნაირად აღიზიანებს საქართველოსა და არაღიარებული რესპუბლიკების ბევრ მოქალაქეს.

ამასობაში, სწორედ ამ დღეებში კავკასიური სახლის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართული სახელმწიფო ყოველწლიურად 88,5 მილიონ ლარს ხარჯავს კონფლიქტებზე – საოცარი ისაა, რომ ამ თანხაში თურმე ყოველთვიური შემწეობების წლიური ჯამი არ შედის – ეს სულ ცოტა 120 მლნ. ლარი იქნებოდა. ყოვლად აბსურდულად და მართლაცდა დასაცინად, ჩვენ დღემდე გვყავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელშიც 600 პირი მუშაობს ( სულ მინდა, წარმოვიდგინო, რა სამუშაო აქვს ამ 600 ადამიანს და არ გამომდის) და რომლის არსებობა სახელმწიფოს 13,4 მლნ. ლარი უჯდება. თუკი ვიკითხავთ, რაში იხარჯება განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის განკუთვნილი ყოველწლიური 70 მლნ. – ალბათ, ამ ხარჯვის ძირითად სფეროდ დევნილებისათვის ბინების მშენებლობა – შესყიდვას დაგვისახელებენ.

ჩემი ამოცანა არ არის აქ ამ და სხვა, ვთქვათ, წინა წლებში დახარჯული თანხების თვლა და შეჯამება  – სხვა რამეს ვიტყოდი: სახელმწიფო სექტორის გარკვეული წილით არსებობის ნებისმიერი მომხრე დაინახავდა აქ შესაძლებლობას – ამ სახსრებით ქვეყანაში შეიძლებოდა შექმნილიყო სახელმწიფო ბანკი, რომელიც დევნილების საჭიროებებისათვის მიძღვნილ პროექტებს დააფინანსებდა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჭიროება დევნილთა ბინებით დაკმაყოფილებაა. სახელმწიფო ამას აკეთებს ისე, როგორც შეუძლია, და არა ისე, როგორც საუკეთესოდ შეიძლებოდა გამოსულიყო. საცხოვრებელი გარემო ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძნელი წარმოსადგენია, როგორც შეიძლება სასიამოვნო გარემოდ იქცეს, ბინა, უბანი, ტერიტორია, რომელიც შენ არ შეგირჩევია. ეს მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში შეიძლება ადამიანმა აიტანოს. ჩემი აზრით, თუკი ოდნავ მაინც არის საშუალება, რიგ შემთხვევებში სჯობს, დევნილმა ოჯახებმა თავად აირჩიონ შესაძენი ბინები, არსებობდეს ბანკი – და სწორედ სახელმწიფო ბანკი, რომელიც მას კრედიტს უდაბლესი, სიმბოლური განაკვეთით გამოუყოფს – დიახ, უნდა არსებობდეს სახელმწიფო ბანკი ან ბანკები, რომელთა ამოცანა მოქალაქეების ხარჯზე უზომოდ გამდიდრება კი არა, მათ მიმართ სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება იქნება.

ჩემთვის დაუვიწყარი და მოუნელებელია ის, რაც 2008 წლიდან მახსოვს: ცხინვალიდან ლამის თითო ხელი ტანისამოსის ამარა გამოხიზნულ დევნილებს სექტემბრიდან უკვე იმ სახლების შესარემონტებლად აღებული კრედიტის პროცენტებს ახსენებდნენ ქართული ბანკები, რომლებიც აგვისტოში დაეწვათ, ან კარგა ხნით დაკარგეს. მეჩვენება, რომ ეს გაუგონარი ამბავი მხოლოდ იმიტომ “ჩაიფარცხა“, რომ ის საზოგადოება ვართ, რომლისთვისაც პრინციპებით ცხოვრება ზედმეტი ტვირთია.

ერთმა ავტორმა თქვა და მეც გავიმეორებ: მამაკაცის ჯენტლმენობას ვინ დაიჯერებს, როცა მისი სახლიდან მისი ცოლის ტირილი ისმის.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი