ახალი ამბები

არ აწამო! – აქციის მეორე დღე [განახლებადი]

19 სექტემბერი, 2012 • 1904
არ აწამო! – აქციის მეორე დღე [განახლებადი]

აქციის მონაწილეებს შორის განსაკუთრებით მრავლად არიან პატიმრების მშობლები და ნათესავები. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ მომხდართან დაკავშირებით და შიშობენ, რომ მათი ოჯახის წევრებსაც იგივე ემურებთ.

აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ, მათ შორის დავით გარეჯის მონასტრიდან მეუფე კირიონი. მისი განცხადებით, იგი სპეციალურად ჩამოვიდა აქციაზე და თვლის, რომ პრობლემის მოსაგვარებაში ყველა უნდა იყოს ჩართული:

“მთავარი ბოროტების ჩამდენები არიან ისინი, ვინც ეს მოიფიქრა, ხოლო შემსრულებლები – უბედურები, თუ ყველანი ჩუმად ვიქნებით, შემდეგ გვიან იქნება”. 

აქციაზე  ფერისცვალების მამათა მონასტრიდან არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილიც მივიდა. იგი აღნიშნავს, რომ დღეს დილით იხილა ვიდეომასალა და მაშინვე აქციაზე წამოვიდა:

“ეს არ არის ერთი და ორი ადამიანის დანაშაული, ეს არის მთელი ხელისფლების დანაშაული და მთლიანად უნდა აგონ პასუხი. ადრე გვქონდა უფლება, შევსულიყავით და მე უშუალოდ  მინახავს, როგორ ექცეოდნენ პატიმრებს. ჩვენ ვერაფერი გავაწყვეთ ამის წინაააღმდეგ და აღარ მეყო ძალა, გამეგრძელებინა იქ სიარული, ამიტომ ბოლო დროს აღარ ვყოფილვარ.”  

ფილარმონიის გარდა, საპროტესტო აქციები დღეს დაგეგმილია ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში.

13:00 თბილისში, ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ელოდებიან. მოგვიანებით კი ბაჩო ახალაიას გადადგომის მოთხოვნით გზის გადაკეტვას გეგმავენ. 

 

 “ეს არის სისტემა, რომელიც შექმნა საკაშვილმა, კალმახელიძე არის მხოლოდ მარიონეტი, სირცხვილია, როცა ნაცარს თვალში გვაყრიან,”- ამბობს ია მეტრეველი, ფონდი “ქომაგის” თანადამფუძნებელი. 

13:05 აქციის მონაწილეებმა თბილისში მელიქიშვილის ქუჩა გადაკეტეს. 

13:08 – ბათუმში, ერას მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქართული ოცნებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ასევე, ბათუმის უნივერსიტეტთან იკრიბებიან სტუდენტები, რომლებიც გააპროტესტებენ პატიმართა წამების ფაქტებს საქართველოში.

13:11 – გლდანის მერვე  საპყრობილესთან  პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. მათი განცხადებით, არანაირი ინფორმაცია არ აქვთ ციხიდან პატიმრების მდგომარეობის შესახებ. ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ გუშინ უნდა დაერეკა მის შვილს, თუმცა ამ დრომდე ციხიდნ ზარი არ განხორციელებულა.

შეკრებილი ადამიანები ტირიან და ითხოვენ, რომ ციხის ადმინისტრაციამ  ერთი ზარის განხორციელების უფლება მისცენ პატიმრებს, რათა დარწმუნდნენ, რომ კარგად არიან.

ერთ-ერთი მშობელი, ნინელი გელანტია ამბობს, რომ მისი შვილი რამაზ ჯოჯუა ამ წუთებში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. მას ცალი თირკმელი გათიშული აქვს. თუმცა გლდანის საპყრობილიდან მის რუსთავის საპყრობილეში გადაყვანის უფლებას ოჯახს არ აძლევენ.

“სადაც ზის, იმას იმსახურებსო, ეს პასუხი მივიღეთ დეპარტამენტის უფროსისგან,“ – აღნიშნავს ნინელი გალანტია.

აქციას მოქალაქეები თანდათან ემატებიან.

13:23 – ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცა იწყება. ამ წუთებში უნივერსიტეტში სტუდენტების ჯგუფი შევიდა, რომლებიც ლექტორებსა და სტუდენტებს მოუწოდებენ, დატოვონ ლექციები და შუერთდნენ სტუდენტთა

საპროტესტო აქციას.

13:40 – გაზეთ “გურიან ნიუსის” ცნობით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ოზურგეთში, ლოზუნგებით – “არა ნაციონალურ მოძრაობას!””შეწყდეს ძალადობა და პატიმრების წამება!” აქციაში მონაწილეობენ “ქართული ოცნების” აქტივისტები.

14:08 – ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. აქციაზე ითქვა, რომ შესაძლოა საპროტესტო აქციამ ფილარმონიიდან სახელმწიფო კანცელარიის შენობისკენ გადაინაცვლოს.

14:15 – ამ წუთებში გლდანის #8 საპყრობილესთან სიტუაცია დაძაბულია. პატიმართა ოჯახის წევრები მოითხოვენ პატიმრების ნახვას, ისინი ციხის შესასვლელზე აბრახუნებენ.

“შორიდან მაინც დაგვანახეთ ჩვენი პატიმრები, რომ ნაცემები არ არიან და დავიშლებით და წავალთ”, – აცხადებენ ციხესთან შეკრებილები.

14:19 –  საპროტესტო აქციას ფილარმონიასთან “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლები შეურთდნენ.

“კალმახელიძის გადადგომას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუკი ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს. უნდა დაისაჯონ დამკვეთებიც და შემსრულებლებიც,” – აცხადებს ზაზა გაბუნია.

მისივე თქმით, აქციას მალე შეუერთდება გიორგი თარგამაძე, რომელმაც რეგიონში გადადო შეხვედრა.

14:20 – რადიო “ჰერეთის” ცნობით, ლაგოდეხის პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რადგან “ქართული ოცნების” წარმომადგენლების თქმით, პატიმრების წამების ვიდეომასალაში მათ ამოიცნეს ლაგოდეხის პოლიციის უფროსი გიორგი ბუთლიაშვილი. ამ საკითხზე რადიო “ჰერეთის” ჟურნალისტის შეკითხვას ბუთლიაშვილმა არ უპასუხა.

14:29 – გლდანის საპყრობილესთან დაძაბულობა განიმუხტა, პატიმრების მშობლებმა საპყრობილის შესასვლელიდან უკან დაიხიეს, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, დაშლას არ აპირებენ.

14:32 – გლდანის საპყრობილეში ამ წუთებში პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებრივ და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი შევიდა.

14:40 – საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ფოთში. livepress.ge-ის ცნობით, ამ წუთებში აქციის მონაწილეები ფოთის პოლიციის შენობასთან იმყოფებიან.

15:15 – რამდენიმე წუთის წინ გლდანის #8 საპყრობილესთან მიმდინარე საპროტესტო აქციას “ქართული ოცნების” აქტივისტებიც შეუერთდნენ. ცოტა ხნის წინ გლდანის ციხიდან გამოვიდა ერთ–ერთი სასულიერო პირი, მამა ილია, რომელმაც განაცხადა, რომ პატიმრები ნაცემები არ არიან და ისინი ინფორმირებული არიან მიმდინარე მოვლენების შესახებ.

15:30 – გლდანის #8 საპყრობილესთან მყოფ პატიმართა ოჯახის წევრებს ამ წუთებში განუცხადეს, რომ მათ დღეს პატიმრებს შეახვედრებენ. ჯერჯერობით ცნობილია, რომ ოჯახის წევრების რიგგარეშე მონახულების საშუალებას მხოლოდ 28 პირს  მისცემენ. ციხესთან შეკრებილი სხვა მოქალაქეებიც ელოდებიან, რომ პატიმარების მონახულების საშუალება მათაც მიეცემათ.

15:33 – ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ამ წუთებში რუსთაველის გამზირის გავლით მთავრობის კანცელარიისკენ დაიძრნენ.

15:37 – ამ წუთებში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ ახალციხეში, სადაც ცოტა ხნის წინ არასამთავრობოებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები  – “სოლიდარობა წამებულ პატიმრებს”, “არ აწამო”,  “დაისაჯონ დამნაშავეები”  “მოვითხოვთ დამნაშავეების დასჯას”, ახალციხეც შეუერთდა იმ ერთიან ტალღას, რაც ქვეყანაშია აგორებული.

სამოქალაქო საზოგადოების აქცია ახალციხეში
სამოქალაქო საზოგადოების აქცია ახალციხეში

ქართული ოცნების აქცია ახალციხეში
ქართული ოცნების აქცია ახალციხეში

15:30 – საპროტესტო აქცია – “არ აწამო” გაიმართა დღეს ქუთაისში, #2 საპყრობილესთან, სადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

საპროტესტო აქცია ქუთაისში
საპროტესტო აქცია ქუთაისში

15:55 – თბილისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიისკენ მიემართებიან. რუსთაველის გამზირზე მდებარე არჩილ გეგენავას საარჩევნო შტაბთან მისულმა აქციის მონაწილეებმა შტაბში მყოფ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს მოუწოდეს, დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს სააკაშვილის რეჟიმს.

16:03 – გლდანის საპყრობილესთან შეკრებილ მშობლებს განუცხადეს, რომ ყველა მათგანს შეუშვებენ საპყრობილეში პატიმრების მოსანახულებლად. ამ წუთებში რიგგარეშე პაემნის მოთხოვნის შესახებ განცხადებებს ავსებენ მშობლები, რის შემდეგაც მათ პატიმრების ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ.

16:25 – აქციის მონაწილეები ამ წუთებში კანცელარიასთან იკრიბებიან. მონაწილეების ნაწილი აცხადებს, რომ კანცელარიაში ცოცხების შეტანას აპირებენ.

16: 30 – აქციის მონაწილეთა ნაწილმა კანცელარიის ფოიეში ცოცხი შეიტანეს. დაცვის წევრებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. დაჩი ცაგურიას განცხადებით, “ამიერიდან ცოცხი არის სააკაშვილისა და მისი მმართველობის სიმბოლო.”

მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულედაბინ ადვოკატი ნათია კორკოტაძე გამოვიდა. მისი განცხადებით, პატიმრები სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. “გუშინ, 7 საათის შემდეგ მათ რადიოსიგნალი გაუთიშეს. ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მეუბნებიან.

დაწესებულებაში ეტაპობრივად მიმდინარეობს პატიმრების მნახველთა შესვლა.

16:40 – რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო კანცელარიიდან გამოვიდა ედპ–ს ლიდერი გურამ ჩახვაძე, რომელსაც აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მას რამდენიმე ადამიანი გაეკიდა, შეასხეს წყალი და აფურთხებდნენ. საბოლოოდ, აქციის ორგანიზატორებმა ხალხის შეკავება და მისთვის კორიდორის გაკეთება შეძლეს, რის შემდეგაც გურამ ჩახვაძემ შეძლო ტერიტორიის დატოვება.

17:18 – კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე ჯონდი ბღათურია მივიდა, ბაღათურიამ სურვილი გამოთქვა, რომ შეკრებილ ადამიანებს ავლაბრის რეზიდენციასთან უნდა გადაენაცვლათ. დაჩი ცაგურიამ კი განაცხადა, რომ ხალხი კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებდა, რის გამოც ცაგურიასა და ბაღათურიას შორის კონფლიქტი და მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა.

18:00 – გლდანის მე-8 საპყრობილეში საპატრულო პოლიცია შევიდა.

18:05 – “ჯალათებო”, “ფაშისტებო” – ასე მიმართავენ გლდანის ციხესთან შეკრებილი პატიმართა ახლობლები პრემიერ–მინისტრის აპარატის თანამშრომელს შოთა უტიაშვილს, რომელიც ამ წუთებში ციხის ეზოში გადაადგილდება. მის დანახვაზე საპროტესტო შეძახილებმა და ხმაურმა აქციის მონაწილეებში იმატა.

18:15 – აქციის მონაწილეები მოდულის შენობისკენ მიემართებიან შეძახილებით, ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, შეურთდნენ აქციას. ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.

18:17 – სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია ამ წუთებში იშლება. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მუხტის შესანარჩუნებლად აქციის მონაწილეთა ნაწილი მოდულის შენობისკენ დაიძრას, სადაც გაგრძელდება საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეები მოდულის შენობასთანაც გააპროტესტებენ პატიმრების წამებას და მოითხოვენ ბაჩო ახალიას გადადგომას.

18:23 – ვაჟა ფშაველას გამზირზე, მოდულის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა მიმდებარე კორპუსებში მცხოვრებლებს თხოვნით მიმართეს, მათთვის მიეცათ ცოცხები, რაც მოსახლეობამ დააკამაყოფილა. აქციის მონაწილეებმა ცოცხი დაწვეს მოდულის შენობასთან.

18:27 – შოთა უტიაშვილმა გლდანის საპყრობილესთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ყველა ცხიხეში შესულია პოლიცია:

“გლდანის ციხეში 20-მდე პატრულია შესული. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არავის მიმართ არ ფიქსირდება ფიზიკური ძალადობის ფაქტები. მისი თქმით, ყველას მიეცემა საშუალება, გლდანში მოინახულოს პატიმარი.”

უტიაშვილის ცნობით, გლდანის საპყრობილის უფროსად დაინიშნა გურამ დოლიძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად გია ლორთქიფანიძე. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პატიმრები საინფორმაციო ვაკუუმში არიან, უტიაშვილის თქმით, სინამდვიელეს არ შეესაბამება.

18:51 – მოდულის შენობიდან აქციის მონაწილეები ვაკის გავლით ისევ სახელმწიფო კანცელარიასთან აპირებენ მისვლას, სადაც გააგრძელებენ საპროტესტო აქციას.

19:00 – აქცია ისევ მოდულის შენობასთან მიმდინარეობს. აქციას მოდულის შენობასთან შეუერთდნენ ალასანიას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

19:19 – მოდულის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი ხვალ, 15:00 საათამდე აძლევენ ვადას ხელისუფლებას ციხეებში პატიმრების წამების გამო ყველა პასუხისმგებელი პირი დაისაჯოს. აქციის მონაწილეები აპირებენ ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას ვაჟა ფშაველას ძეგლიდან სამედიცინო უნივერსიტეტამდე?

19:37 – მოდულის შენობის ცენტრალურ შესასვლეთან აქციის მონაწილეები დგანან. ისინი მოდულის შენობიდან გამოსულ თანამშრომლებს აქციის მონაწილეების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებენ.

20:10 -გლდანის საპყრობილესთან ამ წუთებში “საყვირების აქცია” დაიწყო. ავტომანქანები ციხესთან წრეს ქმნიან და საყვირების საშუალებით პატიმრებს მხარდაჭერას უცხადებენ. “საყვირების აქციის” გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ციხიდან გამოსული პატიმარის ერთ–ერთმა ახლობელმა შეკრებილ ხალხს განუცხადა, რომ გლდანის საპყრობილეში პატიმრებს ციხესთან მიმდინარე პროცესების სემდეგ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

20:16 გლდანის საპყრობილედან ორი ტოიოტას მარკის ავტომობილი გამოვიდა, რომელიც სავარაუდიოდ მაღალჩინოსნებს ეკუთვნოდათ. ციხის შესასვლეთან შეკრებილმა ხალხმა ავტომობილებისათვის გზის გადაკეტვა სცადა, თუმცა სამხედროფორმიანმა ახალგაზრდებმა, რომელებიც ციხის კარებთან დგანან, მათ ხელი შეუშალეს. ავტომობილებმა ციხის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.    

20:25 – მოდულის შენობასთან მყოფმა აქციის მონაწილეებმა დაშლა გადაწყვიტეს, მათი განცხადებით ღამით არ არის გამორიცხული ადგილი ჰქონდეს პროვოკაციას, ამიტომ ისინი დაიშლებიან და ხვალ, 20 სექტემბერს, 15:00 საათზე კვლავ მოდულის შენობასთან შეიკრიბებიან.

20:45 –რამდენიმე ასეული ადამიანია კვლავ მე–8 საპყრობილესთანაა შეკრებილი, ისინი არ აპირებენ ტერიტორიის დატოვებას მანამდე სანამ ახლობლებს არ ნახავენ.

რამდენიმე წუთის მანძილზე გარეთ შეკრებილი ახლობლები ციხეში მყოფებს მეგაფონებით და შეძახილებით ამხნევებდნენ.

ის ადამიანები, ვინც ციხეში მყოფი საკუთარი ახლობელი უკვე მოინახულა აცხადებენ, რომ რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, ციხის შენობაში შესულებს, კიდევ საათნახევარი უწევთ მოცდა იმისთვის, რომ 15 წუთით მოინახულონ პატიმრები.

ერთ–ერთმა მოქალაქემ, ნინო ნანავამ, რომელმაც თავისი ოჯახის წევრი ციხეში მოინახულა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მიმდინარე მოვლენებზე პატიმრებს ინფორმაცია არ აქვთ. მისი თქმით ციხეში რადიოები გათიშულია. როგორც ნანავას საკუთარმა ახლობელმა განუცხადა ციხეში პატიმრები ხვდებიან, რომ რაღაც ხდება რადგან იქ პატრულია მობილიზებული, თუმცა ინფორმაციას მათ არავინ აწვდის.

21:11 – გლდანის საპყრობილის შესასვლელში ქალმა გონება დაკარგა. ის პატიმარი ძმის მოსანახულებლად იყო შესული საპყრობილეში და როდესაც იქიდან გამოვიდა, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ამ დროისთვის ის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავთ.

გლდანის საპყრობილესთან
გლდანის საპყრობილესთან

გლდანის საპყრობილესთან
გლდანის საპყრობილესთან

გლდანის საპყრობილეში
გლდანის საპყრობილეში

გლდანის საპყრობილეში
გლდანის საპყრობილეში

21:49 – საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან, სადაც აქციის მონაწილეები მოდულის შენობიდან მივიდნენ, ამ წუთებში დასრულდა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ხვალ 15:00 საათზე ისევ მოდულის შენობასთან შეიკრიბებიან, ხოლო 17:00 საათზე აქცია ფილარმონიასთან გაგრძელდება.

21:50 – აქცია მიმდინარეობს ქუთაისის #2 საპყრობილესთან, რომელსაც შეურთდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მანამდე კი ქუთაისში, სტუდენტების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი გლდანის მერვე საპყრობილესა და არასრულწლოვნების საპყრობილეში მომხდარ ფაქტებს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები წერეთლის უნივერსიტეტიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილამდე “არ აწამოს” სკანდირებით მივიდნენ.

22:20 – ამ დროისთვის გლდანის საპყრობილედან პატიმრების ახლობლების მეხუთე ნაკადი გამოვიდა, რომლებმაც ჟურნალისტებს განუცხადეს, რიმ მათ პატიმრებს გარეგნულად ცემის კვალი არ ეტყობა, თუმცა ისინი მაინც ყველაფერზე საუბარს ერიდებიან.

ერთ-ერთმა პატიმრის დედამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მისი შვილის ამშვიდებდა ყველაფერი კარგად არისო, თუმცა უთხრა, რომ ახლა ყველარის თქმის დრო არ იყო:

“მუცელი ტკიოდა და რომ ვუთხარი ეჩვენებინა, ახლა ვერ გაჩევნებო. 15 წუთით შევხვდი მას. დამრჩა შთაბეჭდულება, რომ ძალიან შეშინებული და დათრგუნული იყო.” 

ერთ-ერთმა ქალბატონმა კი, რომლის ქმარ-შვილი პატიმარია, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ საპყრობილესთან იმყოფება გუშინს მერე, მას შემდეგ რაც პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. ის თავის რიგს ელოდება, რომ მოინახულოს ციხეში პატიმარი ოჯახის წევრები. ქალბატონი აცხადებს, რომ მისი ქმარ-შვილის მიმართ ციხეში ძალადობის ფაქტები ყოფილა და მას ამის თაობაზე არაერთხელ მიუმართავს სახალხო დამცველისთვის.

22:30 – შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება მოჰყვა გლდანის საპყრობილის ეზოდან სასწრაფო დახმარების მანქანის გამოსვლას. ეზოში შეკრებილი ადამიანები არ აძლევდნენ მანქანას გადაადგილების საშუელბას, რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის აქტიურებდნენ ახალგარზრდები, რომლებსაც სახეები დაფარული ჰქონდათ ცხვირსახოცებით და ნაწილს “ქართული ოცნების” მაისურები ეცვათ, წიხლები დაუშინეს მანქანას, სასწრაფოს მძღოლს მოთხოვეს, ეთქვა – გადაჰყავდა თუ არა მანქანას რომელიმე ნაცემი პატიმარი ციხიდან, გახსნეს სასწრაფოს მანქანის კარი, შეამოწმეს, თუმცა მანქანა ცარიელი აღმოჩნდა.

სასწრაფოს ბრიგადას არ უთქვამს, თუ რატომ იმყოფებოდნენ ისინი გლდანის ციხეში. საბოლოო ჯამში, მანქანამ ტერიტორიის დატოვება მოახერხა.

23:58 – გლდანის საპყრობილეს ამ წუთებში უახლოვდება ახალგაზრდების კოლონა. მანამდე ლალი მოროშკინამ გააფრთხილა საპყრობილესთან შეკრებილები, რომ ციხისკენ მოემართება 13-14-15 წლის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთა ემოციების გაკონტროლება რთული იქნება, რის გამოც მან უფროსებსა და ჟურნალისტებს მოუწოდა, დარჩნენ ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში, რათა არ მოხდეს პროვოკაცია. მოროშკინას თქმით, პროვოკაციის შემთხვევაში ხელისუფლება გამოაცხადებს კომენდატის საათს, რის შედეგად ჩაიშლება 1 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები.

00:12 – გლდანის საპყრობილესთან 200-მდე ახალაგზარდა მივიდა, ისინი სკანდირებენ – “ძირს ახალაია!” “ჩვენი ბიჭები გაგვიუპატიურეს და არ დავიშლებით”. საპყრობილესთან მყოფი პატიმრების მშობლები, რომლებიც საკუთარ რიგს ელიან ციხეში პაემნის განსახორციელებლად, ახალგაზრდებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, რადგან შიშობენ, რომ არეულობის შემთხვევაში, ხელისუფლება მათ აღარ მისცემს პატიმრების მონახულების უფლებას.

01:05 – ახალგზარდების ჯგუფმა გლდანის საპყრობილის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. მათ განაცხადეს, რომ აქციას ხვალიდან განაახლებენ. ისინი შს მინისტრ ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. ახალგაზრდების ჯგუფს ძალების დაზოგვისა და ხვალინდელი აქციისთვის მზადებისკენ მოუწოდებდა ხათუნა ბოკუჩავა, რომელიც გლდანის ციხესთან ლალი მოროშკინასთან ერთად მივიდა. ამ დროისთვის გლდანის ციხესთან რჩებიან პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებიც ციხეში პაემნის რიგში იმყოფებიან. ასევე, საპყრობილესთან არიან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც დღევანდელ აქციებში მონაწილეობდნენ.

01:10– სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს ინფორმაციას, თუ რატომ იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების მანქანა გლდანის საპყრობილეში, კერძოდ, სასწრაფოთი ქალაქის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს ბრალდებული მ.კ. რომელიც პოლიციამ 16 დეკემბერს დააკავა სსკ 353-ე მუხლით და დაკავების დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ფეხში.

პატიმარი დაკავების შემდეგ გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, სადაც გაუკეთდა ოპერაცია, ხოლო დღეს ღამით, სასწრაფო დახმარების ავტომობილით გადმოყვანილი იქნა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში

02:05 – გლდანის საპყრობილიდან გამოსული ერთ-ერთი პატიმრის მშობელი ნატო ციმინტია ვარაუდობს, რომ მისი შვილი ნაცემია:

“მითხრა, რომ კარცერში ჰყავთ 10 დღეა, სადაც 24 საათი ანთია შუქი და ერთი სკამია მარტო. თვითონ არაფერი უთქვამს ცემაზე, მაგრამ თვალები წყლიანი ჰქონდა და ნაძალადევად იცინოდა, ძალიან შეშინებული და დათრგუნულია,” – აცხადებს ნატო ციმინტია.

გლდანის საპყრობილესთან ამ დროისთვის სიმშვიდეა, ადგილზე რჩებიან მშობლები, რომლებიც პატიმრებთან პაემნის რიგს ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი