ახალი ამბები

პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში გოგონების გენიტალიების დასახიჩრება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

22 ნოემბერი, 2016 • 1555
პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში გოგონების გენიტალიების დასახიჩრება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტამბულის კონვენციას ახალი მუხლი დაემატა, რომლის თანახმადაც, გოგონების გენიტალიების დასახიჩრება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კონვენციის რატიფიკაციას მხარს დაუჭერს:

“[კონვენციაში] ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ჩავამატეთ ახალი მუხლი, რომელიც ეხება ქალის გენიტალიების დამახინჯებას, თუკი ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს. იქნება ცალკე მუხლი, რომ ე.წ. გოგონების წინადაცვეთა სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში. გვინდა, რომ რამდენიმე მაგალითი, რაც არსებობს საქართველოში, ორ თუ სამ სოფელში, ესეც სასწრაფოდ აღმოიფხვრას”,- განაცხადა წულუკიანმა მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის შემდეგ.

საქართველომ ჯერ კიდევ 2014 წელს მოაწერა ხელი ევროსაბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე“, სადაც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალების დასახიჩრებას“. კონვენცია სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ დასახიჩრების პრაქტიკა – როგორც განხორციელება, ისე წაქეზება, გარიგება ან იძულება- კრიმინალიზებული იყოს (მუხლი 38), თუმცა საქართველოში ამ დრომდე არ მომხდარა კონვენციის რატიფიცირება.

კახეთის სამ სოფელში გოგონების გენიტალიების დასახიჩრების ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაგამოძიებო სამუშაოებს აწარმოებს. ამ ეტაპზე გამოძიება რომელიმე კონკრეტული მუხლით არ მიმდინარეობს. მოკვლევის პროცესშია ჯანდაცვის სამინისტრო.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (თივი, სარუსო და ჩანთლისყურე) ადგილობრივი მოსახლეობა მედიასთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან საუბარში ადასტურებენ, რომ გოგონათა წინადაცვეთის პრაქტიკა არსებობს, რომელსაც, სახალხო დამცველის ცნობით, ადგილობრივები „ნათლობას“ უწოდებენ. აღნიშნული პრაქტიკა თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაცია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი