განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გართულებულმა საკონსულო აღრიცხვის პროცედურებმა და სამუშაო დღეს დანიშნულმა კენჭისყრის თარიღმა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მოქალაქეების უკმაყოფილება და აღშფოთება გამოიწვია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ემიგრანტებმა სხვადასხვა სახელმწიფოში განთავსებულ საქართველოს საკონსულოებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე კოლექტიური წერილები შეიტანეს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არ მომხდარა:
“მიუხედავად ემიგრანტთა/ამომრჩეველთა მცდელობისა, ცესკოს 2012 წლის 1 სექტემბრის განკარგულებით სხვა სახელმწიფოში დამტკიცებული საარჩევნო უბნების ჩამონათვალში არ არის შეტანილი მოთხოვნილი საარჩევნო უბნები. საყურადღებოა, რომ ამ განკარგულების მიღებისას ცესკო ხელმძღვანელობდა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის 31 აგვისტოს წერილით, სადაც ერთი სიტყვაც არ არის თქმული ზემოაღნიშნულ განცხადებებზე”, – ნათქვამია წერილში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ცესკო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებით ხელმძღვანელობს და არა 2012 წლის მდგომარეობით:
“აღნიშნული გარემოებები კი სამწუხაროდ მიუთითებს საგარო უწყების მხრიდან ემიგრანტების მოთხოვნებისადმი უპასუხისმგებლო, ხოლო ცესკოს მხრიდან კი საკითხის ზერელე დამოკიდებულებაში”, – ნათქვამია საერთაშორისო არასამთავრობო კოალიცია “ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის” განცხადებაში.
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე შეტანილ კოლექტიურ განცხადებებში, იმ ქალაქებში, სადაც დიდი რაოდენობით ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვდნენ. მათ შორის მიუნხენში, ბარსელონაში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, სალერნოში, ფლორენციაში, მილანში, ეგალიაში, ხანიაში, ბარში, ლიონში, რენეში, სტრასბურგში, ფილადელფიაში, კალითეაში, პაფოსში და ორლეანში. ამის მიზეზად ის სახელდებოდა, რომ არჩევნების დღედ ორშაბათი დადგინდა, რაც სამუშაო დღეა და ემიგრანტები სხვა ქალაქებში ხმის მისაცემად წასვლას ვერ მოახერხებდნენ, თუმცა ცესკომ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
ამ დროისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის განკარგულებით, სხვა სახელმწიფოებში 42 საარჩევნო უბანია შექმნილი.
რაც შეეხება საარჩევნო უბნების დამატების საკითხს, ცესკოს განმარტებით ამ თემაზე ზუსტი პასუხი მანამდე არ იქნება, სანამ საელჩოები წინასაარჩევნო რეგისტრაციის შედეგებს არ წარმოადგენენ. წინასაარჩევნო რეგისტრაციის თარიღად 11 სექტემბერი იყო დადგენილი, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცის თარიღი 13 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.







