ახალი ამბები

გვენეტაძე: პირველ დეკემბერს სავალუტო ბაზარზე გაჩენილმა მოლოდინებმა აჟიოტაჟი შექმნა

2 დეკემბერი, 2016 • 2124
გვენეტაძე: პირველ დეკემბერს სავალუტო ბაზარზე გაჩენილმა მოლოდინებმა აჟიოტაჟი შექმნა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, პირველ დეკემბერს სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული ცვლილებები მოლოდინებით განპირობებულმა აჟიოტაჟმა გამოიწვია:

“ვფიქრობ, რომ რაც ხდებოდა გუშინ სავალუტო ბაზარზე, ეს იყო გარკვეულწილად აჟიოტაჟი შექმნილი მოლოდინებიდან. მოლოდინებში ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს და რთულია მათი გამოცალკევება.

ბაზრებს, სამწუხაროდ, ახასიათებთ ასეთი მოვლენა, რომელსაც ჰქვია “ოვერშუტინგი”, ანუ ამ დონეზე მაღლა ასვლა გარკვეულ, მოკლე პერიოდში. მას მოჰყვება ხოლმე ისევ ძველი დონისკენ ჩამოსვლა. რთულია რომელიმე ფაქტორის გამოყოფა, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ავიღოთ მოცემულობად ის, რაც ხდება.” – აცხადებს გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვერ აკეთებს ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზებს და აცხადებს, რომ კურსი მრავალ ფაქტორთანაა დაკავშირებული.

“საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი. არ კეთდება და ჩვენ არ ვაკეთებ პროგნოზს ამასთან დაკავშირებით. მცურავი კურსის რეჟიმის შემთხვევაში შეუძლებელია სავალუტო კურსის პროგნოზის გაკეთება. არის აქციზების მატება, ნავთობთან დაკავშირებით შეინიშნება ფასების მატება, მაგრამ არის ასევე სხვა მიმართულებები და სხვა მოვლენები (რომლებიც ლარის სტაბილურობაზე გავლენას ახდენენ),” – ამბობს გვენეტაძე.

1 დეკემბერს ლარი დოლართან მიმართებით კიდევ უფრო გაუფასურდა და 1.53 ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით, 2 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ფასი 2.5871 ლარია. ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა და მისი ფასი 2.7491 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი