ახალი ამბებიეკონომიკა

ირაკლი ყიფიანი: 65 მილიონ ლარს მთავრობა უაზროდ ყრის

30 ნოემბერი, 2016 • 3678
ირაკლი ყიფიანი: 65 მილიონ ლარს მთავრობა უაზროდ ყრის

30 ნოემბრისთვის კომერციული ბანკები 1 დოლარს 2.58 ლარად ყიდიან. ბოლო დღეებია, ლარი დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება, მთავრობა კი გამოწვევას დედოლარიზაციის პოლიტიკით პასუხობს, არის თუ არა ეფექტური სახელმწიფოს გადაწყვეტილება? – “ნეტგაზეთი” აღნიშნული საკითხის შესახებ ეკონომისტ ირაკლი ყიფიანს ესაუბრა.

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, განცხადებით, ფიზიკურ პირებს, რომლებსაც 2015 წლის 1 იანვრამდე აღებული აქვთ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი დოლარში, მთავრობა 100 000 ლარის ეკვივალენტის მოცულობის სესხის ლარში კონვერტაციაში დაეხმარება და ეს ბიუჯეტს 65 მილიონი ლარი დაუჯდება. როგორც ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი განმარტავს, მთავრობა სუბსიდირებას უწევს იმ ადამიანებს, რომლებსაც იპოთეკური სესხი აქვთ აღებული:

“ესაა  აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკა და მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ არ იცის, რას ნიშნავს სუბსიდია. ჩვენი მსგავსი ეკონომიკის ქვეყნისთვის სუბსიდია ნიშნავს – დაეხმარო ყველაზე მოწყვლად, ყველაზე ღარიბ სეგმენტს, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით. ეს ადამიანები ამ 65 მილიონი ლარის გადახდას აპირებებენ ადამიანებისთვის, რომლებსაც აღებული აქვთ 100 000 სესხის სახით. ყველაზე ღარიბი ფენა ეს არ არის. მე მესმის, რომ ამ ადამიანებმა ნახეს ფინანსური კრიზისი ლარის გაუფასურებით, მაგრამ სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში სუბსიდირება კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა იყოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომ ლარი გამყარდეს. 65 მილიონ ლარს უაზროდ ყრიან”,- ამბობს ყიფიანი.

კონვერტაცია 20 პუნქტით ნაკლები კურსით მოხდება, მაგალითად, თუ დღეს 1 დოლარი 2.58 ლარი ღირს, ბანკი კონვერტაციისას 2.38 კურსს გამოიყენებს, ხოლო სხვაობას საქართველოს მთავრობა დაფარავს. ცვლილება 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებს შეეხება.

ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ ვინც ამ პროცესს დათანხმდება, მას ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით შიშები აღარ ექნება, თუმცა ლარში სესხის გადაყვანა სესხის საპროცენტო განაკვეთს გაზრდის:

“საერთოდ, ჯობია, სესხი იმ ვალუტაში გქონდეთ, რაშიც შემოსავალი გაქვთ, და თუნდაც პროცენტი მაღალი იყოს. ამაში ლოგიკა არის, მაგრამ არ არის საჭირო, რეგულაცია შემოიღო და ვინმე აიძულო ასე გააკეთოს. ახლა ხელოვნურად ზრდიან ლარის მოთხონას, ბანკებს საკმარისი ლარის რესურსი არ აქვთ, ბანკებს მოზიდული აქვთ რესურსები დოლარში, ამ რესურსების კონვერტაცია უნდა განახორციელონ ლარში, მერე ამ კონვერტაციის გადაძლევა უწევთ, რაც კიდევ უფრო გააძვირებს ლარში სესხის გაცემას,”- ამბობს ეკონომისტი.

მისივე თქმით, ლარში არსებული საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება, რადგან როცა გრძელვადიანი რესურსები ლარში არ არსებობს,  ბანკი ლარიან ანაბარზე ზრდის საპროცენტო განაკვეთს, რომ მეტი ადამიანი დააინტერესოს ლარის ბანკში შენახვით, ამით ბანკი მეტ ლარს მოიზიდავს, რომ შემდეგ ეს თანხები გაასესხოს. თუ ბანკს ლარის მოსაზიდად ანაბრის პროცენტის გაზრდა მოუწევს, ეს ავტომატურად გამოწვევს, რომ სესხის პროცენტიც გაიზრდება.

მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივის თანახმად, დოლარიზაციის შემცირების მიზნით 2017 წლის იანვრიდან აიკრძალება მცირე ზომის სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემაც. ჯერჯერობით ცნობილი არაა, ეს აკრძალვა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხებათ, თუ ბიზნესსესხებსაც:

“თუ ეს შეეხო ბიზნესსესხებს, ეს საერთოდ დაანგრევს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა, რომ ქვეყნის ექსპორტი გავზარდოთ, კომპანიები, ვინც საქართველოში ექსპორტზე მუშაობს, ისინი საქონელს ყიდიან უცხოურ ვალუტაში. რა ვალუტაშიც ყიდიან, იმ ვალუტაში უნდათ, რომ სესხი აიღონ, მათზე სესხის ლარში აღების იძულება ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს კლავ. თუ ეს ეხება სამომხმარებლო სესხებს, გამოდის, რომ ვინმეს, ვისაც, ვთქვათ, საბერძნეთიდან დედა უგზავნის ყოველთვიურად 500 დოლარს, ამ ადამიანს ჩვენ ვაიძულებთ, გადაახურდავოს ეს 500 დოლარი, გამოიტანოს ლარში ძვირადღირებული სესხი და იყიდოს ბინა, როდესაც შეეძლო პირდაპირ დოლარში გამოეტანა ნაკლებროცენტიანი სესხი. ადამიანებს წავართვით არჩევნის უფლება, ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ჰგონია, რომ მათ უკეთ იციან, ადამიანებს ლარი ურჩევნიათ თუ დოლარი”,- ამბობს ყიფიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი