ახალი ამბები

უპასუხისმგებლო განცხადებებმა ლარის დევალვაციას, შესაძლოა, ხელი შეუწყო – ბახტაძე

8 ნოემბერი, 2018 • 1927
უპასუხისმგებლო განცხადებებმა ლარის დევალვაციას, შესაძლოა, ხელი შეუწყო – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ლარის დევალვაციის პროცესს ხელი “გარკვეული პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებებმა შეუწყო”. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ვფიქრობ, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განმარტება საკმაოდ შინაარსიანია და ობიექტურ რეალობას ეყრდნობა. არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი ლარის გაუფასურებას არ განაპირობებს. შესაბამისად, უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხირდან, შესაძლოა, ხელი შეუწყო დევალვაციის პროცესს. ჩვენთვის მთავარი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორი რამ გახლავთ- პირველ რიგში, ინფლაცია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირია, მეორეა დედოლარიზაციის ზრდა ეკონომიკაში. ჩვენ ქყვეყანაში დოლარიზაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგით და ლარიზაცია გაზრდილია. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ჩვენს ეკონომიკაში ლარიზაციის მაღალი დონე იყოს და, შესაბამისად, მოწყვლადობა დაბალანსებული იყოს. მთავრობა დგამს ნაბიჯებს, რომელიც  საქართველოში დოლარიზაციის შემცირებას გულისხმობს”, – განაცხადა ბახტაძემ.

ლარი დოლართან ერთი თეთრით, ევროსთან კი თითქმის ოთხი თეთრით გაუფასურდა. გუშინდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.76 ლარი გახდა, ერთი ევროს კურსი კი 3.17 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი