ახალი ამბები

ბათუმში პატიმრის დედები პრეზიდენტთან შესახვედრად არ შეუშვეს

23 სექტემბერი, 2012 •
ბათუმში პატიმრის დედები პრეზიდენტთან შესახვედრად არ შეუშვეს

“ბასკოს” შენობაში შესვლა სიაში მოქალაქეთა შემოწმების შემდეგ ხდებოდა, დარბაზში ვერ შევიდა ორი პატიმრის დედა, ისინი გაზეთ „ბათუმელებს” თავად დაუკავშირდნენ და კომენტარი გააკეთეს. მათ აინტერესებდათ, აპირებს თუ არა სააკაშვილი ამნისტიის გამოცხადებას.

 

როგორც ეს ქალბატონები აცხადებენ, მათი შვილები გარემოს დაცვის აჭარის ინსპექციაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი პატიმრის დედამ განაცხადა, რომ გადახდილი აქვთ საპროცესო შეთანხმების თანხა – 10 000 ლარი, მაგრამ მისი შვილი კვლავ პატიმრობაშია. 

 

ყოფილ საჯარო მოხელეს გიორგი რუხაძეს ბრალი სსკ 338-ე მუხლით აქვს წაყენებული. მას ბრალად ქრთამის სახით 15 ლარის აღება ედება. მეორე პატიმრის დავით გორაძის დედა ამბობს, რომ მის შვილსაც სასამართლომ ქრთამის აღება დაუდგინა. მისი მტკიცებით, დაკავებულმა დავით გორაძემ გასცა ნებართვა, რომ მოქალაქეს ოჯახის წევრის საფლავისთვის მდინარის კალაპოტიდან საჭირო რაოდენობის კარიერი ამოეღო, რის გამოც სახელმწიფოს ზარალმა 10 ლარი შადგინა. ვისზეც ნებართვა გასცა, მან სუფრაზე დაპატიჟა.

 

პატიმრის მშობლებმა ჟურნალისტების თანდასწრებით დახმარება მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატს გიორგი ბარამიძეს თხოვეს. მათ აინტერესებდათ, აპირებს თუ არა პრეზიდენტი ამნისტიის გამოცხადებას. გიორგი ბარამიძემ განმარტა, რომ როგორც მას აქვს ინფორმაცია, ახლო პერიოდში მსგავსი რამ არ იგეგმება, მაგრამ დაპირდა, რომ რეკომენდაციას აუცილებლად გაუწევს, რადგან მათ  დანაშაული აღიარეს.

 

პატიმრის მშობლებმა წერილის გადაცემა პრეზიდენტისთვის დღეს მოახერხეს. ერთ-ერთი ქალბატონი ამის შემდეგ ცუდად გახდა, თუმცა მედიის წარმომადგენლებს არ მოგვეცა საშუალება, დავხმარებოდით.

 

“ოპოზიციონერებო, მოგვშორდით თქვენ, დახმარება სად შეგიძლიათ?” – მოგვმართა მეორე პატიმრის დედამ.

 

მედიის წარმომადგენლებს არც სასწარფოს გამოძახების საშუალება მოგვცეს, ოდნავ მოგვიანებით ქალბატონის მდგომარეობა სტაბილური გახდა.

 

“ოპოზიციონერი“ მედიასაშუალებები ხართ თქვენ”- პირველად ეს წინადადება პატიმრის დედების თანდასწრებით მედიის წარმომადგენლების (გაზეთ “ბათუმელების“, ინფო 9-ს და ტვ25-ის) ჟურნალისტების მისამართით “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა გია ბარამიძემ გამოიყენა.

ბასკოში შეხვედრა დახურული იყო მედიის წარმომადგენლებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი