ახალი ამბები

საქართველოში გოგონებს გენიტალიებს უსახიჩრებენ, თუმცა ექიმებს არ დაუფიქსირებიათ

27 ნოემბერი, 2016 • 2100
საქართველოში გოგონებს გენიტალიებს უსახიჩრებენ, თუმცა ექიმებს არ დაუფიქსირებიათ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 2015–16 წლების დაავადებათა ოფიციალურ სტატისტიკაში არ ფიქსირდება გენიტალიების დასახიჩრების შემთხვევბი იმის მიუხედავად, რომ დაავადებათა კლასიფიკატორში მას სპეციალური კოდი აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმები ამ დიაგნოზს უნდა აღრიცხავდნენ.

სამინისტროსგან ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთმა” ოფიციალურად გამოითხოვა. ჯანდაცვის უწყება განმარტავს, რომ დასახიჩრებული გენიტალიებით გატარებული პაციენტების შესახებ ინფორმაცია, ისევე, როგორც ყველა სხვა კლინიკური შემთხვევის დროს, რეგისტრირდება შესაბამისი ICD­10 კოდებით.

„ჩვეულებრივ და რიტუალურ წინადაცვეთას’’ ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკურ კლასიფიკატორში (ICD­10) მინიჭებული აქვს კოდი Z41.2, ხოლო შესაბამის ჩარევას ქირურგიული პროცედურების კლასიფიკატორში (NCSP)- ­კოდი KGSV20.

შესაბამისად, დაავადებათა ოფიციალურ სტატისტიკაში ზემოხსენებული შემთხვევების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კოდებით. ამასთან, გასული (2015) და მიმდინარე (2016) წლების მონაცემების მიხედვით, დაავადებათა ოფიციალურ სტატისტიკაში არ დაფიქსირებულა ზემოაღნიშნული დიაგნოზის არც ერთი შემთხვევა მდედრობითი სქესის პაციენტებში, ხოლო მამრობითი სქესის პაციენტებში ფიქსირდება „ჩვეულებრივი და რიტუალური წინადაცვეთის“ კოდით გატარებული შემთხვევები და მხოლოდ სტაციონარულ დაწესებულებებში”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.

სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ ქალთა წინადაცვეთის შემთხვევების იდენტიფიცირება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პუბლიკაციების („Complications of FGM’’; Health risks of female genital mutilation(FGM) გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევების დეტალური შესწავლის საფუძველზე, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდნენ წინადაცვეთის გართულებას და რომლებსაც შეესაბამება ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ისეთი კოდები, როგორიცაა: N76 (საშოსა და ვულვის სხვა ანთებითი ავადმყოფობები) და N90 (ვულვისა და შორისის სხვა არაანთებითი ავადმყოფობები).

ის ფაქტი, რომ კახეთში, კერძოდ, ყვარლის სამ სოფელში (თივი, სარუსო და ჩანთლისყურე), სადაც ავარიელები ცხოვრობენ კომპაქტურად, ადგილი აქვს მდედრობითი სქესის ბავშვებში გენიტალიების დასახიჩრებას, რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა სახალხო დამცველის ოფისმა. ამის თაობაზე ღიად ისაუბრეს ადგილობრივებმა მედიის წარმომადგენლებთანაც. მათი თქმით, გოგონებში ე.წ. წინადაცვეთას მათი ტრადიცია და რელიგია ითვალისწინებს. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ფართო საზოგადოებისთვის და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ცნობილი, რაც ამის თაობაზე შესაბამისი სტატია გამოაქვეყნა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა (IWPR).

ანა არგანაშვილი, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მუშაობს, მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ ექიმებს არ დაუფიქსირებიათ გენიტალიების დასახიჩრების შემთხვევები, შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ ბავშვები ამ სოფლებში, სადაც ეს ფაქტები ფიქსირდება, საერთოდ არ დაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებებში.

“თუ ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ეს ფაქტები ვერ აღირიცხა, მაშინ ნიშნავს ეს, რომ ამ სოფლებში ბავშვები საერთოდ არ მიდიან და არ აკითხავენ ექიმს, ეს ცალკე პრობლემაა. ბავშვთა ჯანდაცვა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას”.

არგანიშვილის თქმით, სამინისტროს მხრიდან უფრო ლოგიკური იქნებოდა ეთქვა, რომ სამედიცინო პერსონალმა არ იცოდა, რომ ეს იყო დარღვევა და ამიტომ არ დაუფიქსირებიათ.

“ბავშვები 5 წლამდე გადიან სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას, იკეთებენ აცრებს და რაიმე გზით ბავშვებში შეიძლებოდა დასახიჩრების ფაქტების დაფიქსირება. პრობლემა იმაშია, რომ ექიმებმა არ იციან, რომ ეს არის ძალადობა, რომ ამაზე კანონი ავალდებულებთ რეაგირებას და არა ის, რომ ეს შემთხვევები იყო დაფარული და არც შესაბამისი დიაგნოზი აღირიცხებოდა,” – ამბობს ანა არგანაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ქალთა გენიტალიების დასახიჩრებას ე.წ. რიტუალურ წინადაცვეთას, როცა ის სახლის პირობებში კეთდება, თან სდევს B ჰეპატიტის ინფექციის გავრცელების საფრთხე. “ნეტგაზეთის” შესაბამის შეკითხვაზე ჯანდაცვის სამინისტროდან ასე უპასუხეს: “რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ყვარლის რაიონში B ჰეპატიტის გავრცელებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონულ სისტემაში 2013 წლიდან დღემდე აღნიშნულ რაიონში დაფიქსირებულია B ჰეპატიტის მხოლოდ 1 შემთხვევა”.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით (WHO), ქალის გენიტალიის დასახიჩრება ეწოდება პროცედურას, რომელიც იწვევს გენიტალიების დაზიანებას არასამედიცინო მიზნებით. ქალის გენიტალიების დასახიჩრება აღიარებულია როგორც გოგონებისა და ქალების უფლებების დარღვევა. ის გამოხატავს სქესთა შორის ღრმა უთანასწორობას და ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმაა. WHO-ის ინფორმაციით, პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა და შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, ამ პროცედურას შესაძლოა თან ახლდეს უფრო სერიოზული გართულებები მომავალში. პროცედურას ძირითადად უტარებენ 15 წლამდე ასაკის გოგონებს. WHO-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით დღეისათვის მცხოვრებ 200 მილიონამდე ქალსა და გოგონას აქვს გენიტალიები დასახიჩრებული.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში განაცხადა, რომ თუ საკანონმდებლო ორგანო მათ ინიციატივას დაუჭერს მხარს, საქართველოს კანონმდებლობაში იქნება ცალკე მუხლი, რომ ე.წ. გოგონების წინადაცვეთა სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს.

კახეთის სამ სოფელში გოგონების გენიტალიების დასახიჩრების ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაგამოძიებო სამუშაოებს აწარმოებს. ამ ეტაპზე გამოძიება რომელიმე კონკრეტული მუხლით არ მიმდინარეობს. მოკვლევის პროცესშია ჯანდაცვის სამინისტროც.

ლისაბონში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქციის მონაწილე, წარწერით – "შეაჩერე ქალთა გენიტალიების დასახიჩრება". 25.11.2016. ფოტო: EPA/MANUEL DE ALMEIDA

ლისაბონში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქციის მონაწილე, წარწერით – “შეაჩერე ქალთა გენიტალიების დასახიჩრება”. 25.11.2016. ფოტო:
EPA/MANUEL DE ALMEIDA

მასალების გადაბეჭდვის წესი