ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება

9 დეკემბერი, 2016 • 3767
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება

საკონსტიტუციო კომისია საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებით, ასევე, კონსტიტუციური ორგანოების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით და ექსპერტებით დაკომპლექტდება, ხოლო  თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება.

დღეს, 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომისიის საქმიანობა გამჭვირვალობის პრინციპს დაეფუძენბა და ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე მართლმსაჯულების ორგანოების და აუდიტის სამსახურის  ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, კომისიის ფარგლებში მომზადებულ პროექტებს ვენეციის კომისია შეაფასებს:

“შემუშავებული პროექტის შეფასებაში   ჩვენი უცხოელი პარტნიორების, განსაკუთრებით ვენეციის კომისიის აქტიური მონაწილეობა იქნება უზრუნველყოფილი. კომისიის მიზანია, კონსტიტუციური გადასინჯვის იმგვარი პროექტის შემუშავება, რომლის მიღება კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესებთან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყებს, ხოლო საბოლოო კონსტიტუციურ პროექტს 2017 წლის აპრილამდე მოამზადებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ვენეციის კომისია რომელიმე ნორმას ნეგატიურად შეაფასებს, ამ ნორმას პარლამენტი არ დაამტკიცებს:

“კომისიის მუშაობა უნდა იყოს ეფექტური და კომისიის შედეგზე ავიღებ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას ავიღებ დოკუმენტის შინაარსზც. თუ რომელიმე ნორმა ნეგატიურად შეფასდება ვენეციის კომისიის მიერ, ამ ნორმას საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს. ამაზე შეგვიძლია დღესვე ავიღოთ პასუხისმგებლობა. ”

პარლამენტის სპიკერის განმარტებით, ფორმტთან დაკავშირებით პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივა ჰქონდა:

“კომუნიკაცია გვქონდა პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციასთან. სხვადახვა ფორმატზე ვიმსჯელეთ და, საბოლოო ჯამში, არსებულ ფორმატზე შევჯერდით. არსებითად საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს მუშაობა, რადგან მოქმედი კონსტიტუციური სისტემის ლოგიკას ყველაზე მეტად ეს ფორმატი შეესაბამება. საბოლოოდ, კონსტიტუციის სრული შესაბამისობა უნდა მივიღოთ ფუნდამენტურ პრინციპებთან, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, რადგან დღეს ეს პრინციპი არ არის დაცული.”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს წინასწარ განსაზღვრული გადაწყვეტილება არც ერთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე აქვს:

“ყველაფერი უნდა განვიხილოთ კომისიის ფარგლებში. განხილვისა და მსჯელობის საფუძველზე უნდა ჩამოვყალიბდეთ კონკრეტულ დებულებებზე, მათ შორის, პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესზე და სხვა საკვანძო დებულებებზე. ”

 

მერვე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობამ  რამდენიმე საკონსტიტუციო კანონპროექტი მოამზადა.  ეს ცვლილებები ეხება კონსტიტუციით ოჯახის, როგორც ქალისა და კაცის კავშირის განსაზღვრას; ასევე, 2020 წლისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას.    200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით, პარლამენტში საარჩევნო სისტემაზე კიდევ ერთი პროექტია ინიცირებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი