თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის რწმუნებულის, მორის პარკინაშვილის განცხადებით, 5 სექტემბრის 11:30 საათის მონაცემებით, მდგომარეობა ლოპოტის ხეობაში უცვლელია და სამართალდამცავები სოფელ ლაფანყურის გავლით ლოპოტის ხეობისკენ როტაციის მიზნით გადაადგილდებიან.
მორის პარკინაშილისვე ცნობით, ლაფანყურში ამ დროისათვის სიმშვიდეა და სოფელი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრებს. სამართალდამცავთა ინტენსიური გადაადგილება ლოპოტის ხეობაში მხოლოდ წუხელ შეინიშნებოდა. ლაფანყურის რწმუნებული ამბობს, რომ სპეცოპერაციის ჩასატარებლად ხეობაში რამდენიმე დღის წინ დარჩენილი სამართალდამცავთა ქვედანაყოფი, ახალმა ჯგუფმა ჩაანაცვლა.
შეგახსენებთ, რომ შსს–ს ოფიციალური ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების მოტივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 აგვისტოს, ღამით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ლოპოტის ხეობაში, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სპეცოპერაციაში მონაწილეობა ასეულობით სამართალდამცავმა მიიღო და მისი ძირითადი ფაზა 30 აგვისტოს დასრულდა. შედეგად, მოკლულია შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი, 6 მათგანს კი სამართალდამცავები უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 4 სექტემბერს არ დაადასტურა ერთ–ერთი სააგნეტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიარაღებული ჯგუფის 2 წევრის დაკავების შესახებ.
3 სექტემბერს შსს–მ გაახმაურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირებულია 7 მოკლული, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა პანკისის ხეობიდან, 5 კი–რუსეთის, ჩრდილოეთ კავკასიიდან. შსს–ს 3 სექტემბრამდე კატეგორიულად უარყოფდა მოკლულ დივერსანტთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის ფაქტს და მათ რაიმე კავშირს პანკისის ხეობასთან.