ახალი ამბებიხელოვნება

გიორგაძე: იუნესკოს ახალ ნომინაციას წარვუდგენთ, რომლის ნაწილი იქნება ბაგრატიც

10 ივლისი, 2017 • 5587
გიორგაძე: იუნესკოს ახალ ნომინაციას წარვუდგენთ, რომლის ნაწილი იქნება ბაგრატიც

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, სამინისტრო “იუნესკოსთან” ერთად ახალ ნომინაციაზე მუშობს. კერძოდ იგეგმება ქუთაისის, როგორც ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციაში წარდგენა და მისი შემადგენელი ნაწილი, მინისტრის თქმით, ბაგრატის ტაძარიც იქნება.

ეს კომენტარი კულტურის მინისტრმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას გააკეთა. როგორც გიორგაძე ამბობს, ამ საკითხზე უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები და შეხვედრებიც მიმდინარეობს:

“ბაგრატის ისტორია  არ მთავრდება. ჩვენ ამ თემაზე იუნესკოსთან საუბარს და მსჯელობას არ ვასრულებთ. მე უკვე მაქვს მოლაპარაკებები  მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის ხელმძღვანელთან, შესაბამის ექსპერტებთან. არაერთი შეხვედრა გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ იმისთვის, რომ ბაგრატის რეპრეზენტაცია მთლიანად არ დაიკარგოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონტექსტში, ჩვენ იუნესკოსთან ერთად ვიწყებთ ახალ ნომინაციაზე მუშაობას, რომელიც გულისხმობს ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციას და რომლის შემადგენელ ნაწილად აუცილებლად ჩვენ განვიხილავთ ბაგრატს. ამ ნომინაციას მომავალში იუნესკოში წარვადგენთ” – ამბობს მიხეილ გიორგაძე ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “იუნესკომ” მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში გელათის მონასტერი დამოუკიდებელი სტატუსით დააბრუნა, ბაგრატის ტაძარი კი ჩამონათვალიდან ამოიღო. 

გელათის სამონასტრო კომპლექსი ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში  1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი. 2013 წელს კი, იუნესკოს 37-ე პლენარული სესიის გადაწყვეტილებით, გელათის მონასტერი  მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში დარჩა, განახლებული ბაგრატის ტაძრის ნუსხიდან ამოღების პროცესი კი დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი