ახალი ამბები

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი წარადგინა

24 ნოემბერი, 2016 • 1988
პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი წარადგინა

დღეს, 24 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისთვის შერჩეული 3 კანდიდატი — არჩილ მესტვირიშვილი, მურთაზ კიკორია და რობერტ სინგლეტარი წარადგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამ წევრს უფლებამოსილების ვადა 3 დეკემბერს ეწურება. „შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი წუთით არ დაუშვათ, რომ რაიმე ტიპის რისკის ქვეშ დადგეს ეროვნული ბანკის გამართული ფუნქციონირება და მნიშვნელოვანია, რომ ეს სამივე ვაკანტური თანამდებობა სწრაფად იქნას შევსებული და დაკავებული“, – აღნიშნა 24 ნოემბერს ბრიფინგზე გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 24 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, შოთა გვენეტაძეს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა. კანდიდატურებთან შეხვედრისა და მათი დეტალურად განხილვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების- არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიას და რობერტ სინგლეტარის პარლამენტისათვის წარდგენასთან დაკავშირებით, – იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

„ჩვენ ცალსახა კრიტერიუმები გვაქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით – ეს ადამიანები უნდა იყვნენ პროფესიონალები ფინანსების და ეკონომიკის სფეროში, უნდა იყვნენ თავისუფალი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან და აცნობიერებდნენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, არჩილ მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტია, რომელსაც ეროვნული ბანკის წევრობის ვადა დეკემბერში ეწურება. მურთაზ კიკორია დღემდე „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, მანამდე კი „საქართველოს ბანკის“ ფინანსური დირექტორის პოზიცია ეკავა. რობერტ სინგლეტარი კი 2002- 2008 წლებში ფინანსური სექტორის განვითარების პროექტების დირექტორად მუშაობდა – 3 წელი მაკედონიის ფინანსური სექტორის პროექტში, 5 წელი კი- სომხეთის ფინანსური სექტორის პროექტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი