ახალი ამბები

გლდანის საპყრობილეში მალხაზ არქანიას და ცუდად გახდა

21 სექტემბერი, 2012 •
გლდანის საპყრობილეში მალხაზ არქანიას და ცუდად გახდა

ნინო არქანიამ ციხის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად მოისროლა ცოცხი და ემოციური შეძახილების დროს გახდა ცუდად.

 შეგახსნებეთ, რომ მალხაზ არქანია 2011 წლის 5 თებერვალს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვისათვის დააკავეს ენგურის ხიდზე და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა თავად არქანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისგან წამებისა და არადაამიანური მოპყრობის სანაცვლოდ ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენების მოპოვებას, რომ თითქოს ის მონაწილეობდა 2008 წლიდან 2010 წლამდე მომხდარ აფეთქებებში.

 

მისი წამების თაობაზე მსჯავრდებულმა მალხაზ არქანიამ 2011 წლის 22 ივნისს წერილობითი ახსნა-განმარტება დაწერა სახალხო დამცველის სახელზე, რომელშიც ნათქვამია:

 

“2011 წლის 19 მაისს ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს №8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. აქ შემოყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან  უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში.

 

ჩაყვანის დროს ისინი მირტყამდნენ. მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი.

 

ამის შემდეგ მომცეს ფურცელი და პასტა, მითხრეს, დამეწერა აღიარებითი ჩვენება თავის გადასარჩენად. ჩვენებაში დავწერე სხვადასხვა დროს ტელევიზიაში გასული აფეთქების შესახებ და მივუთითე, რომ აღნიშნულში მონაწილეობა მქონდა მიღებული.

 

ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. შეყვანისას მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს ახლდა, ძალით შემაჭამა ის ქაღალდი. მერე უთხრა, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ და თან დააყოლა – „მოტყ…, მაგის დედა ვატირე!”

 

ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და კარები დახურეს. ამის შემდეგ იღება ტუალეტის კარი და გამოდის ორი ნიღბიანი მამაკაცი. ისინი მეცნენ, რომ ჩამეხადა შარვალი, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს – „წესიერად დამიკავე ეს ნაბიჭვ…  უნდა მოვტყ…”.

 

უცებ გაიღო „კარმუშკა”, საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ დროს საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი, და ერთი მეორეს ეუბნებოდა – „ჯერ პირში მივც… და მოვტყ…”

 

მე ბეტონზე თავს ვურტყამდი. ამ დროს შემოვიდა გარეთ მყოფი ის ორი პირი; ერთ-ერთმა თავზე ფეხი დამადო, რომ არ ამეწია. ამ დროს უკვე ვიყავი შებოჭილი. მეორე პირმა მომადო თავის სასქესო ორგანო და გადამიღეს სურათი. შემდეგ შემეშვნენ. მითხრეს, რომ თუ არ მივცემდი აღიარებით ჩვენებას, ისინი მართლა გამაუპატიურებდნენ და ზემოაღნიშნულ სურათებს ინტერნეტში დადებდნენ. გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს მათთვის სასურველი აღიარებითი ჩვენება, მოწმის სახით.

 

…გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. ასევე, გთხოვთ, ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტების ასლი გადასცეთ ჩემს ადვოკატს, ლექსო არქანიას. ასევე, გთხოვთ, მომაქციოთ ყურადღება, ვინაიდან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ახსნა-განმარტება დაწერილია ჩემი ხელით, სწორია და ვაწერ ხელს.”

 

2011 წლის 7 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, უზრუნველყონ მსჯავრდებულ მ.არქანიას უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ყველა ღონისძიების გატარება, ასევე საჭიროების შემთხვევაში მისი გადაყვანა სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

 

მალხაზ არქანია ამ დრომდე გლდანის #8 საპყრობილეში იხდის სასჯელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი