ახალი ამბები

ივანიშვილი: თუ ფულს გაძლევენ, აიღეთ

9 სექტემბერი, 2012 •
ივანიშვილი: თუ ფულს გაძლევენ, აიღეთ

თელავში “ქართული ოცნების” აქცია დაგეგმილ დროს, 18:00 საათზე, ერეკლეს მოედანზე დაიწყო, აქცია ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. მან თავდაპირველად კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინდა შეკრებილებს და თითოეული მათგანის ღირსებაზეც ისაუბრა. 

 

ბიძინა ივანიშვილს სახელისუფლებო კანდიდატების ღირსებებზე საუბარიც არ დავიწყებია, თუმცა, მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

 

“ძალიან მაგარი დამუხტულები ხართ, ეტყობა, გუშინდელი დღის შემდეგ მუხტი მოგემატათ!”– მიმართა თელაველებს ბიძინა ივანიშვილმა.

 

“ხელისუფლება თავისი მხრიდან ახერხებს და ხშირად საინტერესო და ღირსეულ კანდიდატებს წარმოგიდგენთ, ზოგჯერ ძალადობით, ზოგჯერ შანტაჟით, ზოგიერთი მათგანი კი ლოიალურია ხელისუფლებისადმი და ხელისუფლების სახეს განასახიერებს. არ შეგეშალოთ იცოდეთ, არ შეგეშალოთ და არ დაექვემდებაროთ მათ დღევანდელ ღირსებას და წარსულს, რამეთუ, ისინი ამ გუნდის წევრებად მოიხსენიებიან და ამ მოძალადე ხელისუფლების ნების გამტარებლები არიან. არ გააკეთოთ არასწორი არჩევანი, არ გადახვიდეთ პირადულზე! მე ვიცი, რომ იქ პირადული და ნათესაური დამოკიდებულებებია, ზოგს რაღაც გაუკეთებია თქვენი კუთხისათვის, რაღაც დამსახურება აქვს, მაგრამ არ წახვიდეთ პირადულზე, შეხედეთ თქვენს მომავალს! ის ვინც დღეს სააკაშვილის ცრუ და მოძალადე ხელისუფლებას მხარს უჭერს, იცოდეთ, ის ვერ იქნება თქვენი მეგობარი! ის ვერ იქნება პერსპექტივა თქვენი ქვეყნისა!”.

 

“ქართული ოცნების” ლიდერმა, ასევე, ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველთა მოსყიდვაზე:

 

“მე ისიც ვიცი, რომ ძალიან ბევრ უღირსობებს კადრულობს ჩვენი ხელისუფლება, მე ისიც ვიცი, რომ პირდაპირ ფულებს არიგებენ რაიონებში და მოსყიდვით არიან დაკავებული. არ გაყიდოთ თქვენი ღირსება, თუ ფულს გაძლევენ, აიღეთ, ეს თქვენი ნაძარცვის ნაწილია, რომელიც წაგართვეს და ახლა გიბრუნებენ, ეს შეგიძლიათ ღირსებით აიღოთ. თუმცა, არჩევნების დროს ღირსეულად მოიქეცით და არ გაყიდოთ თქვენი ქვეყნის მომავალი, არ გათითოკაცდეთ იცოდეთ, არ დახურდავდეთ, არ გაყიდოთ თქვენი მომავალი! გაიხსენეთ დიდი ილიას სიტყვები: “ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ–ცალკე გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ნაწილი ვართ ერისა, ამიტომ, ჩვენი წარმატება უნდა ვეძებოთ მთელი ერის წარმატებაში და არა ცალკე”.  ეს ბრძანა დიდმა ილიამ”.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხელისუფლების ახალი პოლიტიკური სახეები “ახალი ფეოდალები” არიან, “ქართული ოცნების” გუნდი კი ხალხის სამსახურში ჩადგება. ივანიშვილის 25–წუთიანი გამოსვლის შემდეგ სცენა გივი ბერიკაშვილმა, ზაზა კოლელიშვილმა და დავით მაღრაძემ დაიკავეს. ამჟამად აქციის მონაწილეებს კვლავ “ქართული ოცნების” ლიდერი მიმართავს სიტყვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი