საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას გააზრებული არ აქვს, რამდენად ღრმა და მძიმე პრობლემების წინაშე დგას საქართველო.
დღეს, 25 ნოემბერს, საპარლამენტო უმცირესობამ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მოუსმინა. დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიციამ ყველა ის კითხვა დასვა, რაც მოსახლეობისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია:
“გაცემულმა და ვერგაცემულმა პასუხებმა დაგვარწმუნა, რომ ამ გუნდს არ ესმის და გააზრებული არ აქვს, რამდენად ღრმა და მძიმე პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ამ გუნდს არ გააჩნია პოლიტიკური ხედვა იმისთვის, რო მოაგვაროს ეს პრობლემები და ქვეყანა წინ წაიყვანოს. ჩვენი დამოკიდებულება წარმოდგენილი სამთავრობო გუნდის მიმართ იქნება უარყოფითი,” – აღნიშნა ბაქრაძემ.
განახლებულ შემადგენლობას დღეს საპარლამენტო უმრავლესობაც მოუსმენს, ხოლო ხვალ, 26 ნოემბერს, დაგეგმილ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები მათთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ.