ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა 7000-დელეგატიან ყრილობას ჩაატარებს

30 ნოემბერი, 2016 • 13005
ნაციონალური მოძრაობა 7000-დელეგატიან ყრილობას ჩაატარებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ, პარტია 7000-დელეგატიან ყრილობას ჩაატარებს. კენჭისყრაში პოლიტსაბჭოს ერთმა წევრმა თავი შეიკავა.

პოლიტსაბჭოს პარალელურად ნაციონალური მოძრაობის ოფისთან შეკრებილი იყვნენ მხარდამჭერები, რომლებიც 7 000-დელეგატიან ფორმატს ემხრობოდნენ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ მათ გამარჯვება აღნიშნეს:

დღეს, 30 ნოემბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო, როდის, როგორ, რა ფორმით და რა დღის წესრიგით ჩაატარებს პარტია ყრილობას, სადაც ახალი მენეჯმენტი უნდა აირჩიონ.

პოლიტსაბჭოს 60-დან 50 წევრი დაესწრო.

ენმ-ის პოლიტსაბჭომ განიხილა ყრილობის ჩატარების წესის 2 ვარიანტი. პირველი ვარიანტის მიხედვით, ყრილობა უნდა ჩატარდეს 27 დეკემბერს და მასში 2 158-მა დელეგატმა უნდა მიიღოს მონაწოეიბა, ამ ვარიანტის მიხედვით, პარტიამ უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე. ეს პოსტი მას მერე გახდა ვაკანტური, რაც მიხეილ საკააშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ეს ვარიანტი მოამზადა სამდივნოს გავლით პოლიტსაბჭოს მიერ ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა.

რაც შეეხება მეორე ვარაინტს, ეს ვარიანტი მოამზადეს პოლიტსაბჭოს წევრებმა: ზაზა ბიბილაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ და ლევან ბეჟაშვილმა. მეორე ვარიანტის მიხედვით, ყრილობა უნდა ჩატარდეს 20 იანვარს და მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს მინიმუმ 7000-მა დელეგატმა. ამ ვარიანტში ახალი თავმჯდომარის არჩევა გათვალისწინებული არ არის. საბოლოოდ, რომელ ვარიანტს დაუჭერს პოლიტსაბჭო მხარს, ჯერჯერობით პროგნოზირება რთულია, რადგან ორივეს ჰყავს მხარდამჭერები. გუშინ პოლიტსაბჭოს 22-მა წევრმა განცხდება გაავრცელა და ღიად გამოუცხადა მახარდაჭერა ყრილობის ჩატარების მეორე ვარიანტს, რომელიც 7  000 დელელაგატის მონაწილეობით ყრილობის ჩატარებას ითვალისწინებს. ამ ვარიანტს მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილი. ხმათა უმრავლესობით, სწორედ ეს ვარიანტი აირჩია პოლიტსაბჭომ.

სხდომის მიმდინარეობისას, ვიდრე გაირკვეოდა, თუ რომელ ვარიანტს დაუჭერდა მხარს პოლიტსაბჭო, ერთ-ერთმა წევრმა, გოკა გაბაშვილმა კომენტარი გააკეთა ნუგზარ წიკლაურის პოზიციაზე. წიკლაური, რომელიც სააკაშვილის მხარდაჭერილ ვარიანტს ემხრობოდა, არ გამორიცხავდა ყრილობისთვის ბოიკოტის გამოცხადებას იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტსაბჭო 2 000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას დაუჭერდა მხარს. თავად გაბაშვილი 2 000-დელეგატიანი ყრილობის და ახალი თავმჯდომარის არჩევის მომხრე იყო.

გაბაშვილმა წიკლაურის კომენტართან დაკავშირებით განაცხადა, რომ პარტიის წევრებს უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაეზიარებინათ:

“ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება. ჩვენ ვმოქმედებთ დემოკრატიული პარტიის წესების მიხედვით. თუ ჩემი პოზიცია ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, მე უნდა გავიზიარო ის პოზიცია, რაც აქვს უმრავლესობას პოლიტიკურ საბჭოზე, რომელიც უმაღლესი მმართველი ორგანოა პარტიის ყრილობებს შორის. თუ ყრილობაზე ის პოზიცია დაფიქსირდება, რომელიც მე არ მომწონს, გასაგებია, რომ არ მომწონს, მაგრამ ასე იქნება, უმრავლესობა ასე გადაწყვეტს. დემოკრატიული პარტიები გადაწყვეტილებებს იღებენ კამათის შედეგად… თუ შენს პარტიასთან ღირებულებითი კონფლიქტი არ აქვს და სხვა პარტია არ გეგულება, ან სხვა პოლიტიკური შეხედულებები არ გაქვს, უნდა მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც უმრავლესობა დადგენილი დემოკრატიული წესით დაადგენს,”- განაცხადა მაშინ გაბაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი