ახალი ამბები

დღეიდან მთავრობა დაზღვევის ახალი პროგრამის ამოქმედებას იწყებს

1 სექტემბერი, 2012 •
დღეიდან მთავრობა დაზღვევის ახალი პროგრამის ამოქმედებას იწყებს

“აღნიშნულის შედეგად, 1 სექტემბრიდან დაზღვეულთა საერთო რაოდენობა 2.4 მილიონი მოქალაქე იქნება, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობის მკვეთრი ზრდა არის მოსალოდნელი”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

1 სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 31 აგვისტოს სპეციალური თათბირი გამართა, რომელსაც სადაზღვევო კომპანიების, წამყვანი კლინიკების და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თათბირზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის ახალი სამთავრობო პროგრამის ამოქმედების შედეგად, 1 სექტემბრიდან მკვეთრად გაიზრდება სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობა და კლინიკებს მიაკითხავს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლებლობის არქონის გამო, ექიმთან 10-15 წელია არ ყოფილა.

ვანო მერაბიშვილის თქმით, კლინიკები და სადაზღვევო კომპანიები აღნიშნულ გამოწვევას მომზადებულები უნდა შეხვდნენ და ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად მხარში უნდა ამოუდგეს მათ.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ტრენინგი ჩაუტარა 300 ადამიანს, რომლებიც განთავსდებიან ყველა კლინიკაში და ხელს შეუწყობენ არა მარტო რიგების მართვას, არამედ განუმარტავენ ახლად დაზღვეულებს პოლისის გამოყენების წესს.

ჭიაბერაშვილის თქმით, მისი უწყება მზად არის გაუმკლავდეს ყველა იმ პრობლემას, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ჯანდაცვის სისტემაში, მას შემდეგ, რაც იგი 1 სექტემბრიდან დაზღვეულების ახალ ნაკადს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი