“მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ანუ 2017, 2018, 2019, 2020 წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 800 კილომეტრის ჩქაროსნული ესტაკადების, გვირაბების და ასევე რეგიონებთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობას”, – ეს განცხადება დღეს პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ალავიძემ გააკეთა. მან ჯერ დეპუტატებს წარუდგინა თავისი გეგმები გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე, ხოლო შემდეგ კომენტარი მედიისთვისაც გააკეთა.
ჟურნალისტების კითხვას, რა თანხა დასჭირდება, ჯამში, მის მიერ დასახელებული ღონისძიებების უზრუნველყოფას და საიდან მოიძიებს ამ თანხას მთავრობა, ალავიძემ ასე უპასუხა:
“წინა წლების განმავლობაში დაახლოებით 60-80 კილომეტრის გზა იგებოდა და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს რიცხვი 200-მდე და ცოტა უფრო მეტამდეც ავიდეს. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს მსხვილი ინფრასტრუქტურლი პროექტების მართვის და მენეჯმენტის კუთხით.
რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ძირითადი დაფინანსება გვექნება საერთაშორისო ინსტიტუტების წყაროებიდან: ეს არის აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ახლად შექმნილი ბანკი აი-აი-ბი, ქუვეითის ფონდი. ნაწილობრივი დაფინანსება მოხდება საბიუჯეტო სახსრებიდან და ნაწილობრივ- კერძო საჯარო პარტნიორობის საწყისებზე. ზუსტ თანხებს ამ ეტაპზე ვერ დაგისახლებთ, თუმცა შემიძლია მთლიანი თანხა გითხრათ, რომ დაახლოებით 3.5 მილიარდდოლარიან ინვესტიციას ვგეგმავთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ალავიძემ.