ახალი ამბები

პოლიციამ შიდა ქართლში ‘ქართული ოცნების’ კიდევ 4 წევრი დააკავა

23 სექტემბერი, 2012 • • 1234
პოლიციამ შიდა ქართლში ‘ქართული ოცნების’ კიდევ 4 წევრი დააკავა

შსს–ს ცნობით, ქარელის რაიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა   ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი დააკავეს. ისინი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული.

 

“ზვიად იმერლიშვილი ავტომანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა. ის პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და აღნიშნული სამართალდარღვევის და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შესახებ აცნობეს. ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ზვიად იმერლიშვილმა  და ილია ქელეხსაშვილმა  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, არ დაემორჩილნენ  და გაუწიეს  წინააღმდეგობა. ამის შემდეგ მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება”, – ნათვქამია შსს–ს განცხადებაში.

 

პოლიციელებმა ამავე მიზეზით დღეს ასევე დააკავეს “ქართული ოცნების” კიდევ ორი აქტივისტი – იაგო  ქიტიაშვილი და გიორგი ნოზაძე. დანარჩენების მსგავსად, ისინიც პოლიეციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან  დაკავებული.  შსს–ს ცნობით, გომი – საჩხერის საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის პოლიციამ  ,,ვაზ-2106″ მარკის ავტომანქანა, რომელსაც იაგო  ქიტიაშვილი მართავდა, გააჩერა. მძღოლმა და მისმა მგზავრმა  არ წარმოადგინეს საბუთები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს.  ამის შემდეგ მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება.

 

მიზეზი ანალოგიური იყო, როცა გორში ასევე დააკავეს ტარიელ გურგენიძე, პოლიეციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, ტარიელ გურგენიძე ავტომანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა. ის პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და აღნიშნული სამართალდარღვევის და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შესახებ აცნობეს:

 

“ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ტარიელ გურგენიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, არ დაემორჩილა და გაუწია წინააღმდეგობა. ამის შემდეგ მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. ტარიელ გურგენიძე სასამართლოშია გადაყვანილი”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

აღნიშნული პირების გარდა, სამართალდამცავებმა დღეს შიდა ქართლის რეგიონში კიდევ 5 პირი დააკავეს. ყველა მათგანი “ქართული ოცნების” წევრია. გარდა ამისა, მესტიაში წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს “ქაღთული ოცნების” წარმომადგენელი მესტიის საოლქო კომისიაში კახა ჟორჟოლიანი. მისი დაკავება ჟორჟოლიანის ცოლმა, ნინა ხატისკაცმა პოლიტიკურ დევნად შეაფასა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი