ახალი ამბებისაზოგადოება

რა (არ) შეიცვალა ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხრივ

7 დეკემბერი, 2016 • 2999
რა (არ) შეიცვალა ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხრივ

საქართველოში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა ხელს არ უწყობს და არ ახალისებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას ქვეყანაში, – ამის შესახებ ნათქვამია საიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზის შუალედურ ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც 7 დეკემბერს გაიმართა.

კვლევის შედეგებით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა არ არის პოპულარული თემა პოლიტიკურ პარტიებში და ხშირ შემთხვევაში ამაზე საუბარს თავს არიდებენ როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე. კვლევის მიხედვით, გავრცელებული სტერეოტიპები და პატრიარქალური საზოგადოება უარყოფითად აისახება ქალების პოლიტიკურ გააქტიურებასთან მიმართებაში.

საიას ინფორმაციით, შუალედური შედეგები სამაგიდო და თვისობრივი კვლევის საფუძველზეა წარმოდგენილი, რა დროსაც ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებული ნამუშევრების კვლევა:

1992 წელს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატთა 6.22% იყო ქალი, 2015 წელს- 6.64%, 1999 წელს- 7.17%, 2004 წელს- 9.33%, 2008 წელს- 6.00%, 2012 წელს- 12.00%, ხოლო 2016 წელს- 16.00% (150 დეპუტატიდან 24 ქალი).

რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, 19 მინისტრიდან მხოლოდ ორია ქალი, რაც  10.5%-ია. არჩევნებამდე 4 ქალი მინისტრი ჰყავდა ქვეყანას. შესაბამისად, კიდევ უფრო გაუარესდა მაჩვენებელი ამ მხრივ.

საიაში მიიჩნევენ, რომ ერთ–ერთ ნათელი წერტილი არის სასამართლო სისტემა, სადაც თითქმის 50–50%–ზეა გენდერული ბალანსი. საქართველოს საქალაქო სასამართლოებში 74 ქალი და 75 კაცი მოსამართლეა.

კვლევის მიხედვით,  ყველაზე მეტად პრობლემა არჩევით ორგანოებშია. მაგალითად, საკრებულოებში პროპორციული წესით 15.5%–ია ქალთა რაოდენობა, მაჟორიტარული წესით, კიდევ უფრო ნაკლები – 8%–მდე. საქართველოს თორმეტივე თვითმმართველ ქალაქში კაცია მერი. არჩეული 59 გამგებლიდან მხოლოდ ერთა ქალი – ლელა ქიტესაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. თბილისში დანიშნული 10 გამგებლიდანაც ასევე მხოლოდ ერთია ქალი – ირმა ზავრადაშვილი, დიდუბის რაიონის გამგებელი. ჯამში, 69 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი, რაც 2.9%–ია. რაც შეეხება გუბერნატორებს, საქართველოში არც ერთი ქალი რწმუნებულ-გუბერნატორი არ არის.

საპარლამენტთაშორისო კავშირის 2016 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს 193 ქვეყნიდან 119–ე ადგილს იკავებს, ხოლო გლობალური ინდექსის (GIG) მიხედვით, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობისა და პარლამენტში მათი რაოდენობის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყნიდან 114–ე ადგილს. გლობალური ინდექსით, მინისტრების პოზიციაზე დანიშნული ქალების რაოდენობით საქართველო 144 ქვეყანას შორის მე–80 ადგილზეა, თუმცა როგორც საიაში ამბობენ, არჩევნების შემდეგ  გაუარესდება ეს მაჩვენებელი, რადგან 2 ქალი მინისტრი უკვე აღარ ჰყავს ქვეყანას.

კვლევაში ასევე მოხდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წარდგენილი და არჩეული კანდიდატების სტატისტიკის ანალიზი. ანგარიშში განხილულია, თუ რომელმა პარტიამ რამდენი ქალი შეიყვანა მაჟორიტარულ სიებში, ვინ მოხვდა პარლამენტში და რამდენი ქალი დანიშნა მმრთველმა გუნდმა სხვადასხვა თანამდებობებზე. ასევე გამოიკითხნენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩართული საარჩევნო სუბიექტები როგორც ცენტრალურ, ასევე, რეგიონალურ დონეზე.

საიას კვლევა: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები. 07.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი

საიას კვლევა: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები. 07.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად საია კვლევის ფარგლებში შეისწავლის და გააანალიზებს ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას (მათ შორის, პოლიტიკის დოკუმენტებს), მიმოიხილავს საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს პოლიტიკურ-საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ასევე, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, შეისწავლიან პრაქტიკას ქალთა პოლიტიკური და საარჩევნო უფლებების განხორციელების თაობაზე. მისი თქმით, კვლევა ეტაპობრივად, 2016-18 საარჩევნო წლების ჭრილში, განხორციელდება.

საიას პროექტის კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, განხორციელდეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დაეფუძნოს მოსახლეობაში ამ მიმართულებით არსებულ სტერეოტიპებს და მიემართოს მათ აღმოსაფხვრელად. პავლიაშვილი ასევე საუბრობს საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე:

“დღეს არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს, რომ მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი. ასევე, წამახალისებელი ზომა, რომელიც კანონდებლობით არის განსაზღვრული, ვერ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას პარლამენტში. ასევე, მნიშვნელოვანია, თვითონ პარტიებმა დაიწყონ შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარება და ქალებს უფრო მეტი საშუალება მიეცეთ იმისა, წარმოდგენილნი იყვნენ როგორც პროპორციულ სიებში, ასევე, მაჟორიტარულ კანდიდატებად.”

საიას კვლევა: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები. 07.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი

საიას კვლევა: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები. 07.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი

საია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დაიწყოს საუბარი ქალების როლზე პოლიტიკაში სხვადასხვა მედიასაშუალებებით, რათა მოხდეს ქალი პოლიტიკოსების მიერ წამოწეული და გადაჭრილი საკითხების პოპულარიზაცია. საიაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ახალი მეთოდით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომელიც გასცდება ტრენინგებსა და სემინარებს:

“გამოყენებულ იქნას განსხვავებული მიდგომები თითოეული სამიზნე აუდიტორიისათვის, ქვეყნის რეგიონების, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ჯგუფების გათვალისწინებით. უნდა დადგეს საზოგადოებრივი მოთხოვნა.”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის შუალედური ანგარიშში ასევე აღნიშნულია პარტიების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები:

  • დაწესდეს 30% სავალდებულო კვოტირება პროპორციულ სიაში, ხოლო უფრო მაღალი პროცენტის შემთხვევაში პარტიამ მიიღოს დამატებითი დაფინანსება.
  • შენარჩუნდეს არსებული ფინანსური წამახალისებელი ნორმა. ამასთანავე, მოხდეს რანგირება. 30%-ის შემთხვევაში -შესაბამისი თანხა, ხოლო 40% ან 50%-ის შემთხვევაში- უფრო მაღალი ოდენობა.
  • დაწესდეს ფინანსური წამახალისებელი ნორმა მაჟორიტარულ არჩევნებშიც, პარტიების მოტივირების მიზნით.
  • დაიწყოს მუშაობა განათლების სამინისტროსთან და გენდერული თანასწორობის საკითხები შევიდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მოხდეს მასწავლებლების გადამზადება მათი გენდერული მგრძნობელობის გაზრდის მიზნით.

დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა.

კონფერენციის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს მედიის როლზე ქალთა უფლებებისა და მათი პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ. დისკუსიის მიმდინარეობისას გააკრიტიკეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გადაცემა “კაცების დრო” და სურვილი გამოთქვეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ტელევიზიით ასევე გადიოდეს გადაცემა “ქალების დრო”.

პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ საზოგადოება, რომელიც არასწორად უყურებდა გენდერული საკითხების გადაწყვეტას, დღეს უფრო სერიოზულად უდგება ამ საკითხს.

“ვთვლი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია სერიოზული ძვრას ცნობიერების შეცვლაში. დღევანდელ პარლამენტში ყველაზე მეტი ქალი შევიდა, თუმცა ეს არის მხოლოდ მმართველი პარტიის კეთილ ნებაზე დაფუძნებული. არანაირი სტაბილურობა, არანაირი გარანტიები იმისა, რომ ეს ტენდენციები ასე გაგრძელდება, არ გვაქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა შევიკრიბოთ, გადავწყვიტოთ და მივიღოთ ისეთი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში მდგრადად ქალთა მონაწილეობის ზრდას და ამ ტენდენციის უცვლელად გაგრძელებას. უნდა მივაღწიოთ, რომ ეს პროცესი იყოს შეუქცევადი. ამიტომ საჭიროა ანალიზიც და მომავალი საქმიანობის დაგეგმვაც. “მემარჯვენეები” ვიყავით ინიციატორები პარლამენტში ამ საკითხის განხილვისა და ახლა ჩავერთვებით თავიდან,” – ამბობს მანანა ნაჭყებია.

პარტია “ჩვენების” ლიდერის, ნანა ყეინიშვილის თქმით, ყოველთვის უჭერდა მხარს გენდერული კვოტირებას და ლობირებდა წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც საბოლოოდ არ მიიღო პარლამენტმა. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ამბობს, რომ დღეს გაცილებით უკეთ დაინახა არსებული პრობლემები, რომლებიც ტელევიზიით ზედაპირულად ჩანს. ყეინიშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც კვლევის ავტორებს, ასევე დღევანდელ დისკუსიაში მონაწილე კაცებსაც, და აღნიშნა, რომ მათი მონაწილეობა და მხარდაჭერა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია.

საიას კვლევა: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები. 07.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი

საიას კვლევა: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები. 07.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი

კონფერენციას დაესწრო პოლიტიკური გაერთანება “თავისუფალი საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი თენგო ჯგუშია, რომელმაც წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ კახა კუკავას პარტიის ცენტრალურ სამდივნოში არც ერთი ქალია:

“ის, რომ მე წარმოვადგენ დღეს ჩემს პარტიას, ამას ორი მიზეზი აქვს და მინდა ბოლომდე გულწრფელი ვიყო: ამ რეალობამ უფრო კრიტიკულად დამანახა ჩვენი ხარვეზებიც და აქედან უნდა დავიწყოთ პარტიის ლიდერებმა… როცა ვადგენდით მე და კახა, ვინ დაესწრებოდა დღევანდელ ღონისძიებას, გვქონდა სურვილი, ტოპ–მენეჯმენტიდან ყოფილიყო ვინმე და აღმოჩნდა, რომ ქალი არ გვყავს. ანუ ცენტრალურ სამდივნოში ქალი არ არის. ეს არის ჩვენი ნაკლი, რომელიც ყველა პარტიამ უნდა გამოასწოროს. ჩვენ უფრო დაბალ რგოლებზე მეტი ქალი გვყავს, მაგრამ ეს პოზიციონირება უნდა შეიცვალოს. ვისურვებდი, რომ მომავალ ასეთ შეკრებებზე ჩვენი პარტიიდან არ ვიყოთ მხოლოდ მამაკაცები წარმოდგენილი.”

როგორც შეხვედრის ორგანიზატორები ამბობენ, მოსაწვევი გაეგზავნა ყველა კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტს, თუმცა მმართველი პარტიიდან დღევანდელ კონფერენციას არავინ დასწრებია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა პროექტ “საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის” ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. დღევანდელი დისკუსიის ბოლოს ჩამოყალიბდა თემატური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს  ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხის ირგვლივ.

მასალების გადაბეჭდვის წესი