ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძე: საწვავი გაძვირდება

30 ნოემბერი, 2016 • 1799
არჩილ თალაკვაძე: საწვავი გაძვირდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დღეს დაანონსებული ეკონომიკური პროგრამით საქართველოში საწვავის ფასი გაძვირდება. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

შესაბამისი კითხვა მას დებატებისას ენმ-ის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაუსვა: “საწვავზე რომ აქციზს ზრდით და იძახით,რომ 250 მილიონი უნდა ამოვიღოთო, საწვავი არ გაძვირდება? ბენზინი და დიზელი არ გაძვირდება?”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

თალაკვაძემ უპასუხა, რომ საწვავი გაძვირდება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენით, იგი ამბობს:

“2 ლარის ფარგლებში დარჩება და თქვენ დროს რამდენი იყო, გვითხარით?”, – მიმართა მან ჭიაბერაშვილს, რომელმაც საპასუხოდ თქვა, რომ ეს არის ის “საჩუქარი”, რომელსაც “ქართული ოცნება” მოსახლეობას წინასაახალწლოდ ატყობინებს.

“აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – ეს განცხადება დღეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა მთავრობის სხდომაზე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი