ახალი ამბები

განათლების კომიტეტი სტუდენტურ თვითმმართველობასა და აუდიტორია #115-ს ხვდება

5 დეკემბერი, 2016 • 4823
განათლების კომიტეტი სტუდენტურ თვითმმართველობასა და აუდიტორია #115-ს ხვდება

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები “აუდიტორია 115”-ის და თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს ხვდებიან. შეხვედრას ასევე ესწრება პრეზიდენტის ადმინსიტრაციის და ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელი.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მალე მომზადდება:

“ჩვენ ორივე მხარის პოზიციას მოვისმენთ თვითმმართველობის არჩევის წესსა და დაფინანსების საკითხზე. მე აბსოლუტურად ვიზირებ მოთხოვნას, რომ სტუდენტების თანაბარი უფლება უნდა იყოს გარანტირებული, როგორც საფაკულტეტო საბჭოს წევრის არჩევისას, ასევე, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. მაქსიმალურად სწრაფად შემუშავდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ. მე ამ პროცესს დავარქმევდი აქციიდან კონსტრუქციამდე გზას”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

აუდიტორია 115-ის წევრის, გიორგი არობელიძის განცხადებით, სხდომაზე მყოფი სტუდენტები მოისმენენ კომიტეტის ინიციატივებს, რის შემდეგაც უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში გადაინაცვლებენ და 115-ის მხარდამჭერები ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას – შეწყვეტენ თუ არა ამ კორპუსის პიკეტირებას.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი კი ამბობს, რომ  მათი [თვითმმართველობის] მიზანია, სტუდენტებს მეტი განვითარების პირობები შეუქმნან:

“ჩვენი ძირითადი მიზანია, ერთმანეთს მეტი განვითარების საშუალება შევუქმნათ, პროფესიული განვითარების კუთხით მეტი პრაქტიკის საშუალება. უფრო მეტად დავიცვათ სტუდენტთა უფლებები, უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ ყველა უწყებასთან, ეს იქნება უნვერსიტეტის შიდა ადმინისტრაცია თუ სხვა პირები, რადგან მეტი კონტაქტები და მეტი ინფორმირებულობა გახდება საშუალება, რათა სტუდენტმებმა ერთად შევქმნათ უკეთესი სტუდენტური ცხოვრება”, – თქვა ბახვა კვირიკაშვილმა.

სტუდენტურ მოძრაობას “აუდიტორია #115”-ს 2016 წლის 24 ნოემბრის ღამის შემდეგ თსუ-ის მე-6 კორპუსის შენობა აქვს პიკეტირებული – სასწავლო პროცესი სხვა კორპუსებში გრძლედება და აქაური ლექციები სხვაგან ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი