ახალი ამბები

სექსუალური ხასიათის პროდუქციაზე კანონპროექტს პარლამენტი, სავარაუდოდ, აღარ განიხილავს

28 ნოემბერი, 2016 • 1475
სექსუალური ხასიათის პროდუქციაზე კანონპროექტს პარლამენტი, სავარაუდოდ, აღარ განიხილავს

პარლამენტი, სავარაუდოდ, აღარ გააგრძელებს იმ კანონპროექტის განხილვის პროცედურას, რომლის მიხედვით, სექსუალური ხასიათის პროდუქციასა და რეკლამაზე შეზღუდვები წესდება.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები მე-8 მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი იმ კანონპროექტების ნუსხის განსაზღვრაზე მსჯელობენ, რომელთა განხილვის პროცედურული გაგრძელება კომიტეტს მიზანშეწონილად ან მიზანშეუწონლად მიაჩნია.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ეს კანონპროექტი მზად არ იყო:

“ვფიქრობ, ეს კანონპროექტი არ იყო საკმარისად გამყარებული საერთაშორისო პრაქტიკით და მტკიცებულებით, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას, ან პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობას ეხება. ეს კანონპროექტი არ იყო მზად და შესაბამისად დასაბუთებული”.

2012 წლის ნოემბერში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, რომლის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე იყო, მოამზადა კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონპროექტის მიხედვით,  სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან და რეკლამირებასთან დაკავშირებით შეზღუდვები და ჯარიმები წესდება.

კანონპროექტით,  თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.

“თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი ასაკის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისთივს განკუთვნილ დაწესებულება–ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე, ყველა სახის სამედიცინო (გარდა სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა) და სასწავლო დაწესებულებაში გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.

თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია 18 წლამდე ასაკის პირზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.’

‘თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით”

პარლამენტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით 75 ხმით 14–ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა,  თუმცა  შემდეგ კანონპროექტის მსვლელობა შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი