“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2012 წლის 3 სექტემბერს წინასაარჩევნო პერიოდის მეხუთე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2012 წლის 1-26 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.
“ანგარიშის მე-4 თავი, რომლის დასახელებაა ”საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისას გამოვლენილი დარღვევები”, კოალიცია ”ქართული ოცნების” საარჩევნო ნომრის განსაზღვრის შესახებ სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასებით იწყება.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშის ეს ნაწილი შეიცავს რიგ სამართლებრივ და ფაქტობრივ ხარვეზებს:
1) აღნიშნული შეფასებაში არ არის მითითებული თუ კონკრეტულად საარჩევნო კანონმდებლობის რომელი ნორმა დაარღვია ცესკომ რიგითი ნომრის განსაზღვრის დროს, თუმცა ანგარიშის ეს ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისას გამოვლენილ დარღვევების აღწერის თავშია მოთავსებული;
2) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიეტქტებს ენიჭებათ. შესაბამისად, რიგითი ნომერი განისაზღვრა საარჩევნო ბლოკისათვის ”ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნება” და არა კოალიციისათვის ”ქართულ ოცნება”;
3) ანგარიშში გადმოცემული შეფასება არარსებულ ფაქტებს ეყრდნობა. კერძოდ, ნათქვამია, რომ ”…ცესკომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ისევე როგორც 2010 წელს, საარჩევნო ბლოკებს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომრის გამოყენების უფლება იმ შემთხვევაშიც მისცა, როდესაც მასში შემავალი პარტიები წინა არჩევნებში არ მონაწილეობდნენ. ამასთანავე ხაზგასმულია, რომ ცესკოს წარმომადგენლებთან მათი შეხვედრის დროს, ცესკოს მიერ აღინიშნა, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ანალოგიური სიტუაციის შემთხვევაში ცესკომ საკითხი პოლიტიკური შეთანხმებების გამო დადებითად გადაწყვიტა…” – ნათქვამია ცესკო–ს 9 სექტემბრის განცხადებაში.
ცესკო განმარტავს, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკითხი კანონით დადგენილი წესით გადაწყდა და რიგითი ნომრები, მათ შორის ნომერი 7, წილისყრით განაწილდა, ხოლო 2010 წელს ცესკომ ნორმატიული აქტი – დადგენილება მიიღო, რომლის წინაპირობების შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი განმარტება გააკეთა.
“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პატივს ვცემთ რა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე მიუკერძოებელი და ობიექტური დაკვირვების პრინციპებს და ვაღიარებთ რა ობიექტური დაკვირვების როლს საარჩევნო პროცესში, ვაცხადებთ, რომ რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა თავიანთი შეფასებები უნდა აწარმოონ უტყუარი და სამართლებრივად დადასტურებული ფაქტების საფუძველზე, რისი კარგი მაგალითიც არის აღნიშნულ საკითხზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედურ (3-27 აგვისტო 2012) ანგარიშში რიგითი ნომრის მინიჭების თაობაზე მოცემული სადამკვირვებლო შეფასებები”, – აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.