ცესკოს კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ შედგეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კუკავას პარტიის კლიპთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომ სასამართლოს გადაეგზავნება. პარტიას 2000– ლარიანი ჯარიმა ემუქრება.
პარტიის პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება:
“არ უნდა დაგვეკისროს პასუხისმგებლობა, რადგან ეს არ იყო დასრულებული კლიპი, ეს იყო ვერსია, რომელიც გავრცელდა ფეისბუკზე”.
კლიპში, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა, სხვადასხვა დაპირებების შესახებ იყო საუბარი, მათ შორის ინგლისური წარწერებისა და თურქული დროშების ქართულით შეცვლაზე, ჰომოსექსუალუზმისა და სექტების პროპაგანდის აკრძალვაზე, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის შეჩერებაზე და უცხოელების მიერ “მიტაცებული” მიწების ნაციონალიზაციაზე.
ასევე, კლიპში გამოყენებული იყო კადრები 2012 წლის 17 მაისს ლგბტ პირთა მიერ გამართული მანიფესტიდან, რეკლამაში ჩანდნენ ჩინელი მუშები.
ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციებმა– “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა”, საერთო სამოქალაქო მოძრაობამ “მრავალეროვამა საქართველომ”, “ლგბტ საქართველომ”, “იდენტობამ”და საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართეს 2012 წლის 12 სექტემბერს.
მათი განცხადებით, ამ კლიპის გამოსვლით საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაირღვა, რადგან კოდექსის 45-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით წინასაარჩევნოდ დამზადებული კლიპი არ უნდა შეიცავდეს რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებებისკენ მოწოდებას და არ უნდა აღვივებდეს ეროვნულ შუღლსა და მტრობას.
“ზემოაღნიშნული რეკლამა ხელს უწყობს იმ სტერეოტიპების გაძლიერებას, რომლებიც ხელს უშლიან რელიგიური, ეროვნული და სექსუალური უმცირესობის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში”, – ნათქვამია საჩივარში.
არასამთავრობო ორგანიზაციები “თავისუფალი საქართველოს” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას ითხოვდნენ. მათივე განცხადებით, თუკი პოლიტიკური გაერთიანება დაუყოვნებლივ არ აღმოფხვრიდა პრობლემას, შესაძლოა პარტიის საქმიანობის კანონიერების საკითხიც დამდგარიყო.