“სამწუხაროდ, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები გადაუჭრელი დარჩა 1 ოქტომბრის არჩევნების წინ, მოგეხსენებათ, ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ შევთავაზეთ ხელისუფლებას პრაქტიკულად ყველა ამ პრობლემის მოგვარების გზა, ამომრჩეველთა ბიომეტრიული აღრიცხვა, რომელიც არ იქნა გაზიარებული. 6 თვის წინ ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია, თუმცა ესეც არ იქნა გაზიარებული და სანაცვლოდ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადი პრობლემების გადაჭრა ვერ მოახერხა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ საკანონმდებლო ბაზა დარჩა უცვლელი და ნაწილობრივ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, არ იყო პოლიტიკური ნება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის განცხადებით, ორი ძირითადი პრობლემა ე.წ. მიწერილი ამომრჩეველი და უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლების საკითხია.
“გადაუჭრელია ე.წ. მიწერილი ამომრჩევლის თემა, ის ადამიანები, ვინც მოიხსნენ რეგისტრაციიდან, კვლავ რჩებიან სიაში, ეს არის ჯამში 200 000-მდე ადამიანი. ასეთ ადამიანებს უნდა მისცემოდათ წინადადება, რომ დარეგისტრირებულიყვნენ სადმე და ამ შემთხვევაში იქნებოდნენ სიაში, მაგრამ ეს არ გაკეთდა”, – განაცხადა უსუფაშვილმა, მისი თქმით, გაცილებით დიდი პრობლემა უცხოეთში ლეგალურად თუ არალეგალურად მყოფი ადამიანები არიან.
“დღეს ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი იმყოფება უცხოეთში ისე, რომ მათ არ ეძლევათ ხმის მიცემის საშუალება, მეორე მხრივ ისინი არიან შეტანილი სიაში საქართველოში არსებულ უბნებში. მიწერილ ამომრჩევლებთან ერთად, ეს ყველაფერი ქმნის დაახლოებით 700 000-მდე ისეთ ჩანაწერს, რომლის გამოყენებაც საარჩევნო სიების გაყალბებისთვის შეუძლია ხელისუფლებას, ყალბი პირადობის მოწმობების გაცემით და მათ ნაცვლად ხმის მიცემით””, – აღნიშნა უსუფაშვილმა:
“არალეგალურად უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს ის ხელისუფლება, რომლმაც თავი მოიკლა იმისთვის, რომ ხმის უფლება გარანტირებული ჰქონდეთ დამნაშავეებს, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იმყოფებიან საპატიმრო ადგილებში, სად არის ლოგიკა, დამნაშავის პოლიტიკურ უფლებებზე ვზრუნავთ და ვინც აქაურ სიდუხჭირეს გაექცა საზღვარგარეთ, იმათზე არა”, – განაცხადა უსუფაშვილმა, მან ასევე ისაუბრა იმ ამომრჩევლებზე, ვინც ლეგალურად ცხოვრობს საზღვარგარეთ და ხმის მიცემის საშუალება აქვს, უსუფაშვილის თქმით დღემდე მოუგვარებელია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების თემა:
“უბნების რაოდენობა ძალიან მცირეა, იქ მცხოვრებ ადამიანებს ასობით კილომეტრის გავლა უწევთ ხმის მისაცემად და იმის გათვალისწინებით რომ ორშაბათი საქართველოს გარდა ყველა სხვა ქვეყანაში სამუშაო დღეა, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი არჩევნებზე მისვლას ფიზიკურად ვერ მოახერხებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კოალიცია “ქართული ოცნება” ხელისუფლებას პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თხოვნით მიმართავს, უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებს რეგისტრაციის ვადა გაუგრძელონ. დავით უსუფაშვილის განცხადებით მიუხედავად ყველა პრობლემისა კოალიცია შეეცდება საკუთარი გადამოწმებული სიების გამოყენებით გააკონტროლოს სიტუაცია არჩევნების დღეს და უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნების ჩატარება.