ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმების რატიფიკაციის წლისთავს საქართველოს საგარეო ეხმაურება

3 ნოემბერი, 2016 • 1809
მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმების რატიფიკაციის წლისთავს საქართველოს საგარეო ეხმაურება

“დოკუმენტის ხელმოწერითა და ერთი წლისთავზე მისი რატიფიკაციით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით”, – ავრცელებს განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება.

2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე 2015 წლის ნოემბერში დადებული შეთანხმების რატიფიკაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგი უკანონო ეპიზოდი უწოდეს.

“მსგავსი გაერთიანების შექმნას ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. მთელი ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დადგენილ საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა”.

საქართველოს ხელისუფლება, როგორც საგრეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გააგრძელებს ძალისხმევას ყველა საერთაშორისო ფორმატში დასავლელ პარტნიორებთან ორმხრივ ურთიერთობებსა თუ მრავალმხრივ დიპლომატიაში რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის უკანონო ქმედებებს და შესაბამისი ზომები მიიღოს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი