ახალი ამბები

ჯეჯელავა: თვითმმართველობა სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია [ვიდეო]

24 ნოემბერი, 2016 • 1225
ჯეჯელავა: თვითმმართველობა სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია [ვიდეო]

განათლების მინისტრობის კანდიდატმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ  უნივერსიტეტის ავტონომიასა და თვითმმართვლობას მხარს უჭერს.

“თვითმმართველობა სტუდენტური ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და მხარს ვუჭერ, რომ თვითმმართველობა მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესებში. ასევე მხარს ვუჭერ მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, უნივერსიტეტების ავტონომიას. ჩვენ მომავალში განათლების კომიტეტთან ერთად განვიხილავთ კანონის ამ ასპექტს თვითმმართველობების შესახებ. ვთვლით, რომ დღეს ყველა სტუდენტს აქვს უფლება, აზრი თავისუფლად გამოხატოს, შექმნას ორგანიზაციები, მიიღოს დაფინანსება და ა.შ. თუმცა ეს კანონი დახვეწას მოითხოვს,” – ამბობს მინისტრობის კანდიდატი.

ჯეჯელავას განცხადებით, სკოლების სრული დეპოლიტიზება ვერ ხერხდება.

“ნაციონალურმა მოძრაობამ ისეთი პოლიტიზირებული სისტემა შექმნა, რომლის სრულად დეპოლიტიზაცია ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. საპარლამენტო არჩევენებზე სკოლების, რესურსცენტრების და ადმინსიტრაციული რესურსის მონაწილეობა გამოვრიცხეთ და    ცალკეულ შემთხვევებში, სადაც ფუნქციონერებმა დაარღვიეს ეს, ვაპირებთ რეაგირება მოვახდინოთ,” – აღნიშნა ჯეჯელავამ.

აღნიშნული განცხადება ჯეჯელავამ დღეს, 24 ნოემბერს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ  სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები შესაბამისი პროფილის მინისტრებს უსმენენ.

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა”  განხილვა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი