ახალი ამბები

“წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება აზიანებს ფასადის კედლებს” – კულტურის სამინისტრო ბაგრატის ტაძარზე

12 დეკემბერი, 2021 • 1047
“წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება აზიანებს ფასადის კედლებს” – კულტურის სამინისტრო ბაგრატის ტაძარზე

კულტურის სამინსიტროს განცხადებით, ბაგრატის ტაძარს აქვს ინფრასტრუქტურული პრობლემები, კერძოდ გადახურვისა და ფასადის მიმართულებით. ამის შესახებ განცხადება კულტურის სამინისტრომ დღეს, 12 დეკემბერს გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პრობლემები ძეგლს 2009-2012 წლებში ჩატარებული “უხარისხო აღდგენითი სამუშაოების” შედეგად აქვს:

“ლიფტის უჯრედის გადახურვისა და ტაძრის კედლებში დატანებული სარკმლების ქვედა ნიშნულზე ხდება წყლის ჩაჟონვა. ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს, რაც [2009-2012 წლებში] შეძენილი მასალის უხარისხობაზე შეიძლება მიუთითებდეს.

აღსანიშნავია, რომ ბაგრატის საკათედრო ტაძრის “სარესტავრაციო სამუშაოები” წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში 2009-2012 წლებში სახელმწიფოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან და მის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა, რასაც შედეგად მოჰყვა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილება ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში შეყვანის შესახებ”, – აღნიშნულია სამინსიტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ვიზიტის შემდეგ არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ძეგლზე კვლევითი და საპროექტო სამუშაოები დაიგეგმა.

სამინსიტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 21 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შერჩეული კომპანიის მიერ კვლევითი და საპროექტო სამუშაოების ჩაბარების პროცედურა მიმდინარეობს, რის შემდეგაც არსებული პრობლემების აღმოფხვრის გეგმა შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი