ახალი ამბები | ,

“მრეწველების” დაფინანსების საკითხზე ცესკოს წინააღმდეგ თავისუფალი დემოკრატების სარჩელის თაობაზე სასამართლო იმსჯელებს

25 ნოემბერი, 2016 | | 1258
“მრეწველების” დაფინანსების საკითხზე ცესკოს წინააღმდეგ თავისუფალი დემოკრატების სარჩელის თაობაზე სასამართლო იმსჯელებს

ხვალ, 26 ნოემბერს, 11 საათზე, საქალაქო სასამართლო განიხილავს “თავისუფალი დემოკრატების” სარჩელს ცეესკოს წინააღმდეგ. თავისუფალი დემოკრატები ითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის იმ განკარგულების გაუქმებას, რომლითაც, მათი თქმით, “კანონის დარღვევით მოხდა პოლიტიკური პარტიებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ოდენობების განსაზღვრა”.

“ამ განკარგულებით ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ“ მოიპოვა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი და დაფინანსებასთან ერთად მიეცა შესაძლებლობა, ყველა დონის საარჩევნო კომისიებში ,,თავისუფალი დემოკრატების“ ნაცვლად დანიშნოს კომისიის წევრი”, – აცხადებს ფეისბუკზე თავისუფალი დემოკრატების ლიდერი თამარ კეკენაძე.

ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობების განსაზღვრის შესახებ განკარგულება ცესკომ 22 ნოემბერს გამოსცა.

“მრეწველები” საბიუჯეტო დაფინასნებას მიიღებენ,  მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 0.78% მიიღო და პარლამენტში მხოლოდ ერთი წევრი შეიყვანა. ამ საკითხზე განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: საერთაშორისო გამჭვირვალობამ, საიამ და სამართლიანმა არჩევნებმა.

არასამთავრობოების განცხადებით, ცესკოს განკარგულება წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან და პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსაფუძვლოდ აყენებს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას –  „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.“

ორგანიზაციები ამბობენ, რომ კანონის არასწორი გამარტების პირობებში, პარტია, რომელმაც ვერ გადალახა კანონით დადგენილი 3%-იანი ბარიერი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაფინანსება ვერ მოიპოვა, მიიღებს დამატებით დაფინანსებას 300 000 ლარის ოდენობით და საარჩევნო ადმინისტრაციებში კომისიის წევრის ყოლის უფლებასაც მოიპოვებს. ამის გამო „თავისუფალი დემოკრატები“, რომელმაც გადალახა კანონით დადგენილი 3%-იანი ბარიერი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაფინანსებაც მოიპოვა, საარჩევნო ადმინისტრაციებში კომისიის წევრის ყოლის უფლებას დაკარგავს.

“გამოდის, რომ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით ხდება ორი არჩევნების შედეგების დაჯამება ერთი პარტიის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტთან. ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, პარტიას აქვს არჩევანის გაკეთების უფლება: დაფინანსების მისაღებად გამოიყენოს უკანასკნელი საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მრეწველთა პარტია უალტერნატივოდ იყენებს ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს დაფინანსების მისაღებად, ვინაიდან, როგორც უკვე ითქვა, ამ პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით დაფინანსება ვერ მოიპოვა,”- აცხადებენ არასამთავრობოები.

რაც შეეხება დანამატს პარლამენტში ფრაქციის შექმნის გამო, განცხადების თანახმად, ფორმულით, რომელიც პარტიებისათვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობის გამოსათვლელად გამოიყენება, დამატებით 300 000 ლარის მიცემა არის შესაძლებელი იმ პარტიისათვის, რომელიც „..ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული იყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომლის წევრიც არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, თუ ის შექმნის საპარლამენტო ფრაქციას.“

მათივე განცხადებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე, მრეწველების პარტიიდან ცესკოში შესული კორესპონდენციის საფუძველზე, ცესკომ უპარტიო კანდიდატი შემაჯამებელ ოქმში პარტიულად მოიხსენია.

“მიმდინარე წლის 18 ნოემბერს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ორი ფრაქცია შეიქმნა: „ქართული ოცნება“, და „ქართული ოცნება – მრეწველები.“ მეორე ფრაქციაში „ქართული ოცნების“ ხუთი და საარჩევნო ბლოკის „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ მიერ წარდგენილი ერთი მაჟორიტარი დეპუტატი შევიდა. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით უნდა ჩაითვალოს ეს ფრაქცია პარტიის„ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მიერ შექმნილად. ასევე ბუნდოვანია ჩანაწერი „თუ იგი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას“, რადგან კანონი არ განმარტავს, თუ როდის ითვლება ფრაქცია კონკრეტულად ერთი პარტიის მიერ შექმნილად,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი