ახალი ამბები

ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმას შსს ცემის მუხლით იძიებს

26 ნოემბერი, 2016 • 1432
ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმას შსს ცემის მუხლით იძიებს

ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აწარმოებს, რაც ცემის ფაქტს გულისხმობს. შსს-ში არ აკონკრეტებენ, მომხდართან დაკავშირებით დააკავეს თუ არა ვინმე.

ტრანსგენდერი ქალს ნატას და მის მეგობარს, რომელიც ასევე ტრანგენდერია, გუშინ, 25 ნოემბერს, ღამით, თამარ მეფის ქუჩაზე ორი პირი თავს დაესხა:

“ორივე ადამიანი, რომელიც ჩვენთან მოვიდა, იყო ძალიან აგრესიული, ეძებდნენ ერთ-ერთ ტრანსგენდერ ქალს. მოულოდნელად ერთ-ერთი თავს დამესხა. მელაპარაკებოდა და უცებ დამარტყა, ვერ დავინახე, სახეში რა მომხვდა, ხელი, სავარაუდოდ”,- ამბობს ნატა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, პოლიციის გამოძახება შეძლო, თუმცა, სანამ პოლიცია მოვიდა, თავდამსხმელი გაიქცა, უფრო ადრე წავიდა ის პირი, რომელიც თავდამსხმელს ახლდა:

“ეძებდა ერთ-ერთ ტრანგენდერს და მეუბნებოდა, რომ მას ხელს ვაფარებდი”.

ნატა საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს, მას სახის მიდამოებში მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი