ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტი ხელისუფლებას გააკონტროლებს

22 ნოემბერი, 2016 • 1062
არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტი ხელისუფლებას გააკონტროლებს

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით, პარლამენტი ხელისუფლებას ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ განვითარებაში.

“დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენილ  პროგრამულ პრიორიტეტებს სწრაფი განვითარების რეჟიმში  შეასრულებს განახლებული მთვრობა.  პარლამენტი საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარების კუთხით ხელს შეუწყობს მთავრობას, რომ სწრაფი განვითარება იყოს უზრუნველყოფილი, ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდეს, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და მოხდეს კეთილდღეობის,  სოციალური დაცვის სისტემების შემდგომი გაუმჯობესება,” – აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების საქმიანობაზე ჯეროვანი საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება.

დღეს, 22 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სამინისტროების უმრავლესობას ცვლილებები არ შეეხება, თანამდებობებს ტოვებენ ნოდარ ხადური და ნოდარ ჯავახიშვილი. რაც შეეხება ახალ სახეებს, კვირიკაშვილმა მინისტრობის კანდიდატობის 3 ახალი წევრი წარადგინა- ვიქტორ დოლიძე, ზურაბ ალავიძე და გიორგი გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი