ახალი ამბები

ბაგრატის ტაძრის კურთხევაში ივანიშვილი არ მონაწილეობს

16 სექტემბერი, 2012 •
ბაგრატის ტაძრის კურთხევაში ივანიშვილი არ მონაწილეობს

ამ დროისთვის ტაძარში იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – მეუღლესთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი თევდორაძე და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები. 

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ბაგრატის ტაძრის გახსნის ცერემონიას არ დაესწრება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ინფორმაცია კოალიციის სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ მიაწოდა. კაოლიციიდან ბაგრატის ტაძარში იმყოფებიან “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, “კონსერვატორების” ლიდერი ზვიად ძიძიგური, “ეროვნული ფორუმის” ლიდერი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ოცნებიდან” გუბაზ სანიკიძე.

ბაგრატის ტაძრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობენ “ქრისტიან-დემოკრატები”, მათ  შორის, პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ახვლედიანი.

ქუთაისში იმყოფებიან “ლეიბორისტული პარტიის”, “ახალი მემარჯვენეების”, “ტრადიციონალისტევის” და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 9 სექტემბერს, საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა, რომ 16 სექტემბერს ის საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენდა და აკურთხებდა გადახურულ და რეაბილიტირებულ ბაგრატის ტაძარს:

“მეფე ბაგრატი, ამშენებელი ამ ტაძრისა, არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას გიწვევთ იქ – პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს. მადლი ღვთისა ყველამ უნდა მიიღოს ამ დიდი და მადლიანი ტაძრიდან”, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

14 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის უერთდებოდა ილია მეორეს მოწოდებას:

“მოდით, ნუ შევუშინდებით ერთიანობას, მოდით, შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში ვართ ერთად და ამით ყველას – ერსაც და ბერსაც, მტერსაც და მოყვარესაც ხმამაღლა განვუცხადოთ – ყოველი ჩვენგანი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგ არის “ქრისტიან-დემოკრატი” თუ “ლეიბორისტი”, “ნაციონალი” თუ “მეოცნებე”, “მემარჯვენე” თუ მემარცხენე.

ბაგრატის დიდებული ტაძარი უკვე აღდგენილია – აღდგენილია, როგორც ერთიანობის იდეის უკვდავების სიმბოლო, როგორც დანგრეულის ხელახლა აშენებისა და გატეხილის გამთელების სიმბოლო… შესაძლოა, ჩვენ ბევრი რამ გვყოფდეს, მაგრამ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც არ შეიძლება ამ გაყოფის ხაზგასმა და წინ გამოტანა, რადგან, საბოლოოდ, ჩვენი მტრის დამარცხება და ჩვენი ერის გამარჯვება ერთ მთავარ ძალაშია, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს გადარჩენის წინაპირობა – ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია.”

შეგახსენებთ, რომ ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის საზეიმო ცერემონია 17 აგვისტოს გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საააშვილი მონაწილეობდა. პრეზიდენტმა ამის გამო ეს დღე უქმედ გამოაცხადა ქუთაისში. საქართველოს პატრიარქი ამ ღონისძიებას არ დასწრებია.

პატრიარქის გადაწყვეტილებით აღდგენილი ბაგრატის ტაძარი დღეს, 16 სექტემბერს იხსნება.

ბაგრატის ტაძრის გახსნა
ბაგრატის ტაძრის გახსნა

ბაგრატის ტაძრის გახსნა
ბაგრატის ტაძრის გახსნა

მასალების გადაბეჭდვის წესი