ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

“ღვინო, დუდუკი და მდგრადი განვითარება” – “კაცების დრო” საზოგადოებრივ მაუწყებელზე

7 დეკემბერი, 2016 • 3452
“ღვინო, დუდუკი და მდგრადი განვითარება” – “კაცების დრო” საზოგადოებრივ მაუწყებელზე

არღვევს თუ არა ახალი გადაცემა “კაცების დრო” საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსს? ქალთა უფლებების აქტივისტების ნაწილი აპირებს, რომ მაუწყებელს მიმართოს და გადაცემის დახურვა მოითხოვოს, რადგან, მათი შეფასებით, გადაცემა დისკრიმინაციის წახალისებას უწყობს ხელს.

”მარტო [კაცები] ხომ არ მოვიწყენდით მარსზე? წავიყვანოთ სტუმრებად ქალები და დავიცავთ გენდერულ თანასწორობას”, – ორი მამაკაცი მომუშავე ქალებით სავსე სამკერვალოში დადის და კოსმოსში მოგზაურობაზე, “კოსმიურ ადამიანებსა” და “კოსმიურ ქართველებზე” საუბრობს. ოპერატორის კამერა სამკერვალოში მომუშავე ქალებზეც ფოკუსირდება – კერვაში გართულები, აქა-იქ ღიმილით უსმენენ კაცების დიალოგს, თუმცა ისინი წამყვანებისთვის მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ, – ასეთია გადაცემის პირველი პრომო.

“კაცების დრო გულისხმობს აცუნდრუკებას, ოღონდ დაღვინებას, ოღონდ შავსაც და თეთრსაც. მრავალფეროვან გარემოს, მოკლედ”, – ამას უკვე გადაცემის მეორე პრომოში მოისმენთ – მოქმედება ამჯერად ქალთა სილამაზის სალონში ვითარდება. წამყვანები კი ჯიუტად არ წყვეტენ ერთმანეთს თვალს, თითქოს არც ამ ქალების არსებობა ნიშნავს მათთვის რამეს.

“კაცების დრო” ახალი შოუა, რომელიც 5 დეკემბრიდან გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში. გადაცემა ყოველდღე, შუადღისას, 12:45 საათზე იწყება და ორ კაცს მიჰყავს: ძირითადი წამყვანი რეჟისორი ოთარ შამათავაა, სხვადასხვა დღეს კი გადაცემა მასთან ერთად პოეტ რატი ამაღლობელსა და ბლოგერ გურამ შეროზიას მიჰყავთ.

“ღვინო, დუდუკი, მდგრადი განვითარება”, – ეს უკვე მეორე გადაცემის პირველი ბლოკის თემა იყო. “ყველას ჰქოდნა თავისი ადგილი. ქალის კულტი იყო საქართველოში, არის და იმედი მაქვს, ეს მაინც არასოდეს დაგვავიწყდება”, – თქვა გადაცემის პირველმა სტუმარმა, შემდეგ კი ქართულ ტრადიციებზე განაგრძო საუბარი.

“გადაცემის ორივე პრომო და თვითონ გადაცემა არის ჩვეულებრივი მიზოგინია (ქალთმოძულეობა) და სექსიზმი. დაუშვებელია, ასეთი გადაცემა გადიოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც მაღალი ეთიკის სტანდარტები აქვს და თანასწორობაზეა ორიენტირებული. ის შემეცნებითი უნდა იყოს, საუბრობდეს თანასწორობაზე და თავს იკავებდეს ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან. ეს გადაცემა ამ ყველა პრინციპს არღვევს”, – გვეუბნება ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი.


6 დეკემბრის გადაცემის მეორე ბლოკის თემა ემიგრაციაში მყოფ ქართველ ქალებს ეხებოდა. მეორე ბლოკის დასაწყისში მაყურებელმა ნახა სიუჟეტი, სადაც სიუჟეტის გმირი – ქალი, რომელმაც რამდენიმე წელიწადი გაატარა ემიგრაციაში, თავისი ისტორიის შესახებ უამბობს მაყურებელს. სიუჟეტიდან მაყურებელი, ასე თუ ისე, იგებს, თუ რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული სამწლიანი ემიგრაცია საბერძნეთში – მძიმე სამუშაო, პრეტენზიული ოჯახი, შვილებთან გაუცხოება და ა.შ. ჟურნალისტი (სიუჟეტის ავტორი), სიუჟეტის გმირზე საუბრისას მის პერიფრაზირებას ახდენს და ამბობს: “
მონობაში ცხოვრება მისი არჩევანი იყო, უფრო სწორად, გადარჩენის უკანასკენლი შანსი”.

სიუჟეტის შემდეგ გადაცემის მორიგმა სტუმარმა, რომელიც ფსიქოლოგად გაგვაცნეს, თქვა, რომ როდესაც ქალი ოჯახთან ერთად მიდის ემიგრაციაში, იგი არ დგას ისეთი მწვავე პრობლემების წინაშე, როგორც მარტო წასულები:

“მისი როლი, ასე ვთქვათ, უფრო მსუბუქია, — ნაწილდება დატვირთვა და ქალის ფუნქციებში შედის ყოფითი პრობლემების მოგვარება ოჯახში, ბავშვების გზაზე დაყენება და ა.შ”, – აღნიშნა სტუმარმა. არც ამ და არც სხვა საკითხებში გადაცემის არცერთი წამყვანი მას არ შეწინააღმდეგებია.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის: მეორე გადაცემის სტუმარმა გაიხსენა, როგორ გადააწყდა თვითმფრინავით მგზავრობისას ემიგრაციაში მყოფ ქალს, რომელმაც, მისი თქმით, მორალურად გაამართლა ახალგაზრდები, ვინც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ქურდობდა, – მათგან იაფად ვყიდულობ საქონელს და ნათესავ-ახლობლებისათვის საჩუქრების ჩამოტანას მხოლოდ ასე თუ ვახერხებო.

-“ის [ქალი] არის მადლიერი მათი [ქურდებისა], ვინც მოიპარა სადღაც ჯინსები, მოუტანა ნახევარ ფასში. ეს [ქალი] კი სამაგიეროდ პირნათელი შემოვიდა”, – თქვა სტუმარმა.

-“თან თვითონ არაფერი დაუშავებია და მორალიც არ აწუხებს”, – ჩაერთო წამყვანი. რის შემდეგაც სტუმარმა ფსიქოლოგმა თქვა:

-“ძალიან ძლიერი სტრესის ქვეშაა ეს ხალხი… ასეთი სიტუაცია ცვლის გარკვეულ მორალურ პრინციპებს და ამარტივებს. ასეთი გამარტივება და ადაპტირება რომ არ მოახერხოს, ძალიან ცუდად იგრძნობს იქ თავს. რაღაცნაირად უნდა გადაეწყოს იმ რეალობაზე”.

როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას ბაია პატარაია ამბობს, ყველა ამ შემთხვევაში ქალების დემონიზება ხდება: “აქ გვაქვს საქმე შემთხვევასთან, როდესაც საშინაო შრომა სასიამოვნო შრომად მიიჩნევა, – ქალი სხვის სახლში რომ იმავეს აკეთებს – მონობა ყოფილა, საკუთარ სახლში იმავე საქმის კეთება კი – სასიამოვნო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო”, – ამბობს “საფარის” ხელმძღვანელი და დასძენს, რომ ქალები ემიგრაციაში, მარტოც და ოჯახთან ერთადაც, თანაბრად მძიმე სამუშაოს ასრულებენ. რაც შეეხება ბოლო ეპიზოდს – ბაია პატარაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას აკრიტიკებს გადაცემის მონაწილეების მიერ საკითხის განზოგადებას და ამბობს, რომ ეს სექსისტურ სტერეოტიპებს ამყარებს.

ფემინისტური მოძრაობა “ქალთა მზერის” აქტივისტი, ანა კამლაძე “ნეტგაზეთთან საუბრისას” ამბობს, რომ გადაცემა “კაცების დრო” ერთდროულადაა მოწყვეტილი საზოგადოებას და იმის გააზრებას, თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში და ზუსტად ასახავს, რა სავალალოდაა გენდერული როლები გადანაწილებული:

“კაცებს არ სჭირდებათ ავტონომიური სივრცეები, — ყველა სივრცე, ისინიც კი, რომლებსაც ქალები მართავენ, კაცების ირონიისა და დირექტივების ქვეშ იმართება… წამყვანები ამბობენ, რომ გადაცემას ქალები აკეთებენ, რომ გუნდში გენდერული ბალანსი დაცული აქვთ, თითქოს ეს არგუმენტი მათ სასარგებლოდ მეტყველებდეს. მუდმივად ახსენებენ ფემინისტებს, ქალებს. ფაქტი ერთია, — ეს კაცები თავხედურად ავსებენ ხელოვნურად გაჩენილ სივრცეს და თან გვაძლევენ რჩევებს, როგორ ვიმოქმედოთ, როგორი დედები უნდა ვიყოთ, როგორ გავაკრიტიკოთ ისინი და ა,შ”, — გვეუბნება ანა კამლაძე.

გადაცემა "კაცების დროს" ბანერი. წყარო: გადაცემის ფეისბუკის გვერდი.

გადაცემა “კაცების დროს” ბანერი – წამყვანები: გურამ შეროზია, ოთარ შამათავა და რატი ამაღლობელი (მარცხნიდან მარჯვნივ). წყარო: გადაცემის ფეისბუკის გვერდი.

“მთავარი საკითხია ის, რომ არ არსებობს ამის საჭიროება, რომ ეს ცალსახა სექსიზმია არა მხოლოდ ფორმის, არამედ შინაარსის გამოც და ესაა გაშიშვლება იმისა, რაზეც ვსაუბრობთ ფემინისტები. ეს გადაცემაა რეალობა, იმის მაჩვენებელი, თუ ვისი ხმა ისმის ექსკლუზიურად და რამდენადაა ქალების ხმა გადაფარული ამ მასკულინური აბსურდით”, – დასძენს “ქალთა მზერის” აქტივისტი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად, მაუწყებელმა არ უნდა დაუშვას ადამიანთა დისკრიმინაცია სხვადასხვა, მათ შორის, გენდერული ნიშნით. კოდექსის მე-15 მუხლში ვკითხულობთ, რომ “ქალებზე მსჯელობისას უნდა მოვერიდოთ სექსისტური გამოთქმების გამოყენებას. სექსისტური შეფასებისა თუ შედარებების გაკეთებას”.

ამას გარდა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33-ე მუხლი მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ ამბობს, რომ მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას და ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას…

კავშირ “საფარის” ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, გადაცემასთან დაკავშირებით აპირებს, რომ მიმართოს სახალხო დამცველსა და თვითონ საზოგადოებრივ მაუწყებელს და გადაცემის დახურვა მოითხოვოს. ეს გადაცემა დისკრიმინაციას ხელს უწყობს, — დარწმუნებულია უფლებადამცველი.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს (ბორდის) წევრი, ქეთევან მსხილაძე განმარტავს, ტელევიზიაში არ არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც საკუთარი ინიციატივით გაუწევდა მონიტორინგს გადაცემას – თუ რამდენად შეესაბამება ის ქცევის კოდექსს, მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ გადაცემის ქცევის კოდექსთან შესაბამისობას მაუწყებელში ყურადღებას უთმობენ.

თუკი რომელიმე გადაცემასთან დაკავშირებით მაუწყებელში საჩივარი შევა, ჯგუფი, რომელიც მენეჯმენტისგანაა დაკომპლექტებული, ამ საჩივარს განიხილავს. თუ მენეჯმენტის ჯგუფის გადაწყვეტილებამ მომჩივანი არ დააკმაყოფილა, მას შეუძლია, გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან გაასაჩივროს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი