ახალი ამბები

ცესკო–ს მონაცემებით, საზღვარგარეთ მხოლოდ 55 ათასამდე ამომრჩეველი იმყოფება

12 სექტემბერი, 2012 • • 1213
ცესკო–ს მონაცემებით, საზღვარგარეთ მხოლოდ 55 ათასამდე ამომრჩეველი იმყოფება

ცესკო–ს ცნობით, 11 სექტემბერს, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა სია საკონსულოების მიხედვით. სიაში შემავალი  ამომრჩევლების საერთო რაოდენობამ 54,963 შეადგინა.

 

აღნიშნულ რაოდენობას აკლდება იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც იმყოფებიან რუსეთში და იმ ქვეყნებში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 20-ზე ნაკლებს შეადგენს და ისინიც, ვისაც შეჩერებული აქვთ საკონსულო აღრიცხვა, იმის საფუძველზე, რომ შსს-ს მონაცემებით, ისინი 2012 წლის პირველი ივნისის შემდეგ იმყოფებიან საქართველოში.

 

საბოლოოდ, საკონსულოების მიერ მოწოდებულ სიებში აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობამ 42,613 შეადგინა, რომელთა შორის საკონსულო საარჩევნო რეგისტრაცია 2012 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით 1,409 ამომრჩეველმა გაიარა. 

 

საზღავრგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ცენტრალური საარჩევნო კომისია გულგრილობასა და ემიგრანტთა პრობლემების გაუთავლისწინებლობაში.

 

საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ნაწილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე კვირის წინ მიმართა თხოვნით, საარჩევნო უბნების დამატების თაობაზე იმ ქალაქებში, სადაც ცხოვრობენ დიდი რაოდენობით ქართველი ემიგრანტები. ამ დროისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის განკარგულებით, სხვა სახელმწიფოებში 42 საარჩევნო უბანია შექმნილი.

 

ემიგრანტთა პრეტენზიები შეეხებოდა არჩევნების დღესაც, რადგან არჩევნები ორშაბათს ტარდება და ეს დღე სამუშაოა საზღვარგარეთ, საქართველოს მოქალაქეებს გაუჭირდებათ ხმის მიცემა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი