ანგარიში 3-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.
NDI-ის სადამკვირვებლო მისია შუალედური ანგარიშის დასკვნაში აღნიშნავს, რომ ორ უდიდეს საარჩევნო სუბიექტს შორის (“ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) პოლარიზაცია იზრდება იმ რიტორიკის შედეგად, რომელშიც ოპონენტები ერთმანეთს – ერთის მხრივ, საქართველოს სუვერენიტეტისთვის და, მეორეს მხრივ, დემოკრატიულობისთვის ფუნდამენტურ საფრთხედ წარმოაჩენენ.
“ეს რიტორიკა ამძაფრებს საარჩევნო გარემოს მიმართ უნდობლობას და განპირობებულია როგორც მმართველი პარტიის, ისე „ქართული ოცნების“ ქმედებებით, რაც, თავის მხრივ, ქმნის მცდარ წარმოდგენებს და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს. მთავრობა ვალდებულია, სამართლიანი საარჩევნო კანონები მიიღოს და ისინი მიუკერძოებლად აღასრულოს. ხოლო ოპოზიცია ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს”, – ნათქვამია აშშ–ს ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის ანგარიშში.
NDI საარჩევნო გარემოს შეფსებისას აღნიშნავს, “რჩება შთაბეჭდილება, რომ ჭორები და დაუსაბუთებელი ბრალდებები კანდიდატების, პარტიებისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტირების მიზნით კამპანიის ხერხებად გამოიყენება”.
“ქართული ოცნების“ მიერ მათი მომხრეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად წარმოდგენილმა ვიდეომ ცხადყო, რომ ძალადობას მართლაც ჰქონდა ადგილი კარალეთისა და მერეთის ინციდენტებში, თუმცა იმავე ვიდეოში არ ჩანს, თუ ვინ მოახდინა კონფლიქტის ინიცირება. „ქართული ოცნების“ ორმა ფართომასშტაბიანმა აქციამ ბათუმსა და რუსთავში ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა კვლავ გრძელდება ცალკეული ძალადობრივი ინციდენტები. ეს ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ორი უდიდესი საარჩევნო სუბიექტი ერთმანეთის მტერია და არა პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ან საარჩევნო ოპონენტი. ორივე მხარემ გვერდზე უნდა გადადოს მტრობა და მოახდინოს ძალადობის პრევენცია, ხოლო ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს კანონის თანაბარი აღსრულება და კანონდამრღვევთა დასჯა”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი პოლიტიკურ მხარეებს მოუწოდებს, რომლებიც საუბრობენ მიუკერძოებელი ადმინისტრაციის, სოფლის რწმუნებულების ან პოლიციის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლისა და კანონის აღსრულების საკითხებზე, რომ წარმოადგინონ ადეკვატური დოკუმენტაცია თავიანთი ბრალდებების გასამყარებლად.
შუალედური ანგარიში ასევე ეხება უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობასაც.
“კომისია უწყებათაშორისი ორგანოა და არა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც გააჩნია ფორმალური აღსრულების მექანიზმები. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება სასამართლო ზედამხედველობას.
“13 აგვისტოს შემდეგ უწყებათაშორისი კომისია გამოეხმაურა მედიაში გასულ რეპორტაჟს სახელმწიფო შენობებში პარტიის სააგიტაციო მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აღნიშნული ფაქტების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა. შედეგად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ორი პირი დააჯარიმა; მესამე საქმე კი რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება”, – აღნიშნულია ანგარიშში.
თუმცა, NDI აქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ ზოგიერთ ბრალდებაზე მყისიერი რეაგირების უნარი გამოავლინა, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კრიტიკულად აფასებს, თუ რა დროს ანდომებს ეს უწყება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ბრალდებებზე რეაგირებას.
“არსებობს გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა წარმოადგენს კანონის დარღვევას და რა არის სამთავრობო რესურსის კანონიერი ხარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი ბრალდება კამპანიის ღონისძიებების ჩასატარებლად სამთავრობო რესურსების – შენობების, ტელეფონებისა თუ მანქანების – გამოყენების შესახებ, ოპოზიციური პარტიები ასევე კრიტიკულად უდგებიან ბოლო წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებში მთავრობის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს და ახალი გზებისა და ხიდების მშენებლობას, განვითარებას და გაზრდილ საპენსიო პროგრამებს ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების მაგალითად აღწერენ. ისინი ამ პროგრამებს მიიჩნევენ სახელმწიფოს მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად. მთავრობის, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრისას იკვეთება, რომ არ არსებობს ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ სად გადის ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის”, – ამბობს NDI.
შუალედურ ანგარიშში ყურადღება დათმობილი აქვს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხებსაც.
“მიუხედავად ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხრიდან გავლებული პარალელებისა – “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონის დარღვევის და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე – რჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება კანონის შერჩევითი აღსრულება, ხოლო დაკისრებული ჯარიმები არ არის პროპორციული”.
NDI–ის მისიის წევრებმა 24 ოლქი მოინახულეს და ჩაატარეს 120–ზე მეტი შეხვედრა მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
არჩევნების დღის მიმდინარეობას NDI დაახლოებით 20 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება.