ახალი ამბები

ხმაური სამგორის ოლქში ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით

12 სექტემბერი, 2012 • 1250
ხმაური სამგორის ოლქში ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით

დღე სამგორის #6 საარჩევნო ოლქში ხმაურით დაიწყო. ამომრჩეველს, ირმა კვიტიას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამომრჩეველთა სიაში საკუთარი სახელისა და გვარის ნახვა სურს. პრობლემა არც ამომრჩეველთა დაზუსტების უზურნველყოფის კომისიის შექმნის შემდეგ მოუგვარეს.

 

ჯერ კიდევ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისულმა ირმა კვიტიამ საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში ვერ აღმოაჩინა. იმისთვის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იდენტური პრობლემა ისევ არ შექმნოდა, ამომრჩეველთა დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრებს თავიდანვე აცნობა ხარვეზის შესახებ.

 

„ჩემთან სახლშიც მოვიდა კომისია და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ არ ვიყავი სიაში. დამარწმუნეს, რომ პრობლემა აღარ იქნებოდა. თუმცა ინტერნეტით მაინც გადავამოწმე და ისევ რომ არ აღმოვჩნდი, უკვე აქ მოვედი, საოლქოში. 4 სექტემბერს დავწერე განცხადება, რომელიც საოლქომ ცესკოს გადაუგზავნა. ორი დღის ვადაში ცესკოდან პასუხი უნდა მოსულიყო. დღეს მოვედი და მეუბნებიან, რომ არანაირი პასუხი არ არის,“- ამბობს ამომრჩეველი.

 

კომიისიის წევრებთან კამათის შემდეგ, კვიტიას საოლქოდანვე დაარეკინეს ცესკოში, სადაც მას განუცხადეს, რომ კვიტია სენაკში, იმ მისამართზეა რეგისტირებული, საიდანაც 17 წლის წინ ამოეწერა.

 

ნინო უძილაური, სამგორის საოლქო კომისიაში კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. ამბობს, რომ იდენტური პრობლემა მასაც აქვს.

 

„ჩემი შვილიც მოხსნილია რეგისტრაციიდან. ცესკოდან კი განცხადების საპასუხოდ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა ჯერ. ამასთან, ყველა ვადა დარღვეულია,“- ამბობს ნინო უძილაური.

 

კოალიციის წარმომადგენელს რამდენიმე ფურცელზე აქვს ჩამოწერილი იმ ამომრჩეველთა სახელი და გვარები, ვინც საოლქო კომისიას ამომრჩეველთა სიებში უზუსტობების საკითხებზე მიმართა.

 

მოქალაქეები, ძირითადად, ამომრჩეველთა სიებიდან ან გარდაცვლილ ოჯახის წევრთა ამოღებას ითხოვენ, ან სიებში ვერ პოულობენ საკუთარ თავს.

 

ირმა კვიტიას გარდა, დღეს, 12 სექტემბერს, საოლქო კომისიაში აღნიშნული პრობლემით კიდევ რამდენიმე მოქალაქე მოვიდა.

 

ამომრჩეველთა დაზუსტებისთვის წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე გამოიყო. ახალი სიები ძველისგან იმით განსხვავდება, რომ მასში ამომრჩეველთა რაოდენობა 77 ათასით არის გაზრდილი. ამომრჩეველთა ერთიანი სია საბოლოო სახით საუბნო საარჩევნო კომისიებს 29 სექტემბრისთვის გადაეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი