2012 წლის 3 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეთანხმების საფუძველზე, პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენად მაია მერედოვა დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
როგორც ამავე განცხადებაშია ნათქვამი, მაია მერედოვა 2006 წლიდან მუშაობდა „პროკრედიტ ბანკი საქართველო”-ში. 2010-2012 წლებში იყო „პროკრედიტ ბანკი საქართველო”-ს გენერალური დირექტორი. 2004-2005 წლებში იგი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონსულტანტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2002-2004 წლებში მუშაობდა აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის კონსულტანტად კერძო და საფინანსო სექტორის განვითარების სფეროში.
2000-2002 წლებში მაია მერედოვას დამთავრებული აქვს ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრატურა, ხოლო 1997-2000 წლებში – დიდი ბრიტანეთის დურჰემის ბიზნეს-სკოლის ბაკალავრიატი. მაია მერედოვა დაოჯახებულია და ჰყავს ერთი შვილი.
საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობა ბოლო თვენახევრის მანძილზე ვაკანტური იყო. ყოფილი ბიზნეს ომბუდმენი გიორგი პერტაია საინვესტიციო სააგენტოს მიმდინარე წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს.