ახალი ამბები

პარლამენტმა ოთხი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

1 დეკემბერი, 2016 •
პარლამენტმა ოთხი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

დღეს, 1 დეკემბერს პარლამენტმა ოთხი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

პარლამენტმა გუგული მაღრაძის უფლებამოსილება 108 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, დავით მათიკაშვილის უფლებამოსილება 100 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, ხოლო  იორგი ხატიძის უფლებამოსილება 107 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ცნო.

საჯარო სამსახურის ნებისმიერი თანამდებობა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მინისტრებს, გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ. სწორედ მათი ადგილმონაცვლეები არიან ახალი დეპუტატები.

94 ხმით 3-ის წინააღმდეგ პარლამენტმა დღეს, გიორგი ღვინიაშვილის უფლებამოსილებაც  ცნო, რომელიც   სანდრა რულოვსის ადგილმონაცვლეა. სანდრა რულოსვმა დეპუტატის მანდატზე უარი საკუთარი სურვილით განაცხადა.

გუგული მაღრაძე წინა, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო ქართული ოცნებიდან. წინა პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, ასევე, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი. ამჟამინდელ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს დაიკავეს.

დავით მათიკაშვილი პროფესიით იურისტია და პარლამენტში დაიკავებს სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. მათიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის „ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების განყოფილების უფროსი იყო. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაოდენობის თანხა აქვს შეწირული “ქართული ოცნებისთვის”: 2012 წელს – 6 ათასი ლარი; 2014 წელს – 15 ათასი ლარი; 2016 წელს – 21 400 ლარი.

გიორგი ხატიძე ასევე პროფესიით იურისტია. 2013 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი – პენინსულას უნივერსიტეტი (აშშ, კალიფონია). 2007 წელს დაამთავრა ლივერპულის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო, ინგლისი) და მიენიჭა სამართალის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესსამართალში. 2007 წლის აგვისტოს განახორციელა სამართალის მაგისტრის სადისერტაციო კვლევა დანდის უნივერსიტეტში, ენერგეტიკის, ენერგო და მინერალური რესურსების პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ცენტრში (გაერთიანებული სამეფო, შოტლანდია). 2006 წლის სექტემბერს წარმატებით დაასრულა წინარე სამაგისტრო/ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის პროგრამა ბელერბის კოლეჯში (გაერთიანებული სამეფო, ინგლისი). 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2004 – 2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი