ახალი ამბები

2016 წელს საქართველოში აივ-ით ინფიცირების 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1 დეკემბერი, 2016 • 2508
2016 წელს საქართველოში აივ-ით ინფიცირების 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ყოველი წლის 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. 2016 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 6065 შემთხვევა, რაც 663–ით მეტია 2015 წლის მონაცემებზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფეცირებულთა  შორის 4508 კაცია, ხოლო 1557- ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. შიდსი განუვითარდა 3399 პაციენტს, ხოლო 1201 გარდაიცვალა. ცენტრის მონაცემებით, მაღალეფექტურ არვ მკურნალობაზე იმყოფება 3550 პაციენტი, მათგან 401- აფხაზეთში.

როგორც დაავადებათა კონტროლისა ცენტრში აღნიშნავენ, ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (44.7%) და დაუცველი სქესობრივი კავშირი (52.4%), მათ შორის 8.8% – ჰომოსექსუალური. აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2072 შემთხვევა), შემდეგ მოდის სამეგრელო 811 შემთხვევით, იმერეთი- 781 შეთხვევით და აჭარა- 697 შემთხვევით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში აივ/შიდსის როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი ფინანსდება შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ. მათივე ცნობით, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოფილია სამედიცინო სერვისების მიწოდება, დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის პრევენციისა და უსაფრთხო სისხლის პროგრამების განხორციელდება. 2015 წლიდან სახელმწიფომ თავის თავზე აიღო და განახორციელა არვ მკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა. როგორც ცენტრში აღნიშნავენ, 2016-2018 წლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას, რადგან გლობალური ფონდის დაფინანსება აღნიშნული პერიოდის შემდგომ შემცირდება.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ აივ/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამების მდგრადობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რომლის გადაჭრა შესაძლებელია სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი დიალოგისა და სტრატეგიული დაგეგმვის საფუძველზე.

გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსის მსოფლიო დღისათვის 2016 წელს დაიწყო ახალი კამპანია „ვემხრობი შიდსის დამარცხებას“ (Hands Up For! #HIV), რაც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფორმირებას აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ, ისევე, როგორც შიდსის დამარცხებისათვის აუცილებელი ინტერვენციების გაფართოებას.

შიდსის დამარცხებისათვის აუცილებელი ინტერვენციები მოიცავს: მკურნალობას, პრევენციას, ტესტირებას, გამოვლენას, 0 დისკრიმინაციას, თანასწორობას, თემის ჩართულობას, ინვესტიციას, ხელმისაწვდომობას, ზიანის შემცირებას, უფლებას ჯანმრთელობაზე, განათლებას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ინტერვენციების გატარებით შიდსის დამარცხების გზაზე მოსალოდნელი შედეგებია ის, რომ აივ ინფიცირებულთა 90%-მა იცის საკუთარი ინფიცირების შესახებ, ხოლო 90% იღებს არვ მკურნალობას. მათი ცნობით, მკურნალობაზე მყოფ აივ ინფიცირებულთა 90%-ში მიღწეულია აივ სუპრესია (სისხლში აივ ვირუსის ნულოვანი დონის შენარჩუნება).

  • მიღწეულია ყოველწლიურად გამოვლენილი შემთხვევების  სტაბილური კლება;
  • აივ ინფიცირებულთათვის შექმნილია დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო.
ვემხრობი! შიდსის დამარცხებას!

ვემხრობი! შიდსის დამარცხებას!

1987 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1 დეკემბერი ოფიციალურად გამოცხადებულია შიდსთან ბრძოლის დღედ. დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, რითაც აივ ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და არასამთავრობო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოების აუცილებლობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი