სამართალი

ქალთა წინადაცვეთა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

24 იანვარი, 2017 • 3778
ქალთა წინადაცვეთა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

საქართველოს იუსტიციის მინიატრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 133 სეკუნდა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ქალთა წინადაცვეთის კრიმინალიზაციას.

ეს განცხადება თეა წულუკიანმა 24 იანვარს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციოდ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. სხვა საკითხებთან ერთად ეს პაკეტი მოიცავს ქალთა წინადაცვეთის კრიმინალიზაციასაც.

“ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება გამსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა. ქალთა წინადაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული და ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით, ან მის გარეშე, სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არსრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა,”- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (თივი, სარუსო და ჩანთლისყურე) ადგილობრივი მოსახლეობა მედიასთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან საუბარში ადასტურებს, რომ გოგონათა წინადაცვეთის პრაქტიკა არსებობს, რომელსაც, სახალხო დამცველის ცნობით, ადგილობრივები „ნათლობას“ უწოდებენ. აღნიშნული პრაქტიკა თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაცია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დამოვლინდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი