ახალი ამბები

აშშ არ აღიარებს რუსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ხელშეკრულების კანონიერებას

23 ნოემბერი, 2016 • 1498
აშშ არ აღიარებს რუსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ხელშეკრულების კანონიერებას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვსა და სოხუმს შორის სამხედრო შეთანხმების რატიფიკაციას ეხმაურება და მოუწოდებს რუსეთს, გაითვალისწინოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების პირობები.

დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციით,  პრესს სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე 2015 წლის ნოემბერში დადებული შეთანხმების რატიფიკაციას.

“ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირებას. ჩვენ არ ვცნობთ ამ ე.წ. “ხელშეკრულებას”, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას.

შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რჩება იგივე: ეს რეგიონები არიან საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები, გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და ხელმისაწვდომი გახადოს ამ რეგიონებისათვის ჰუმანიტარული დახმარება,” – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 22 ნოემბერს მოაწერა ხელი კანონს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. შეთანხმების შესახებ რატიფიცირებას. შეთანხმება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას გულისხმობს და მისი რატიფიკაცია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ 2 ნოემბერს მოახდინა. რატიფიკაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგი უკანონო ეპიზოდი უწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი