ახალი ამბები

დარჩიაშვილი: მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? ალბათ, პარტიიდანაც გავალ

5 დეკემბერი, 2016 • 1432
დარჩიაშვილი: მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? ალბათ, პარტიიდანაც გავალ

“მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? კი, ბატონო: მე, ალბათ, გავალ უკვე პარტიიდანაც”, – ამ განცხადებას ფეისბუკზე ენმ-ის პოლიტსაბჭოსა და მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების საკითხის თაობაზე აკეთებს.

დარჩიაშვილი ასევე წერს, რომ ენმ-ის ყრილობაზე, რომელიც იანვრის მეორე ნახევარში უნდა გაიმართოს, დელეგატის მანდატით არ ისარგებლებს:

“ვაჰ, რა შემოტევაა. ზოგმა – მოღალატეო, ზოგმა – სიტყვის გამტეხიო, მანდატს თავზე დაგახევთო, მიშას შეუცვლელად თვლიდი, ახლა დაგავიწყდაო. . . ერთი პირობა, იფიქრებს კაცი, გავეშვა, რაც უნდა ის უთქვამთ თუ უქნიათ. მაგრამ რახან განგებამ ფბ-ზე დაგვაკავშირა, ერთად გეტყვით და მერე ყველამ თავისი არჩევანი გააკეთოს:

1. ყრილობაზე “ბილეთი” დელეგატის მანდატია, ხომ? ვთქვი, არ ავიღებ-თქო და არ ავიღებ. ამით მოხდება ის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ. იქ თუ მაინც მოვედი, ეს პარტიული მეგობრების სურვილით მოხდება – თუ მეტყვიან, რომ აზრი უნდა გამოვხატო. თქვენც გაგიხარდებათ: საშუალება მოგეცემათ, თქვენი ვაჟკაცობა ცხადში დაადასტუროთ, თორემ ფბ-ზე მუქარები რა საკადრისია?

2. კი, მიშა და ნაციონალური მოძრაობა ერთიანად მიმაჩნდა 2015 წლის დასაწყისში (მიტრიალებენ ძველ პოსტსა თუ კომენტარს, ადრე ასე ფიქრობდი და ახლა დაგავიწყდაო). და რა გინდათ, ამით რომ თქვათ? ამის მერე ხდება ისეთი მოვლენები, რამაც 2016 წლის არჩევნების შემდეგ მიმიყვანა აზრამდე, რომ მიშა უნდა დარჩეს ენმ-ის დამფუძნებლად (ისტორიაა, ამას ვერავინ შეცვლის), დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიულ სიმბოლოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტად, მაგრამ, სანამ იგი არ ჩამოვა, პარტიის შიდა მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს. არ გამოდის სხვაგვარად პარტიის ფუნქციონირება: ინტრიგების, დაპირისპირებების მეტს არაფერს უწყობს ეს ხელს. გადაწყვეტს ყრილობა სხვანაირად? ანუ, მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? კი, ბატონო: მე, ალბათ, გავალ უკვე პარტიიდანაც. ალბათ-თქო, იმიტომ ვამბობ, რომ ვის შეხედულებებსაც პარტიის ტაქტიკაზე დღეს ვიზიარებ, არ მინდა მივატოვო უმცირესობაში. თუმცა, არა მგონია, განსხვავებული აზრის ატანა მოხდეს ყრილობის შემდგომ ენმ-ში და ალბათ ყველას გასვლა აჯობებს, ვინც ყრილობის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება”, – წერს დარჩიაშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ, პარტია 7000-დელეგატიან ყრილობას ჩაატარებს. ყრილობის დღის წესრიგი ჯერ მომზადებული არ არის, თუმცა ის გუნდი, რომელმაც პოლიტსაბჭოს ზემოხსენებული სხდომა მოიგო,  ახალი თავმჯდომარს არჩევას მხარს არ უჭერს.

პოლიტსაბჭოს პარალელურად, ენმ–ის ოფისთან შეკრებილი იყვნენ მხარდამჭერები, რომლებიც 7 000-დელეგატიან ფორმატს ემხრობოდნენ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ მათ გამარჯვება აღნიშნეს და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელს სკანდირებდნენ, რომელიც ასევე ამ წესს უჭერდა მხარს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს 60-დან 50 წევრი დაესწრო და ყრილობის ჩატარების წესის 2 ვარიანტი განიხილა.

პირველი ვარიანტის მიხედვით, ყრილობა უნდა ჩატარებულიყო 27 დეკემბერს და მასში 2 158 დელეგატს უნდა მიეღო მონაწილეობა, ამ ვარიანტის მიხედვით, პარტიას უნდა აერჩია ახალი თავმჯდომარე. ეს პოსტი მას მერე გახდა ვაკანტური, რაც მიხეილ საკააშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ეს ვარიანტი სამდივნოს გავლით პოლიტსაბჭოს მიერ ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა მოამზადა.

რაც შეეხება მეორე ვარაინტს, ეს ვარიანტი მოამზადეს პოლიტსაბჭოს წევრებმა: ზაზა ბიბილაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ და ლევან ბეჟაშვილმა. მეორე ვარიანტის მიხედვით, ყრილობა უნდა ჩატარდეს 20 იანვარს და მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს მინიმუმ 7000-მა დელეგატმა. ამ ვარიანტში ახალი თავმჯდომარის არჩევა გათვალისწინებული არ არის. ამ ვარიანტს მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილი. ხმათა უმრავლესობით, სწორედ ეს ვარიანტი აირჩია პოლიტსაბჭომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი