უწყებათაშორის კომისიას პოლიტიკურმა პარტიებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც გარკვეულ რეგიონებში მათ ბეჭდვითი საარჩევნო სააგიტაციო მასალების საჯარო ადგილებზე განთავსების თვალსაზრისით ექმნებათ.
საარჩევნო კოდექსი ადგილობრივ თვითმმართველობებს ავალდებულებს, გამოყონ ადგილები ან დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების განსათავსებლად და უზრუნველყონ ამ ადგილების თანაბარი, არადისკრიმინაციული განაწილება ყველა სუბიექტს შორის. ადგილობრივ თვითმმართველობებს ასევე კანონმდებლობით ევალებათ, მოახდინონ საარჩევნო სუბიექტების ინფორმირება ამ მიზნით გამოყოფილი ადგილების შესახებ.
“კომისიის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანომ გამოყო შესაბამისი ადგილები სააგიტაციო მასალების განსათავსებლად, თუმცა ამ თვალსაზრისით არსებული პრაქტიკა არაერთგვაროვანია და გარკვეულ რეგიონებში საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოყოფილი სივრცე შეზღუდულია”, – ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის განცხადებაში.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობებს:
“გააფართოვონ იმ ადგილების არეალი, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსება იქნება შესაძლებელი და ასეთი ქმედებები მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში შეზღუდონ: კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში – საკულტო და კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერზე, საგზაო ნიშნებზე; ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ განსაზღვრულ კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქტიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების მქონე ადგილებში. შეზღუდვა არ გავრცლდეს ელექტრონულ ბოძებზე. ზემოთ ჩამოთვლილი ადგილების გარდა, სააგიტაციო მასალის განთავსება კერძო პირების ან ორგანიზაციების საკუთრებაში ასრებულ შენობებზე მათ მფლობელთა თანხმობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს.
პროქტიულად მოახდინონ საარჩევნო სუბიექტების ინფორმირება იმ ადგილების შესახებ, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსებაზე შეზღუდვა ვრცელდება. მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსების მიზნით.”
უწყებათაშორისი კომისიისთვის, ასევე, ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები უწყებრივ ვებ-გვერდებს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის გაშუქებისა და პარტიული სიმბოლიკის განთავსების მიზნით იყენებენ. კომისიაში ასევე შევიდა შეტყობინება, რომ სახელმწიფო დაწესებულებაში განთავსებულ უწყებრივ რეკლამაში ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტი ფიგურირებდა.
უწყებათასორისი კომისია ასეთ ქმედებებს ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებად მიიჩნევს, რადგან საარჩვენო კანონმდებლობა არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში კრძალავს პარტიული სიმბოლიკის განთავსებას, არამედ ამ ინსტიტუციათა მიერ ისეთი ბეჭდური თუ სხვა სახის პროდუქციის დამზადებას, რომელშიც საარჩევნო სუბიექტი ან არჩევნებში მონაწილეთა რიგითი ნომერი ფიგურირებს. მსგავსი კანონდარღვევა დასჯადია და 2000 ლარის ფინანსურ ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებაა.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს:
“შეისწავლონ მათი ორგანიზაციების ეგიდით გამოცემული ბეჭდური თუ ელექტრონული გამოცემების შინაარსის შესაბამისობა საარჩევნო კანონმდებლობასთან და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, აღკვეთონმსგავსი პრაქტიკა;
წინასაარჩევნო პერიოდში არ მოახდინონ ისეთი ბეჭდური გამოცემების ან ვიდეო პროდუქციის დისტრიბუცია, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის შექმნილი არ არის, მაგრამ მასში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტის ფიგურირება ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნებით გამოყენებას წარმოადგენს.”