ახალი ამბებისაზოგადოება

ლოცვა ყინვაში – მოხეში მუსლიმების მოთხოვნები [ფოტო]

14 დეკემბერი, 2016 • 3859
ლოცვა ყინვაში – მოხეში მუსლიმების მოთხოვნები [ფოტო]

“გინახავთ, ოდესმე გაზი მოგვეთხოვოს, ან გზის დაგება, ან შუქი?! ერთადერთი, ლოცვას ვითხოვთ და მაგასაც გვიზღუდავენ”, – გვეუბნება სოფელ მოხეს მცხოვრები თამაზ ბერიძე მას შემდეგ, რაც 9 დეკემბერს, პარასკევის ლოცვა მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა – 9 გრადუს ყინვაში იმ სადავო შენობასთან აღავლინეს, რომლის წარმომავლობა მოხეში მცხოვრებ მუსლიმებს და ქრისტიანებს შორის უკვე ორი წელია დავის საგანს წარმოადგენს.

სოფელი მოხე სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელში 300 ადამიანზე ოდნავ მეტი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა მუსლიმია. ცივი ზამთრის, ყინვისა და ქარის მიუხედავად, უკვე ორი თვეა, ყოველ პარასკევს, მოხეში მცხოვრები მუსლიმი კაცები პარასკევის ლოცვას იმ შენობის ნანგრევებთან აღავლენენ, რომელიც, მათი თქმით, ადრე მეჩეთი იყო, ხოლო სოფელში მცხოვრები ქრისტიანი მოსახლეობის მტკიცებით – ეკლესია იყო. სახელმწიფო კი შენობის წარმომავლობის დადგენაზე უარს ამბობს, მუსლიმებს ახალი მეჩეთის მშენებლობას სთავაზობს, ხოლო სადავო შენობისთვის “სადავო საკულტო ნაგებობის” სტატუსის მინიჭება სურს. 

სადავო ნაგებობა მოხეში, ფოტო: ნეტგაზეთი

სადავო ნაგებობა მოხეში, ფოტო: ნეტგაზეთი

ვითარება მოხეში პირველად 2014 წელს დაიძაბა, როდესაც 27 მაისს მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.  8 ივლისს კი მუსლიმმა თემმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძისგან მიიღო წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ სადავო ქონება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანომ მხოლოდ საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შეიძლება გამოიყენოს.

2014 წელს რელიგიის სააგენტოსთან შეიქმნა კომისია, რომელსაც სადავო შენობის საკითხი უნდა შეესწავლა, 2 წლის მანძილზე არაერთი შეკრების შემდეგ კომისიამ გადაწყვიტა, რომ მოხეში შენობა არ გადაეცემოდა არც მუსლიმ თემს, არც ქრისტიან მრევლს და მას “სადავო საკულტო ნაგებობის” სტატუსი მიენიჭება. კომისიამ ასევე გადაწყვიტა, რომ მოხეში მუსლიმებს ახალი მეჩეთის ასაშენებლად კონკრეტულ ადგილებს შესთავაზებენ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ ახალი მეჩეთი არ სჭირდებათ და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სადავო ნაგებობა მათ გადაეცეთ.

“ჩვენ, მუსლიმებს მიგვაჩნია, რომ ჩვენი აქ ყოფნით, აქ ცხოვრებით ვალდებული ვართ იმ შენობის წინაშე, მეჩეთად აშენებული შენობის წინაშე, რომ ის არ იყოს ისე შეურაცხყოფილი, გაძარცვული, უპატრონო. ჩვენ ვცდილობთ მშვიდობიანი ხერხით, რომ როგორმე შენობას მისი სახელი ეწოდოს – მეჩეთი, და იყოს დაცული. ახალი მეჩეთის აშენება ჩვენი მოთხოვნა არასდროს ყოფილა და არც ამჯერად გვაქვს ეს მოთხოვნა. ახალი მეჩეთის აშენების იდეა ამ პრობლემის გადასაფარად შეიმუშავა “მოხეს კომისიამ”. ჩვენ გვიკვირს კიდეც, ჩვენ ახალი მეჩეთის აშენებას არ ვითხოვთ და ვისთვის აშენებს რელიგიის საქმეთა სააგენტო აქ მეჩეთს?! ეს არის ამ პრობლემის დაკონსერვების მცდელობა. ჩვენ სალოცავად ჭელაშიც ვივლიდით, ნამინაურშიც ვივლიდით. ჩვენ ვგრძნობთ სულიერ პასუხისმგებლობას ღმერთისა და ჩვენი სარწმუნოების წინაშე, რომ ჩვენი წინაპრების მიერ მოხეში აშენებული მეჩეთი იყოს დაცული, ეწოდოს მეჩეთი და არა რაღაც ბურუსით მოცული, გაურკვევლი წარმომავლობის სტატუსის მქონე შენობა”,- ამბობს ჯემალ იაკობაძე, მოხეს მკვიდრი.

სოფელ მოხეს მკვიდრი ჯემალ იაკობიძე. ფოტო: ნეტგაზეთი

სოფელ მოხეს მკვიდრი ჯემალ იაკობიძე. ფოტო: ნეტგაზეთი

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ამჟამინდელი მკვიდრი მუსლიმი მოსახლეობა 1975-80 წლებში დასახლდა. შენობაზე, რომლის დაბრუნებასაც მუსლიმები ითხოვენ, ამბობენ, რომ მეჩეთი სოფელ მოხეში 1927-34 წლებში მესხმა მუსლიმებმა ააშენეს. 1957 წლიდან შენობას კლუბის სტატუსი აქვს. საბჭოთა კავშირის დროს დიდი ხნის განმავლობაში  საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად გამოიყენებოდა. 2007 წლიდან დღემდე კი შენობა  ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. მუსლიმმა თემმა ყოფილი მეჩეთის შენობის კონსერვაციის ან რესტავრაციის თხოვნით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მათი თხოვნა ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია.

მოხის მუსლიმი მოსახლეობა უნდობლობას უცხადებს “მოხის კომისიას”, მათ საუბარში იოლად შეაჩნევთ უარყოფით დამოკიდებულებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის მიმართაც. მოხეს მუსლიმ მოსახლეობას პრეტენზიები აქვთ იმ მუსლიმი ლიდერების მიმართაც, რომლებიც აღნიშნულ კომისიაში მუშაობენ:

“ზუსტად ეგ მოახერხა ზაზა ვაშაყმაძემ, რომ ერთგვარი განხეთქილება და ბზარი გააჩინა მუსლიმ მრევლსა და ჩვენს ლიდერებს შორის, ამას მიაღწია ზაზა ვაშაყმაძემ ნამდვილად, ჩვენ სულიერი ლიდერები ჩვენს მოთხოვნებს ვერ აფიქსირებენ კომისიაზე ცხადად, აფიქსირებენ იმას, რასაც ეუბნება ზაზა ვაშაყმაძე”,- ამბობს მოხის კიდევ ერთი მკვიდრი თემურ მიქელაძე.

მოხის კომისიის წევრია სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, რომელიც იზიარებს მუსლიმი თემის მოთხოვნებს:

“როდესაც მუსლიმი მოსახლეობა გარეთ გამოვიდა სალოცავად, შენობის პრობლემა გადაიფარა და წამოიწია ლოცვის პრობლემამ და ითქვა, რომ ლოცვის პრობლემა მოვუგვაროთ ამ ხალხს. შემოგვთავაზეს, მოდი, ავაშენოთ მეჩეთი და დაწყნარდება ეს ხალხი, სალოცავი არ აქვთ, ეს არ აქვთ, მართლმადიდებლებიც ვითომცდა შეწუხდნენ ამ სიტუაციით”,- ამბობს ის. 

სამცხე ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, ფოტო:ნეტგაზეთი

სამცხე ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, ფოტო:ნეტგაზეთი

უთანხმოება არა მხოლოდ მუსლიმ თემსა და მათ სულიერ ლიდერებს შორის, ასევე მოხეში მცხოვრებ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორისაცაა. როდესაც პარასკევის ლოცვას მუსლიმები გარეთ აღავლენდნენ და ამას ჟურნალისტები აშუქებდნენ, ადგილზე მაშინვე მოვიდნენ მოხეში მცხოვრები ქრისტიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ სადავო შენობა ეკლესიაა  და არა მეჩეთი. ქრისტიანები ამბობენ, რომ ეს შენობა ეკლესიის ქვებითაა აგებული. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, შენობა ეკლესიის ტერიტორიაზეა აგებული.

ადგილობრივი მუსლიმები ამბობენ, რომ 2014 წლიდან მოხეში მცოვრებ ქრისტიანებთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. “ქვებს რომ არ ვესვრით ერთმანეთს, ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდობა გვაქვს”, ამბობენ ისინი. უფრო კონკრეტულად, მოხეში მცხოვრები თამაზ ბერიძე გვიყვება, რომ მისმა კლასელმა, რომელიც ქრისტიანია, მათ ლოცვას პროვოკაცია უწოდა:

“ჩვენ, მით უმეტეს, ერთად დაბადებულები და გაზრდილები ვართ, თოფები აწეული არ გვაქვს, მაგრამ რომ გამოდის ჩემი თანაკლასელი და ამბობს, რომ იქ მუსლიმების ლოცვა არის პროვოკაცია, როგორ შეძლება, რომ ძველებური ურთიერთობა გქონდეს?!”- კითხულობს თემურ ბერიძე. 

ოთარ მიქელაძე გვიყვება მისი და კარის მეზობლის ისტორიას, რომლებმაც 40 წელი ახლო მეგობრობაში გაატარეს. როგორც თავად ამბობს, ერთმანეთის შვილებს საკუთარი შვილებივით ზრდიდნენ, თუმცა დღეს ძველებური ურთიერთობა აღარ აქვთ.

“ვერ ვიფიქრებდი, რომ ცხოვრებაში ოდესმე დადგებოდა ეტაპი, ისეთი მიზეზი გაჩნდებოდა, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა გაცივებულიყო.  როდესაც 2014 წელს სალოცავის მოთხვნა ჩვენ წინა პლანზე წამოვწიეთ, სადავო შენობასთან გავიარე, იქ ჟურნალისტები იყვნენ და ინტერვიუს იწერდნენ, შევჩერდი, გავიგონე ჩემი ბავშვის თანატოლი, ჩემი მეზობლის შვილი, რომელსაც ოჯახის წევრივით ვუვლიდი და ჩემი შვილისგან არ ვასხვავებდი, ამბობს, რომ ის, რაც სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით ხდება, მუსლიმი თემის უწიგნურობის ბრალიაო, ამაზე დიდი ტრაგედია ჩემთვის არ არსებობს,”- ამბობს ის.

სოფელ მოხეს მცხოვრები ოთარ მიქელაძე, ფოტო :ნეტგაზეთი

სოფელ მოხეს მცხოვრები ოთარ მიქელაძე, ფოტო :ნეტგაზეთი

ადგილობრივი მუსლიმები საუბრისას მიანიშნებენ იმაზე, რომ მოხის ქრისტიან მოსახლეობას მათ წინააღმდეგ სამღვდელოება განაწყობს. ხშირად ახსენებენ ზარზმის მონასტრის წინამძღვარს, ნიკოლოზ გეწაძეს. სადავო შენობაზე პრეტენზიას საქართველოს საპატრიარქოც აცხადებს. ამის შესახებ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს განცხადებით,  XVI საუკუნეში აღნიშნულ ადგილას ქრისტიანული ტაძარი იყო, 1920-იან წლებში ეკლესიების ნგრევისა და მეჩეთების მშენებლობის შემდეგ კი, სადავო შენობის ადგილას მეჩეთის მშენებლობა დაიწყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მართმადიდებელი ეკლესიის იერარქები შეფარულად მოქმედებენ, თავად ღიად არ გამოდიან და მათ სათქმელს ადგილობრივი ქრისტიანების პირით ამბობენ.

სადავო ნაგებობის საკითხიდან მოხეში მცხოვრები მუსლიმები ზოგადად ისლამოფობიის პრობლემაზე გადადიან. ამბობენ, რომ მათთვის, როგორც განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანებისთვის, არავითარი პერპექტივა არ არსებობს, ვერსად საქმდებიან საჯარო სექტორში. გვიყვებიან შემთხვევას, როდესაც სკოლის დირექტორი ვერ გახდა მუსლიმი, თუმცა სკოლაში 4 სერტიფიცირებული პედაგოგია, რომლებიც დირექტორობის კანდიდატები იყვნენ, თუმცა, ამაოდ:

“ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენს რეგიონში, პირადად ჩვენს სოფელში, გააფთრებით გვეუბნებიან, რომ შენ ხარ არარაობა, როდესაც მინდა, სადაც მინდა, გაგჭყლიტავ და შენ ვერაფერს ვერ იტყვი”,- ამბობს მოხის მცხოვრები თემურ მიქელაძე.

მოხელი მუსლიმები პარასკევის ლოცვის შემდეგ, ფოტო: ნეტგაზეთი

მოხელი მუსლიმები პარასკევის ლოცვის შემდეგ, ფოტო: ნეტგაზეთი

მისივე თქმით, ყველაზე მეტად მომავალი თაობის გამო დარდობს, ეშინია, რომ ამ დამოკიდებულების და იმედგაცრუების გამო მისი შვილები და თანატოლები ისეთმა ძალებმა არ გადაიბირონ, როგორიც, მაგალითად, “ისლამური სახელმწიფოა”.

“ჩემს შვილი და ეს თაობა, რომელიც ხედავს, თუ როგორაა მისი მამა წაქცეული და უძახიან თათარს, მისი ფსიქოლოგია ცუდად იზრდება. მუსლიმი ქართველების შვილებს ეს სახელმწიფო მტრად ზრდის. მეშინია და სახლში არ ვსაუბრობ იმიტომ, რომ, პირველ რიგში, მე დავიღუპები. მისი გამოყენება ძალიან ადვილია, რომ შეხვდეს ვინმე და უთხრას, – ხომ ხედავ, როგორ გჩაგრავს შენ სახელმწიფო. აქ ახალგაზრდები ძალიან ცუდ პირობებს ხედავენ. ხედავენ უპერსპექტივობას მათი რელიგიური მრწამსის გამო. მე მეშინია, რომ არ გავხდე უბედური მშობელი,”- ამბობს თემურ მიქელაძე

მუსლიმები ამბობენ, რომ მხოლოდ ღმერთის იმედი აქვთ, თუმცა სადავო შენობასთან დაკავშირებით დანებებას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი